რატომ კომპლექსური დავალება? – დამწყები პედაგოგის ერთი დავალება პირველკლასელებს და მიღებული შედეგი
ავტორი ეკატერინე თეთრაძე, ქ.გურჯაანის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
კომპლექსური დავალების შესრულებას, საჯარო სკოლებში, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში შემუშავებული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს. თავდაპირველად, ამ ტიპის დავალებამ, მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და თქვენ წარმოიდგინეთ, მასწავლებლებშიც კი სკეპტიკური დამოკიდებულება გააჩინა. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული გამოცდილება დაგროვდა და მასწავლებელთა დიდი ნაწილი, სწავლა-სწავლების პროცესში მას აქტიურად იყენებს, მაინც ჩნდება კითხვა: რისთვის არის საჭირო ამ ტიპის დავალების შესრულება?
განსაკუთრებით აქტიურობენ მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვი ვერ აკეთებს დავალებას და თავად უწევთ მისი შესრულება. რა თქმა, უნდა, ცუდი არ არის მშობლის ჩართულობაც, მაგრამ ამ დავალების შესრულების ვალდებულება, ძირითადად მოსწავლეს ეკისრება. ამაში კი მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.
პირველ რიგში, მასწავლებელს თავად უნდა ჰქონდეს გააზრებული დავალების არსი, პირობა, აქტივობები, რათა მოზარდი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანოს საბოლოო პროდუქტამდე.
დიახ, „კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.“.
ჩემთვის, როგორც დამწყები პედაგოგისთვის, კომპლექსური დავალება ახალი გამოწვევა იყო. დავიწყე მისი განხორციელება და მალევე დავრწმუნდი, რომ ამ ტიპის დავალებას ალტერნატივა არ აქვს.
ჩემი პირველკლასელების ნამუშევრების მაგალითზე, შევეცდები, მოკლედ განვმარტო, თუ რა შედეგებზეა გათვლილი კომპლექსური დავალება. პირველ რიგში გაგიზიარებთ ტექსტს.
აქვე გეტყვით, რომ ამ კონკრეტული კომპლექსური დავალების თემა ურთიერთობებია! დავალების პირობა კი ასეთი იყო:
დავალება: პერსონაჟის დახატვა/გამოძერწვა.
დახატე ან გამოძერწე ნაწარმოებიდან „აი ია“, ერთ-ერთი, შენთვის სასურველი პერსონაჟი მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, რომელიც მიგვახვედრებს, ტექსტის რომელი პერსონაჟია დახატული/გამოძერწილი. ნაშრომს მიუწერე ან გამოძერწე ის წინადადება, რომელიც პერსონაჟებმა წარმოთქვეს იას დანახვაზე.
ნამუშევარში წარმოაჩინე:
პერსონაჟის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
ნამუშევრის წარმოდგენისას ისაუბრე:
- რით ჰგავს ზღაპრის პერსონაჟს შენი შექმნილი პერსონაჟი, რატომ დახატე/გამოძერწე ასე და არა სხვაგვარად (ტ. 1, 2, 4);
- რის თქმა უნდოდა ავტორს ამ პერსონაჟით, რაზე დაგაფიქრა ამ პერსონაჟმა ტ.1);
- რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)
შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს მისცა მზა რეცეპტი: დახატოს ან გამოძერწოს ია, პეპელა, ჭიამაია და დაწეროს ან გამოძერწოს „აი ია“. ეს, რა თქმა უნდა, მასწავლებლისთვის ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ რა შედეგზე გავიდოდა მოსწავლე? ალბათ ხატვაში ან ძერწვაში დახელოვნდებოდა. რაში სჭირდება ეს ქართულის მასწავლებელს? რა თქმა უნდა, არაფერში. აქ მნიშვნელოვანია ის გზა, რომელსაც მოსწავლე პირობის გაცნობიდან პროდუქტის შექმნამდე გადის. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პედაგოგის პროფესიონალიზმს, სურვილს, უნარს, რომ მოზარდი ჩართოს მართლაც საინტერესო პროცესში.
ამ კონკრეტულ დავალებას 7 გაკვეთილი დავუთმე. პირველ რიგში, მოსწავლეებს გავაცანი ტექსტი. ამ შემთხვევაში საუბარია ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით შექმნილ ტექსტზე „აი ია“. შემდეგ გავაცანი დავალების პირობა.
ამის შემდეგ ვმსჯელობთ, ვახასიათებთ პერსონაჟებს, განვიხილავთ მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ (ეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამომდინარე კომპლექსური დავალების თემიდან) ვმსჯელობთ პერსონაჟების განწყობაზე, რას გრძნობენ, რას განიცდიან. გამოვთქვამთ ვარაუდებს, ვფიქრობთ, როგორ გაგრძელდებოდა მათი ურთიერთობა, ვმუშაობთ ახალ ლექსიკურ ერთეულებზე და ა.შ.
ამის შემდეგ, მოსწავლე იღებს დავალებას: დახატოს ან გამოძერწოს ნაწარმოების ერთ-ერთი, მისთვის სასურველი პერსონაჟი დამახასიათებელი ნიშნებით, რომელიც მიგვახვედრებს, ტექსტის რომელი პერსონაჟია დახატული/გამოძერწილი. ნაშრომს უნდა მიუწეროს ან გამოძერწოს ის წინადადება, რომელიც პერსონაჟებმა წარმოთქვეს იას დანახვაზე.
დავალების შესრულების შემდეგ, მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას. საუბრობს, რით ჰგავს ზღაპრის გმირს მისი შექმნილი პერსონაჟი, რატომ დახატა ან გამოძერწა ასე და არა სხვაგვარად. რის თქმა უნდოდა ავტორს, რაზე დააფიქრა ამ პერსონაჟმა და ა.შ.
გიზიარებთ ჩემი პირველკლასელების ნამუშევრებს:
აი ეს არის ის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც მოსწავლემ კომპლექსური დავალების მომზადებისას უნდა შეასრულოს. დიახ, მთავარი ნაწარმოების დაზეპირება არ არის. სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ტექსტის გაგება-გააზრება. ნებისმიერი ტექსტის მეშვეობით ავტორი ხომ გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება? ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე ხომ შესაძლებელია დასკვნების გამოტანა, ტექსტის სიღრმისეულად გააზრება, ახალი იდეების წამოყენება, ტექსტის წარმოდგენა ახალი, განსხვავებული ფორმით?
როგორ წარმოაჩინოს გააზრებული ტექსტი პირველკლასელმა მოსწავლემ? მან ხომ ჯერ 2 ასო-ბგერა შეისწავლა? ის ვერ დაწერს შინაარსს. ამიტომ, მას ეს ყველაფერი ფურცელზე გადააქვს იმ უნარების გამოყენებით, რაც უკვე აქვს 6 წლის ასაკში, დიახ, ხატავს ან ძერწავს.
ყველაზე საინტერესო მოსწავლეებისთვის სწორედ საბოლოო პროდუქტზე მუშაობა აღმოჩნდა. მათ დიდი ინტერესითა და ხალისით შეასრულეს დავალება. გამოავლინეს უსაზღვრო ფანტაზია და უნარები. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც პრეზენტაციის დრო დადგა. საოცარი იყო მათი მსჯელობა. მათ ისაუბრეს საკუთარ ნამუშევრებზე, თუ რატომ დახატეს ან გამოძერწეს ესა თუ ის პერსონაჟი. რაზე დააფიქრა ამ პერსონაჟმა და ა.შ. ეს ყველაფერი კი თითქმის დამოუკიდებლად შეძლეს. შესაბამისად, მშობლების მინიმალური ჩართულობა გახდა საჭირო, რაც ასევე სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა მათთვისაც.
ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი კომპლექსური დავალება იყო. რა თქმა უნდა, ვერ დავიკვეხნი სრულყოფილებით, თუმცა ყოველი სიახლე ხომ გამოცდილება და ხიდია, რომ შემდეგი უკეთესად გავაკეთოთ…
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება