GE

რატომ გაჭიანურდა 31 მაისს დასასრულებელი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი?

2018-2019 სასწავლო წლის პირველ დღეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მერხზე ახალი სახელმძღვანელოები უნდა დახვდეთ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1-6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების დასრულების ბოლო ვადად 2018 წლის 31 მაისი ჰქონდა დასახელებული. თუმცა, როგორც ცნობილია, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ არ გვაქვს. შესაბამისად, ისინი არც სკოლებს გადაგზავნიათ შერჩევის მიზნით. როგორც EDU.ARIS.GE-სთან  სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია ამბობს, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს და პროცესის დასრულების მოლოდინი მიმდინარე კვირაში აქვთ.

„ჯერ არ არის დასრულებული. კვირის განმავლობაში გვაქვს ეს მოლოდინი, რომ დასრულდება გრიფირების პროცესი და სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭება მოხდება“, – ამბობს კილასონია.

EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, გრიფი კონკურსში მყოფ უკლებლივ ყველა სახელმძღვანელოს მიანიჭოს, რაზეც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, რომ ეს აბსურდია.

„გრიფი მიენიჭება სახელმძღვანელოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ გრიფირების პირობებს. რა თქმა უნდა, აბსურდია, რომ ყველას მიენიჭოს. რაც შეეხება სკოლების ინფორმირებას, სკოლებს აქვთ მოლოდინი, რომ სახელმძღვანელოებს შეარჩევენ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან მაშინ, როდესაც გრიფი მიენიჭება. თითოეული სკოლა eSchool–ის პროგრამაში შეარჩევს მისთვის მისაღებ სახელმძღვანელოებს იმ ალტერნატივებიდან, რასაც გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა გაითვალისწინებს. ველოდებით უახლოეს დღეებში“, – განგვიმარტა ნანა კილასონიამ.

როგორც ცნობილია, გრიფირების პროცესის გაჭიანურებისა და სახელმძღვანელოების შესაძლო ლობირების ფაქტს მიეძღვნა “სტუდია მონიტორის” ფილმი, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა. ჩვენ დავინტერესდით, რას შეიძლება უკავშირებდეს თავად ფილმის ავტორი პროცესის გახანგრძლივებას და რა დამატებითი ინფორმაცია გააჩნია აღნიშნულზე.

როგორც გიორგი მგელაძე EDU.ARIS.GE-სთან ყვება, მისი ინფორმაციით, საუბარია გრიფირებაში მონაწილე სუბიექტების სააპელაციო განაცხადების განხილვაზე და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

„თქვენივე რესპონდენტის მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, გრიფირების შედეგები უნდა ყოფილიყო ორშაბათს, 2 ივლისს, თუმცა ამ საუბრისას მან ისიც მითხრა, რომ არის რამდენიმე ათეულობით აპელაცია შესული და ვიდრე არ მორჩება აპელაციების განხილვა, იქამდე ვერ დაიდება გრიფირებული სახელმძღვანელოების შესახებ მონაცემები. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მართლაც აპელაციას ელოდებიან, ვინაიდან 15 ივნისს შეიტანა ჩემთვის ნაცნობმა ორმა სუბიექტმა აპელაცია და ვიცი, რომ მათი აპელაციის პასუხები ჩემი ფილმის მომზადების პროცესში არ იყო ცნობილი, ანუ არ იყო მათი განხილვა დასრულებული. მაგალითად, „დიოგენეს“ სააპელაციო განაცხადი მაქვს ნანახი და ძნელია, თუ არ განიხილავ ისე მიიღო რაიმე გადაწყვეტილება. იქ ისეთი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები მოტანილი, რომელმაც, შეიძლება, კონკრეტული სახელმძღვანელოს გრიფირებიდან მოხსნა გამოიწვიოს. შესაბამისად, აპელაციების დასრულებამდე ვერ გამოაცხადებენ გრიფირების საბოლოო შედეგს“, – ამბობს გიორგი მგელაძე.

იხილეთ “სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებული ფილმი გიორგი მგელაძის ავტორობით:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური