რატომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი?
ილიას სახემწიფო უნივერსიტეტი – Webometrics-ის მიხწედვით პირველი უნივერსიტეტია კავკასიაში. აკადემიური თავისუფლება და პროფესიის არჩევის ყველაზე ლიბერალური მიდგომა, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და საუკეთესო სასწავლო რესურსები, სტუდენტების სამეცნიერო კვლევაში ჩართვის მიდგომა, სტუდენტური ცხოვრებისათვის შესაფერისი პირობები, სწავლის დროს პროფესიული კარიერის დაწყების შესაძლებლობა – თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!
აკადემიური თავისუფლება და პროფესიის არჩევის ყველაზე ლიბერალური მიდგომა
ილიაუნელებისათვის უნივერსიტეტში სწავლის დასაწყისი და პროფესიის საბოლოო არჩევა განსაკუთრებულად კომფორტული მიდგომით გამოირჩევა. პირველი კურსის განმავლობაში ოთხივე ფაკულტეტის სტუდენტები სხვადასხვა მიმართულების შესავალ კურსებს გადიან და მხოლოდ პირველი წლის ბოლოს ირჩევენ ძირითად (Major) და მეორად (Minor) სპეციალობებს.
ილიაუნი და British Council
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის შესწავლა ბაკალავრიატის ყველა სტუდენტისათვის სავალდებულოა. ინგლისური ენის სავალდებულო კურსების სწავლებას ჩვენს უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს. ბრიტანეთის საბჭო მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლებისა და ბრიტანეთის კულტურის პოპულარიზაციის ლიდერი ორგანიზაციაა.
სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და საუკეთესო სასწავლო რესურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი, რომელმაც საგნების არჩევის ელექტრონული სისტემა დანერგა. არგუსი – არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის პროგრამა. მისი დახმარებით სტუდენტები ირჩევენ ძირითად (Major) და მეორე (Minor) მიმართულებებს და ყოველი სემესტრის დასაწყისში რეგისტრირდებიან სასურველ სასწავლო კურსებზე. სემესტრის განმავლობაში “არგუსის” მეშვეობით სტუდენტები იღებენ დავალებებს, შეფასებებს, საკითხავ ლიტერატურას, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ყველა არჩეული საგნის ლექტორს და ადმინისტრაციის წამომადგენელს.
ელექტრონული სწავლების დანერგვის პროექტი 2010 წლიდან დაიწყო. დღეისათვის ილიაუნის ვიდეო პორტალზე 6000-ზე მეტი ლექციაა ატვირთული. ლექციები თემების და საგნების მიხედვით არის დახარისხებული. აღსანიშნავია, რომ ეს რესურსი ღიაა ყველასათვის, ვისაც ახალი ცოდნა და მეცნიერება აინტერესებს (www.videochannel.iliauni.edu.ge).
სტუდენტების სამეცნიერო კვლევაში ჩართვის მიდგომა
ის, რაც ჩვენს უნივერსიტეტს სხვებისგან გამოარჩევს – სტუდენტების სამეცნიერო კვლევაში ჩართვის მიდგომაა. კვლევითი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უახლესი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები და ელექტრონული რესურსებით სარგებლობის საუკეთესო პირობები – ახალი ცოდნის მიღებისა და შექმნისათვის შესაფერისი გარემოა. ილიაუნის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა საკუთარი პროფესიული კარიერა უკვე სწავლის დროს დაიწყონ.
სტუდენტური ცხოვრებისათვის შესაფერისი პირობები
სწავლის კომფორტული გარემოს ერთერთი უმთავრესი ნაწილია – სტუდენტური ცხოვრებისათვის შესაფერისი პირობები. ჩვენს უნივერსიტეტში უკვე 27 სტუდენტური კლუბი არსებობს. ილიაუნელებს საკუთარი მედია რესურსიც – ”მედიაპორტალი” www.mediaportal.iliauni.edu.ge გააჩნიათ, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ფართო აუდიტორიას საკუთარი აზრი ვიდეოს ან სტატიის სახით მიაწოდონ.
უკვე სწავლის დროს პროფესიული კარიერის დაწყების შესაძლებლობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა – სტუდენტების უკვე სწავლის დროს დასაქმების ხელშეწყობა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დასაქმების სამსახური, რომელიც სტუდენტის სურვილის, განათლების, უნარებისა და პროფესიული ინტერესების შესაბამისად ხელს უწყობს მათ სტაჟირებას და დასაქმებას როგორც ბიზნესის სფეროში, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში.
ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა ინიციატივით შეიქმნა ფაკულტეტის ”კარიერის ცენტრი” , სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება, შექმნან საკუთარი ვიდეო-პრეზენტაცია, რომელიც ეფექტურად მიაწვდის პოტენციურ დამსაქმებელს ინფორმაციას მათ შესახებ, გაიარონ რეზიუმეს მომზადების ტრენინგები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – Webometrics მიხედვით 1821 ადგილზეა და მსოფლიო უნივერსიტეტების 9 პროცენტშია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების – 5 პროცენტში, ხოლო კავკასიაში – პირველ ადგილს იკავებს. www.webometrics.info მსოფლიოს უნივერსიტეტების უდიდესი აკადემიური რანჟირებაა და 21 000-ზე მეტ უნივერსიტეტს აერთიანებს.