GE

რატომ არ იციან თანამედროვე ბავშვებმა სწავლა, ლოდინი და რატომ ვერ იტანენ ისინი მოწყენას – ერგოთერაპევტი მშობლებს მიმართავს

მრავაწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ერგოთერაპევტი ვიქტორია პრუდი თვლის, რომ ბევრ ასპექტში თანამედროვე ბავშვების ქცევები უარესდება. ყველა შემხვედრი მასწავლებლისგან მას ერთი და იგივე რამ ესმის. პედაგოგების აზრით, ახლანდელი ბავშვების სოციალური, ემოციური და აკადემიური აქტივობები რადიკალურად ეცემა. ერგოთერაპევტის თქმით, ადამიანის ტვინი ძალიან დამყოლია. გარე ფაქტორების დახმარებით ადამიანს შეუძლია ის უფრო ,,ძლიერი“ ან ,,სუსტი“ გახადოს. ვიქტორია პრუდის თქმით, მშობლების საუკეთესო მოტივების მიუხედავად, ისინი თავიანთი შვილების ტვინებს არასწორი მიმართულებით ავითარებენ.

და აი რატომ:

1.ბავშვები იღებენ ყველაფერს რაც უნდათ და როდესაც უნდათ

,,მშია!“-,,ახლავე გიყიდი რამეს წასახემსებლად“. ,,მწყურია!“-,,აი სასმელების აპარატი“. ,,მოვიწყინე!“-,,აიღე ჩემი ტელეფონი“.

წარმატების მიღწევის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გადადების უნარი წარმოადგენს. ყველა მშობელს სურს თავისი შვილის გაბედნიერება, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ ხანმოკლე პერსპექტივაზე ფიქრობენ. საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გადადების უნარი სტრესის მდგომარეობაში ფუნქციონირების შესაძლებლობას ნიშნავს. ამგვარად, ბავშვები მზად უმნიშვნელო სტრესული სიტუაციებისთვისაც კი არ არიან, რაც თავის მხრივ, წარმატების მიღწევისთვის უზარმაზარ დაბრკოლებას ქმნის.

2.შეზღუდული სოციალური ურთიერთქმედება

დროის უქონლობის გამო, მშობლები თავიანთ შილებს გასართობად სხვადასხვა გაჯეტს აძლევენ. ადრე ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, სადაც ექსტრემალურ პირობებში თავიანთ სოციალური უნარებს ავითარებდნენ. სამწუხაროდ თანამედროვე ტექნოლოგიებმა სუფთა ჰაერზე სეირნობა ჩაანაცვლეს. მშობლებისა და შვილების ურთიერთობაც უფრო ხანმოკლე გახდა. ტელეფონი, რომელიც ხშირად მშობლის მაგივრობას წევს, ბავშვს სხვა ადამიანებთან კონტაქტს ვერ ასწავლის. წარმატებული ადამიანების უმრავლესობას კი, კარგად განვითარებული სოციალური უნარები აქვთ.

ადამიანის ტვინი კუნთს ჰგავს, მას სწავლა და ვარჯიში სჭირდება. თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენს შვილს დაცდა შეეძლოს, მას მოთმინება უნდა ასწავლოთ. სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად კი, მისი სოციალიზაციაა საჭირო.

3.დაუსრულებელი მხიარულება

მშობლები შვილებისთვის ხელოვნურ სამყაროს ქმნიან. მასში მოწყენილობა არ არსებობს. როგორც კი ბავშვი იწყენს, მშობელი თავქუდმოგლეჯილი მის გასართობად იმიტომ გარბის, რომ ეს მთავარი მოვალეობა ჰგონია. ამგვარად, სხვადასხვა თაობის ადამიანები ორ სამყაროში ცხოვრობენ: ბავშვები ,,მხიარულების“, უფროსები კი ,,შრომის სამყაროში“.

რატომ არ გვეხმარებიან ბავშვები სამზარეულოში? რატომ არ ალაგებენ თავიანთ სათამაშოებს? ეს მარტივი და მონოტური სამუშაო ბავშვის ტვინის სავარჯიშოდ გამოდგება. როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან და წერის შესწავლას იწყებენ, ისინი ბევრ სირთულეს აწყდებიან. მათი აზრით, ეს პროცესი ძალიან მოსაწყენი და შრომატევადია. ამ ყველაფრის მიზეზი კი დაუსრულებელი მხიარულებაა, რომელსაც ბავშვები მშობლებმა მიაჩვიეს.

4.ტექნოლოგიები

თანამედროვე გაჯეტები ჩვენი შვილების უფასო ძიძები გახდნენ. თუმცა ადრე თუ გვიან ეს ჩვენი შვილების ნერვული სისტემის ფასად დაგვიჯდება. ყოველდღიური ცხოვრება ვირტუალურ რეალობასთან შედარებით, მოსაწყენია. სკოლაში მოსვლისას ბავშვები, რომლებიც გრაფიკული ეფექტებისა და გამოსახულების ყურებას არიან მიჩვეულნი, ადამიანის ხმებსა და ადეკვატურ ვიზუალურ სამყაროს ეჯახებიან. ვირტუალურ სამყაროში გატარებული დროის შემდეგ ბავშვებს კლასში ინფორმაციის გადამუშავება ძალიან უჭირთ. ამის მიზეზი სტიმულაციის მაღალი დონეა, რომელსაც თამაში უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი მოსწავლეს ხელს აკადემიური ამოცანების ამოხსნაში უშლის.

5.სამყაროს ბავშვები განაგებენ

,,ჩემს შვილს ბოსტნეული არ უყვარს“. ,,მას არ მოსწონს ადრე დაძინება“.

,,მას არ უყვარს სათამაშოები, მაგრამ პლანშეტში კარგად ერკვევა“. ,,მას დამოუკიდებლად ჩაცმა და ჭამა არ უნდა“. ერგოთერაპევტის თქმით, მას მსგავსი ფრაზები მშობლებისგან ყველაზე ხშირად ესმის. საინტერესოა, როდიდან კარნახობენ შვილები მშობლებს მათი აღზრდის წესებს. თუ უფროსები ბავშვებს ყველაფრის უფლებას მისცემენ, ისინი ტელევიზორის ყურების, პლანშეტით თამაშისა და ნამცხვრების ჭამის მეტს არაფერს გააკეთებენ.

როგორ ვეხმარებით ჩვენს შვილებს, თუ მათ იმას ვაძლევთ, რაც მათ სურთ და არა იმას, რაც მათთვის კარგია? სწორი კვებისა და ღამის ჯანსაღი ძილის გარეშე ბავშვები სკოლაში გაღიზიანებულები, უყურადღებოები და გონებაგაფანტულები მიდიან. გარდა ამისა, მშობლები შვილებს არასწორ გზავნილს უგზავნიან. ამგვარი აღზრდით მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რაც სურთ. მათ არ ესმით ,,უნდა გააკეთო“. სამწუხაროდ, ხშირად ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად იმის გაკეთება გვიწევს, რაც ,,საჭიროა“ და არა იმის, რაც ,,გვინდა“.

ავარჯიშეთ მათი ტვინი!

თქვენ ბავშვის ტვინის ვარჯიში და მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეგიძლიათ! აი როგორ:

1.არ შეგეშინდეთ ჩარჩოების განსაზღვრა

ბავშვებს ისინი იმისათვის სჭირდებათ, რომ ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზარდონ.

– შეადგინეთ საკვების მიღების, გართობისა და დაძინების განრიგი.

– იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის კარგი ბავშებისთვის  და არა იმაზე, თუ რა სურთ მათ. მოგვიანებით ისინი ამისთვის მადლობას გეტყვიან.

– ბავშვის აღზრდა მძიმე შრომაა. თქვენ კრეატიულები იმისთვის უნდა იყოთ, რომ მათ ის გააკეთებიოთ, რაც მათთვის კარგი იქნება.

– ბავშვებს საუზმე და ნოყიერი საკვები სჭირდებათ. მათთვის სუფთა ჰაერზე სეირნობა და თავის დროზე დაძინება იმისთვის არის, რომ სკოლაში მომზადებულები  და მობილიზებულები მივიდნენ.

– ის, რისი გაკეთებაც ბავშვებს არ უყვართ, მხიარულებად და მასტიმულირებელ თამაშად აქციეთ.

2.შეზღუდეთ გაჯეტებთან წვდომა და ბავშვებთან ემოციური კავშირი აღადგინეთ.

– აჩუქეთ მათ ყვავილები, გაუღიმეთ, მოუღიტინეთ, ჩანთაში ან ბალიშის ქვეშ წერილი ჩაუდეთ. გააკვირვეთ ბავშვები, ამისთვის მათთან ცეკვა, ხოხვა ან ბალიშებით ჭიდაობა შეგიძლიათ.

– მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ველოსიპედებით ერთად გაისეირნეთ.

3.ასწავლეთ მათ დალოდება!

– მოწყენა ნორმალურია, ეს არის ხელოვნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

– თანდათან გაზარდეთ ლოდინის დრო ,,მე მინდასა და“ ,,მე ვიღებს“ შორის.

– ეცადეთ არ გამოიყენოთ გაჯეტები მანქანასა და რესტორანში. დალოდებისას ბავშვებს საუბარი ან თამაში ასწავლეთ.

– შეზღუდეთ მუდმივი წახემსებები.

4.შვილს ადრეული ასაკიდან მონოტონური სამუშაოს შესრულება ასწავლეთ.

– ტანსაცმლის დაწყობა, სათამაშოების ალაგება, პროდუქტების ამოლაგება.

– იყავით კრეატიულები. სცადეთ ეს ვალდებულებები მხიარული გახადოთ.

5.ასწავლეთ მათ სოციალური უნარები

– აუცილებელია ბავშვს გაყოფა, წაგება, მოგება სხვების შექება ასწავლოთ.

ერგოთერაპევტის თქმით, ბავშვები იმ მომენტში იცვლებიან, როდესაც მშობლები მათი აღზრდისადმი მიდგომას ცვლიან. ამიტომ, უფროსები მათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში სწავლის გზით უნდა დაეხმარონ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: lifedeeper

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური