GE

რატომ დადგა პირველკლასელთა კომპიუტერებით დასაჩუქრება კითხვის ნიშნის ქვეშ და რომელ კომპიუტერებს მიიღებენ მოსწავლეები

სასწავლო წლის დასაწყისში პირველკლასელებმა სახელმძღვანელოებთან ერთად, ტრადიციული საჩუქარი, პორტაბელური კომპიუტერები უნდა მიიღონ, თუმცა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ჩაშლილი ტენდერის გამო, გაჩნდა საფრთხე, რომ განმეორებითი ტენდერის ვადების გათვალისწინებით, ტექნიკის შეძენას 2019 წლის სექტემბრისთვის ვეღარ შეძლებდნენ.

აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება მისცა. სააგენტომ საჯარო სკოლების პირველკლასელების და მათი დამრიგებლებისთვის პორტაბელური კომპიუტერების შესაძენად ხელშეკრულება უკვე გაუფორმა შპს „უი-ჯი-თი“-ს. კომპანიამ 2019 წლის 14 სექტემბრამდე 42 500 ცალი ლეპტოპის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც ჯამში 23 163 500 ლარს მიიღებს.

მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს მსოფლიო ბრენდის (ე.წ brand name), რომლის წარმოებული პროდუქცია ბაზარზე არანაკლებ 10 წელი იყიდება. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პირველკლასელების ლეპტოპები accer -ის ფირმის იქნება და ერთეულის ღირებულება შეადგენს 545 ლარს.

მომხმარებლის მიერ, ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, მომწოდებელი მოწოდებული პროდუქციის ხარისხზე იძლევა ერთ წლიან მწარმოებლის გარანტიას. საგარანტიო მომსახურების ცენტრები კი განთავსებული იქნება: ქ. თბილისში, ქ.ბათუმსა და ქ.გორში.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპიუტერებში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის (windows) ინსტალაცია. თითოეულ კომპიუტერზე დატანილი უნდა იყოს წარწერა: განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო და ამავე უწყების ვებ- გვერდის მისამართი.

გამარტივებული შესყიდვის უფლების მინიჭების შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება 2019 წლის 6 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულების გამოცემის შემდეგ მიიღო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტით ირკვევა, რომ თუკი კომპიუტერების შესყიდვა დაჩქარებული წესით არ მოხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბერში ბავშვები კომპიუტერების გარეშე დარჩებოდნენ.

„ირკვევა, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში 42 500 ცალი კომპიუტერის შესყიდვის მიზნით სააგენტომ 2019 წლის 2 აპრილს გამოცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. გამოცხადებულ ტენდერში მომწოდებლებმა მონაწილეობა არ მიიღეს სხვადასხვა მიზეზით, რის გარკვევის შემდეგაც სააგენტომ განახორციელა განმეორებითი ბაზრის კვლევა. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ტენდერის ხელმეორედ გამოცხადების შემთხვევაში, სატენდერო პროცედურების ვადების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების დროს ვერ იქნება უზრუნველყოფილი 42 500 ცალი პორტაბელური კომპიუტერის მიწოდება განხორციელდეს. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვა არ მოხდება შეზღუდულ ვადებში, ისეთ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტის, როგორიცაა პირველკლასელ მოსწავლეთა და მათი დამრიგებლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა, განხორციელებას რეალური საფრთხე შეექმნება“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტში.

ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში კომპიუტერების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება თავად მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. ლეპ-ტოპების ყველაზე დიდი რაოდენობა დარიგდება დედაქალაქის საჯარო სკოლებში – ჯამში 9860 კომპიუტერი. შემდეგ მოდის ქუთაისი და ბათუმი, სადაც მოსწავლეებს და დამრიგებლებს 2700-2700 ლეპტოპი უნდა გადასცენ, 2200 ადამიანს დაასაჩუქრებენ რუსთავში, ხოლო ყველზე ცოტა კომპიუტერი დარიგდება მესტიაში – 150 ერთეული.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური