GE

რას უსურვებს განათლების კომიტეტი განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებსა და EDU.ARIS.GE-ს საახალწლოდ

2021 წელი არც განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის ყოფილა მარტივი და არც ჩვენთვის, მედიისთვის, რომელის ერთადერთი სფერო გაშუქებისა და დაკვირვების თვალსაზრისით, სწორედ განათლებაა.

გასული წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტთან და კონკრეტულად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ჩვენი ნაყოფიერი მუშაობისა და მათი მხრიდან რაციონალური თანამშრომლობის გათვალისწინებით, სწორედ განათლების კომიტეტის მმართველებს ვთხოვეთ 2022 წლის სურვილები გაეზიარებინათ როგორც განათლებაში დასაქმებული EDU.ARIS.GE-ს მკითხველების, ასევე თავად ჩვენი მედიასაშუალების მისამართით:

შალვა პაპუაშვილი, ინტერვიუს ჩაწერის მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარე: განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვუსურვებ ჯანმრთელობას და პანდემიის პირობებში საკუთარი პროფესიის სრულად განხორციელების შესაძლებლობას. ვუსურვებ, რომ ამ პროფესიისგან 2022 წელს და ზოგადად, სიამოვნება მიეღოთ.

რაც შეეხება EDU.ARIS.GE-ს, ვუსურვებ რომ დარჩეს ისეთი ოპერატიული, როგორიც თქვენ ხართ. ვაკვირდები თქვენს გამოცემას და ფაქტობრივად, განათლების და მეცნიერების მიმართულებით ყველაზე ოპერატიულ და მოცულობით ინფორმაციას ავრცელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე დარგობრივად ორიენტირებული მედიასაშუალება არსებობს, ამ კუთხით განათლების სფერო ნამდვილად განებივრებულია.

გიორგი ამილახვარი, ინტერვიუს ჩაწერის მომენტისთვის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამჟამად მომავალი კომიტეტის თავმჯდომარე:

საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ ადამიანებს, პირველ რიგში, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და მეტი ენერგია. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე ღირსეული საქმიანობა, რაც კი ადამიანს შეუძლია – რომ ცოდნა გადასცე მომავალ თაობას. ამიტომ მათ ვუსურვებ, რომ არ გაჩერდნენ, შეიძინონ ახალი ცოდნა და გადასცენ სწავლა-სწავლების პროცესში როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში ჩვენს მომავალ თაობას და ასევე ვუსურვებ, რომ მეტად მოვინდომოთ და დავინტეგრირდეთ ევროპული განათლების სისტემასა და მათ პრინციპებთან, რომელიც საბოლოო ჯამში, უფრო მაღალი ხარისხის განათლებას მოგვიტანს.

რაც შეეხება EDU.ARIS.GE-ს, ერთერთი გამორჩეული პორტალია, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განათლების სისტემაში ყველა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხზე ობიექტურ ინფორმაციას აწვდის. ამიტომ, გისურვებთ, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით, კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდეთ სხვადასხვა პრობლემაზე, ვინაიდან თქვენ მიერ ამოწეული საკითხი შემდგომ ედება საფუძვლად თუნდაც კომიტეტის, თუნდაც სამინისტროს ან საზოგადოების სხვადასხვა წევრების რეაგირებას განათლებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს თქვენნაირი პორტალი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხს ამოწევს და ყურადსაღებს გახდის საზოგადოებისთვის.

თამარ ტალიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვისურვებდი, შევძლოთ მათი ღირსეული დაფასება. ვუსურვებდი, ჰქონდეთ ხალისი იმის კეთების, რაც გულისხმობს ბავშვებში და ახალგაზრდებში ცოდნის სიყვარულის გაღვიძებას, რაც რთულია. მე ამ ადამიანებს ასეთ ხალისს და სკოლასა და უნივერსიტეტში წასვლის სიხარულს ვუსურვებ. ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ჰქონდეთ.

EDU.ARIS.GE-ს გისურვებთ ძალიან ბევრი „სუპერ“ ინფორმაცია გამოგექვეყნებინოთ თქვენს ვებ გვერდზე და ასევე თქვენ გქონოდეთ „სუპერ“ განწყობა იმისათვის, რომ ამ ძალიან კარგ ინფორმაციებს ასევე ლამაზად დაუთმოთ თქვენი პლათფორმა. ჯადოსნურ 2022 წელს გისურვებთ.

საგანმანათლებლო ამბების პორტალი EDU.ARIS.GE– ულოცავს ჩვენს რესპონდენტებს ახალ წელს, გვსურს კომიტეტის მიერ განხილულმა საკითხებმა, დაყენებულმა ინიციატივებმა თუ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააუმჯობესოს ქართული განათლების სისტემა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური