GE

რატომ აგრარული უნივერსიტეტი?

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2011 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ერთ-ერთ რეიტინგულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა და დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია.

2012 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ 60 უნივერსიტეტს შორის აგრარული უნივერსიტეტი მეექვსე ადგილზე გავიდა.

მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, ახალი აგრარულ უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების კერად იქცა.
სასწავლო პროგრამები მაქსიმულურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან (მაგალითად: მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ), მისურის უნივერსიტეტი (აშშ), კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია) და სხვ.).

ჩვენთან ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ – მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

სასწავლო გარემო
ჩვენთან არსებული გარემო საუკეთესოა განათლების შეძენისა და სტუდენტური ცხოვრებისათვის. ლექციები და სემინარები მიმდინარეობს ნათელ, კომფორტულ აუდიტორიებში. თითოეულ აუდიტორიაში არის პროექტორი. უსადენო ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, 20 ტექნიკურად უზრუნველყოფილი სასწავლო ლაბორატორია, რომელთა რიცხვიც იზრდება; 50 თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორია; კომფორტული კაფეტერია; დიდი სპორტული ცენტრი – კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, მინიფეხბურთის, ხელბურთის დარბაზებითა და სატრენაჟორო სტუდიით; თეატრი; სკვერები და სარეკრეაციო ზონები.

აგრარული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები / ფაკულტეტები – აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 7 საბაკალავრო პროგრამას გთავაზობთ: ქიმია ბიოლოგია, აგრონომია, მევენახეობა, მეღვინეობა, აგრონომია, კვების პროდუქტების ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, ვეტერინარია-მეცხოველეობა.

ქიმიის საბაკალავრო პროგრამა
თუ გსურს დაეუფლო ისეთ მეცნიერებას, რომელიც აერთიანებს მეცნიერების თითქმის ყველა დარგს; თუ გაინტერესებს ქიმიური პროცესები და ტექნოლოგიები, თუ გინდა, თავად დაგეგმო და ჩაატარო ეფექტური ქიმიური ექსპერიმენტები, გააკეთო აღმოჩენები თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიებში, მაშინ აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამა საუკეთესო არჩევანია. თანამედროვე ლაბორატორიებში შეისწავლი და გამოიყენებ კვლევის უახლეს მეთოდებს; დამოუკიდებლად ჩაატარებ ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ექსპერიმენტებს.გაივლი პრაქტიკებს და ჩაერთვები უნივერსიტეტის, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, მებაღეობა–მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ლაბორატორიებში.

ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა-გთავაზობთ ისეთ ფუნდამენტურ და გამოყენებით ბიოლოგიურ დისციპლინებს, როგორებიცაა: გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოინფორმატიკა, სინთეტური ბიოლოგია, ფიზიოლოგია, ვირუსოლოგია, მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ეკოლოგია, ქცევის ბიოლოგია. საფუძვლიანად შეისწავლით ბიოლოგიის ძირითად მიმართულებებს: ცოცხალ ორგანიზმთა აგებულებასა და ფუნქციებს; მათი წარმოშობის, ზრდის, განვითარებისა და გავრცელების საკითხებს. გაეცნობი უახლეს მიღწევებსა და აღმოჩენებს ბიოლოგიის სფეროში. გეცოდინება კვლევის თანამედროვე მეთოდები. აქ მიღებული თეორიული ცოდნის გამყარებას თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიებში, მათ შორის, ინტერდისციპლინური ლაბორატორიული სამუშაოებით.

აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა – აქ შენ შეისწავლი: საქართველოში და მსოფლიოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოშობას, ბიოლოგიასა და ეკოლოგიას; ნიადაგის ტიპებს, მათ ძირითად მახასიათებლებსა და დამუშავების მეთოდებს; ნიადაგის ნაყოფიერების მართვას; მცენარეთა მავნებლებსა და დაავადებებს, მათთან ბრძოლის საშუალებებს. ისწავლი მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობისა და ორგანული სოფლის მეურნეობის საფუძვლებს, გაეცნობი მცენარეთა ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანის თანამედროვე მეთოდებს. გეცოდინება სასათბურე მეურნეობის მართვა. პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გაგიზიარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. საშუალება გექნება, თანამედროვე ლაბორატორიებში საკუთარი ხელით ჩაატარო სხვადასხვა ექსპერიმენტი.

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა – უნიკალურია და ამ პროგრამას საქართველოში მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტი გთავაზობთ. აითვისებ ღვინის დამზადების სრულ პროცესს: ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგამდე. პროგრამის ფარგლებში ცოდნას მიიღებ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: ღვინის წარმოების ტექნოლოგიები, ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება. აგრარული უნივერსიტეტის ღვინის ქარხანასა და პარტნიორ ღვინის კომპანიებში პრაქტიკულად შეისწავლი ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს. ინგლისურ ენასთან ერთად, შეისწავლი მეღვინეობის სპეციალობისათვის მნიშვნელოვან ფრანგულ ენას, რომელიც დაგეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა–ათვისებაში.

კვების პროდუქტების ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა – ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია – ამ საგნების საფუძველზე ისწავლი ცალკეულ დისციპლინებს: კვების პროდუქტების ბიოქიმიასა და მიკრობიოლოგიას, ხარისხის კონტროლის მეთოდებს, სურსათის უვნებლობას. სწავლის პროცესში, დამოუკიდებლად ჩაატარებ ექსპერიმენტებს თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებში. დამამთავრებელ კურსზე შეძლებ აირჩიო და დაეუფლო კონკრეტული პროდუქტის – ხორცის, კონსერვების, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების, რძის, პურის – წარმოების ტექნოლოგიას.განახლებული პროგრამა შედგენილია მიჩიგანის (აშშ), აიოვასა (აშშ) და ორეგონის (აშშ) უნივერსიტეტების შესაბამისი პროგრამების საფუძველზე.

სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა – ისწავლი ლანდშაფტის დიზაინსა და ეკოტურიზმს. გეცოდინება, თუ როგორ მართო ტყის რესურსები, როგორ მოუარო, აღადგინო, დაიცვა და გააშენო ტყეები, როგორ შექმნა დეკორატიული ბაღები და პარკები, როგორ მოაწყო და მართო სამონადირეო მეურნეობები. პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლი თანამედროვე სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებსა და ცენტრებში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დენდროპარკში. საბაკალავრო პროგრამა შედგენილია მიჩიგანისა (აშშ) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებებათა (ავსტრია) უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების საფუძველზე.
ვეტერინარია – მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა – საქართველოში ამ პროგრამას მხოლოდ აგრარაული უნივერსიტეტი გთავაზობთ. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, შენ გახდები თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ვეტერინარი ექიმი. ასევე, მეცხოველეობის სპეციალისტი, კინოლოგი, ცხოველთა მწვრთნელი და ფსიქოლოგი, შეძლებ გამოიყვანო ცხოველთა ახალი ჯიშები. ყველა ეს პროფესია მოთხოვნადი და პრესტიჟულია. მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული უნარ-ჩვევებით გაიმყარებ ვეტერინარულ ლაბორატორიებში, მეცხოველეობის სანაშენო და ფერმერულ მეურნეობებში. უნივერსიტეტის უახლესი აპარატურით აღჭურვილ სავეტერინარო კლინიკაში შეძლებ პრაქტიკოსი ვეტერინარების ხელმძღვანელობით ჩაატარო ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, შეაფასო პაციენტის კლინიკური სტატუსი − დასვა დიაგნოზი და დაუნიშნო მკურნალობის კურსი.

ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა – ტექნიკური ჩანაფიქრებისა და შენი იდეების განხორციელებას შეძლე კარგად აღჭურვილ “საჩხირკედელო” ლაბორატორიაში, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებ რობოტების შექმნას, შენთვის საინტერესო მოდელების კონსტრუირებას, კომპიუტერული სქემების აწყობას და ექსპერიმენტების ჩატარებას. გაეცნობი თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებს, შეძლებ სწორად შეაფასო ამოცანა და მიიღო საინჟინრო გადაწყვეტილებები, გამოთვალო, დააპროექტო, დანერგო და მართო ტექნოლოგიები. მონაწილეობა მიიღო ახალი ტექნოლოგიების შექმნაში. სწავლის დასრულების შემდეგ გექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა, როგორც დაპროექტებელ, ისე მმართველ და საოპერაციო ინჟინერს, CAD/CAM და IT/კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტს: სამშენებლო და საპროექტო კომპანიებში; ენერგეტიკის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სფეროებში; IT და ინტერნეტ-პროვაიდერულ კომპანიებში; სხვადასხვა ტიპის საწარმოებში; ყველა იმ დარგში, სადაც გამოიყენება მანქანები, დანადგარები და მართვის სისტემები.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა – 2011 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას (ESM) შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. შედეგად, სრულიად განახლდა აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა. ფაკულტეტი ასარჩევად გთავაზობს სამ ძირითად კონცენტრაციას: აგრობიზნესი წარმოების მენეჯმენტი, სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტი
დასაქმება – უნივერსიტეტში შექმნილია დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც იკვლევს სამუშაო ბაზარს, ეძებს შესაბამის ვაკანსიებს და აწვდის სტუდენტებს ინფორმაციას ამ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. მთელი წლის მანძილზე სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაესწრონ შეხვედრებს და წარმართონ მოლაპარაკება სხვადასხვა ცნობილ დამსაქმებელ კომპანიებთან, რომელთა წარმომადგენლებიც პირადად ეცნობიან მათ, მიიჩნევენ მომავალ თანამშრომლებად და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

გაცნობითი პროგრამები – აგრარული უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს გაცნობით პროგრამებს აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც მე-12 კლასელებს საშუალება ეძლევათ გამოცდების ჩაბარებამდე, დროებით, ჩვენი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.

შემეცნებითი კონკურსები – აგრარული უნივერსიტეტი მაისის თვეში აბიტურიენტებისთვის ატარებს ორ საინტერესო შემეცნებით კონკურსს „ედისონის ლიგა“ და „ლავუაზიეს“ წრე. კონკურსში მონაწილეობს აბიტურიენტების 300-მდე გუნდი მთელი საქართველოდან. კონკურსის უკლებლივ ყველა მონაწილე მიიღებს სასწავლო გრანტს აგრარული უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში. ორივე კონკურსის გამარჯვებული გუნდები სკოლის დირექტორთან ერთად გაემგზავრებიან საზღვარგარეთ. წარმატებული გუნდები დაჯილდოვდებიან საინტერესო პრიზებით.

ბიბლიოთეკა – აგრარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პროცესს. ბიბლიოთეკაში თავმოყრილია სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის აუცილებელი სახელმძღვანელოები, ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები, როგორც ბეჭდური ასევე ელექტრონული სახით.

სტუდენტური ცხოვრება – ჩვენ გამოვირჩევით საუნივერსიტეტო ცხოვრების მრავალფეროვნებით. ჩვენთან შეგიძლია მოისმინო ცნობილ მეცნიერთა და სხვადასხვა სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთა საჯარო ლექციები, მათ შორის, ტელეპრეზენსის სალეციო სისტემით. სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად გაემგზავრები ექსპედიეციეში საქართველოსა, თუ უცხოეთის სხვადასხვა კუთხეში. საშუალება გექნება, საკუთარი ინტერესების მიხედვით, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბო ან შეარჩიო უკვე არსებული კლუბი. შეძლებ მისდიო სპორტის შენთვის საინტერესო სახეობებს. ჩვენთან ფუნქციონირებს დიდი სპორტული ცენტრი – კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, მინიფეხბურთის, ხელბურთის დარბაზებითა და სატრენაჟორო სტუდიით. თუკი, სურვილი გექნება მონაწილეობას მიიღებ საუნივერსიტეტო სპორტულ შეჯიბრებებში “მან-სან-კანი”-ის ჩემპიონატში ან ჩაერთვები ინტელექტუალურ კონკურსში “რა? სად? როდის?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური