GE

რატომ გადაყავთ 61-ე სკოლის მოსწავლეები ტექნიკურ უნივერსიტეტში?!

“ამ სკოლას ანგრევენ და მის ადგილას ჰიპერმარკეტის აშენებას გეგმავენ. ამბობენ იმასაც, რომ აქ შეიძლება ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდეს. კარგი სკოლაა და გული დამწყდება თუ მას კომერციული ობიექტი ჩაანაცვლებს” – 61- ე სკოლის ირგვლივ აგორებულ ხმებზე Aris.ge – განათლებას ამავე სკოლის მეშვიდე კლასელი ნინო მუკბანიანი ესაუბრა.

ხმები იმის შესახებ, რომ 61-ე სკოლის შენობა შეიძლება დაიხუროს, ამ სკოლის მოსწავლეებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. პირიქით, მათაც და პედაგოგებმაც უკვე იციან, რომ შეიძლება ალტერნატიული ფართის ძებნა მოუხდეთ.

61-ე სკოლის ხელმძღვანელობა Aris.ge-განათლებასთან საუბარში შენობის კომერციულ ობიექტად გადაკეთებას კატეგორიულად გამორიცხავს. თუმცა არ მალავს, რომ სკოლის შენობას პრობლემები აქვს.

“სკოლა ავარიულია. რამდენჯერმე გავამაგრეთ თუმცა უშედეგოდ. დღეს მოსწავლეებისთვის საშიშ ფლიგელში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ავარული მხარე დაკონსერვებულია და იქ შესვლითაც არავინ შედის. ხმები იმის შესახებ, რომ შენობა შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს გადაეცეს და აქ სასტუმრო, რესტორანი ან ჰიპერმარკეტი გაკეთდეს, მხოლოდ ჭორია” – განაცხადა 61-ე სკოლის დირექტორმა შორენა ღუდუშაურმა.

61-ე სკოლა, რომ მართლაც ავარიულია, ამაში Aris.ge-განათლება თავადაც დარწმუნდა. ფლიგელი, რომელიც გადაკეტილია, გაამონაკლისის სახით გაგვიხსნეს და მხოლოდ დაცვის თანხლებით დაგვათვალიერებინეს. შენობის ავარიული ნაწილის გარდა, პრობლემები შენობის იმ ნაწილშიცაა, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იატაკი თითქმის მთელ შენობაში ჭრიალებს და ჭერი ჩამოზნექილია. არადა, 61-ე სკოლაში, თითქმის ყოველდღიურად 1000-ზე მეტი მოსწავლე და 100-მდე პედაგოგი იმყოფება. თუმცა სკოლის დირექტორის თქმით – ავარიული მხარე სკოლის ძირითად ნაწილს პრობლემას არ უქმნის, რადგან სკოლის შენობა დამოუკიდებელი ფლიგელებისგან შედგება.

რატომ გადაყავთ 61-ე სკოლის მოსწავლეები ტექნიკურ უნივერსიტეტში?!

“სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, არც ერთი დღე არ ჩაგვიგდია. ბავშვები ორ სემესტრად სწავლობენ – ასე გადავწყვიტეთ ეს პრობლემა. შენობას ექსპერტიზა ჩავუტარეთ. თუ დასკვნამ გვიჩვენა, რომ შენობის გამაგრება შედეგს გამოიღებს, აუცილებლად გავამაგრებთ, მაგრამ თუ დასკვნა გვიჩვენებს, რომ სარემონტო სამუშაოებს აზრი არ აქვს, მაშინ აქვე, ახლოს – ალტერნატიულ ფართში გადასვლა მოგვიწევს” – განაცხადა შორენა ღუდუშაურმა.

სანამ 61-ე სკოლისთვის ახალი შენობა გამოიყოფა, მოსწავლე-მასწავლებლები იქვე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსს შეეხიზნებიან. სკოლის საერთოდ გაუქმებაზე კი ლაპარაკიც არ მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი Aris.ge- განათლებასთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გააკეთა.

რატომ გადაყავთ 61-ე სკოლის მოსწავლეები ტექნიკურ უნივერსიტეტში?!

“სკოლის შენობას უტარდება ექსპერტიზა. თუ ექსპერტიზამ გვაჩვენა, რომ სკოლას სჭირდება რეკონსტრუქცია ჩავატარებთ შესაბამის სამუშაოებს. აქ არ არის საუბარი ჩვეულებრივ გამაგრებაზე. აქ სპეიციფიური სამუშაოებია ჩასატარებელი. ბავშვებს გადავიყვანთ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. შესაბამისი ლოჯისტიკური სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ 2014 წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩაჯდება ამ სკოლის საკითხი” – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე ინფორმაციით თუ ექპერტიზის დასკვნა აჩვენებს, რომ 61-ე სკოლის შენობა უნდა დაინგრეს – შენობა დაინგრევა და მის ნაცვლად, იმავე ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ სკოლა აშენდება.

რატომ გადაყავთ 61-ე სკოლის მოსწავლეები ტექნიკურ უნივერსიტეტში?!

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური