რატომ ურთულდებათ კომპლექსური დავალება მოსწავლეებსა და მშობლებს? – „მასწავლებელი ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“
შემოქმედებითი პროდუქტი თუ თავსატეხი მოსწავლეებისთვის – რა არის კომპლექსური დავალება, რომელზე მუშაობასაც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში შემუშავებული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს და რომელსაც არამარტო „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული, არამედ სურვილის შემთხვევაში, სხვა საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.
მოსწავლეთა მშობლების ნაწილისთვის გაუგებარია, რა არის ამ ტიპის დავალების არსი და რა მიზანს ემსახურება მისი შესრულება. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ განათლების რეფორმას და მიიჩნევენ, რომ ეს არის რეფორმა რეფორმისთვის.
EDU.ARIS.GE-ს თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის მშობელი ნათია კოკოლაშვილი უყვება, რომ მათემატიკის კომპლექსური დავალება იმდენად რთული აღმოჩნდა მოსწავლისთვის, რომ მშობლის ჩარევა გახდა აუცილებელი.
„შარშან შევეჩეხეთ მათემატიკის კომპლექსურზე პრობლემებს იმის გამო, რომ დავალება არ იყო დახვეწილი. ორჯერ წერეს და ორივეჯერ პრობლემა შეიქმნა. მშობლებს გვიწევდა ჩარევა და დახმარება, იმდენად რთული აღმოჩნდა ბავშვებისთვის. ახალი იყო პედაგოგებისთვისაც და ალბათ, ვერ მოახერხეს კარგად გააზრება. წელს, ახლა იწყებენ წერას და ვარ დაკვირვების პროცესში. აღარ ვაპირებ ჩარევას. მაინტერესებს, რამდენად მოარგებენ პედაგოგები და შეძლებენ ბავშვები დამოუკიდებლად დაწერას. თქვეს, რომ გასწორდა პრობლემები და დაიხვეწა კომპლექსურებიც. ვნახოთ, რა იქნება“, – გვეუბნება მშობელი.
არიან მშობლები, ვინც საკუთარი შეხედულება საკითხზე უკვე მკაფიოდ ჩამოაყალიბა და მიაჩნიათ, რომ ეს დავალება არ არის მორგებული ბავშვების უნარებზე. როგორც თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის მშობელი, სოფო რაფავა ჩვენთან საუბარში ამბობს, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბავშვებს კომპლექსური დავალების შესრულება უჭირთ.
მისივე შეფასებით, დავალებები, საბოლოო ჯამში, არაფრისმომცემია და მასზე მუშაობა არც მასწავლებლებს სიამოვნებთ.
„ბავშვების კომპლექსურ დავალებებში ერევიან მშობლები, მეც ჩავრეულვარ. კომპლექსური დავალებები არ არის ბავშვების უნარებზე მორგებული. შესაძლოა, რამდენიმე ბავშვზე მორგებულია, მაგრამ არა მთელ კლასზე. ეს არაფრისმომცემია… ვერ ვამჩნევ, რომ თავად მასწავლებლებიც კომპლექსურ დავალებებს სიამოვნებით უყურებდნენ. არ ვსაუბრობ კონკრეტულად ჩვენს მასწავლებლებზე. ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს ველაპარაკე, სადაც არ ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს, მითხრა, რომ თქვენი სკოლა ჩაერთო მეტიჩრების სიაში, ჩვენი ჩართული არ არისო“, – ამბობს რაფავა.
როგორც მშობელი გვიხსნის, მისთვის პრობლემურია ასევე ის, რომ მოსწავლეს არ შეუძლია, სურვილის მიხედვით აირჩიოს საგანი, რომელშიც კომპლექსურ დავალებებს მოამზადებს.
რაფავა ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის დავალებებზე მუშაობა შედეგიანი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა.
„ამის გარდა, კონკრეტულ შეხვედრაზე დავსვი შეკითხვა – თუ არის შესაძლებელი, რომ ბავშვმა რომელ საგანშიც უნდა, იმ საგანში შეასრულოს კომპლექსური დავალება. იქნება შემდეგ ეს ხარისხიანიც, შედეგიანიც. ის, რომ ვალდებულების მოხდის მიზნით რაღაცას აკეთებს, ამას არ აქვს არანაირი შედეგი. მართალია, ყველა საგანში არ აკეთებენ კომპლექსურ დავალებებს, მაგრამ მაინც ხომ განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საგნებია“, – აცხადებს მშობელი.
მშობელთა ერთი ნაწილის პოზიციის გაცნობის შემდეგ, შევეცადეთ გაგვერკვია, სად არის პრობლემა, მოსწავლეში, რომელსაც კომპლექსური დავალების შესრულება უჭირს, მასწავლებელში, რომელმაც უნდა შექმნას მოსწავლის უნარებზე მორგებული დავალება, თუ ექსპერტში („ახალი სკლის მოდელის“ ქოუჩი, ავტ.), რომელიც უშუალოდ მუშაობს პედაგოგთან ასეთი ტიპის დავალებების დაგეგმვისა თუ მათი ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავების საკითხებზე. EDU.ARIS.GE-მ შეკითხვებით ეროვნული სასწავლო გეგმის დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტს, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, როლანდ ხოჯანაშვილს მიმართა.
ხოჯანაშვილი პრობლემას როგორ მშობლებში, ისე მასწავლებლებში ხედავს. მისი აზრით, მშობლებს კომპლექსური დავალებები იმიტომ ერთულებათ, რომ მათ მოსწავლეობის პერიოდში ამ მიდგომებით არ უსწავლიათ და ისინი შვილებს, ხშირ შემთხვევაში, კლიშეში აქცევენ.
„როდესაც მშობლები მოსწავლეები იყვნენ, ასეთი ტიპის დავალებები არ შეუსრულებიათ. როდესაც დაინტერესებულმა მშობელმა შეხედა კომპლექსური დავალების პირობას, ერთულა და ბავშვი მოაქცია კლიშეში – ვაიმე, შვილო, ეს რა საშინელება მოუციათ შენთვის. მიეცით ბავშვს თავისუფლება, შეცდომის დაშვების უფლებაც მიეცით… ზოგადად, არ მგონია, რომ კომპლექსური დავალებების პირობა ისეთი იყოს, რომელსაც ვერ შეასრულებს მოსწავლე. რაც შეეხება მშობლებისგან იმის თქმას, რომ მათაც კი უჭირთ ამ დავალებების შესრულება, არის სრულიად ბუნებრივი იმიტომ, რომ ეს დავალებები უნდა შეიქმნას ბავშვებისთვის და არა მშობლებისთვის… ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ერთი მოსწავლის გარდა, დავალებაში სხვებიც შეიძლება იყვნენ ჩართული, ხდება გუნდური მუშაობის დროს და არა პლაგიატის დროს… მოსწავლეს კომპლექსური დავალება არ უნდა მიეცეს მანამდე, ვიდრე ყველა ის ინგრენდიენტი, რაც ამ დავალებისთვის საჭიროა, არ იქნება მისთვის ცნობილი. მან უნდა გაიაროს ყველა ის აქტივობა სასწავლო პროცესში, რაც საჭირო იქნება დავალების შესრულებისთვის“, – აცხადებს ხოჯანაშვილი.
რაც შეეხება პედაგოგებს, მისივე თქმით, საგნის ექსპერტები მასწავლებლებს „სათქმელს სწორად ეუბნებიან“ და ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რას მიიტანენ ისინი ბავშვებამდე.
საგნის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მასწავლებელი არა ხელფასზე, არამედ კლასში მიღებულ შედეგზე, არა „ჩაძახე-ამოძახეს“ პრინიციპზე, არამედ ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„მე არ მეგულება არც ერთი საგნობრივი ექსპერტი, რომელიც სწორად არ ეუბნებოდეს სათქმელს მასწავლებელს. მასწავლებელი როგორ მიიტანს ამას კლასში, ამაზე ექსპერტები პასუხისმგებელნი ვერ გავხდებით. არის კიდევ ერთი სტერეოტიპული მიდგომა – ის გატკეპნილი გზა, რაც უკვე გავიარეთ პედაგოგებმა მე-20 საუკუნეში – შედი, დატოვე ინფორმაცია კლასში და მოსთხოვე მეორე დღეს, რაც ჩაძახე-ამოძახეს პრინციპს გულისხმობს, მაგრამ უნდა გადავიდეთ ცოდნის აგებაზე… მასწავლებლებმა ყური უნდა დაუგდონ კონსტრუქტივიზმის მთავარ მოთხოვნებს და შემდეგ აღარაფერი იქნება პრობლემა… სამწუხაროდ, დიდი ხანია, მასწავლებლები დავეჩვიეთ ერთ რამეს, რომ აღჭურვილები ვართ თეორიული ცოდნით იმიტომ, რომ გამოცდები ჩავაბაროთ, ავიმაღლოთ სტატუსი და ხელფასისთვის გვაქვს უფრო მეტი მოტივაცია, ვიდრე კლასში რა გვექნება შედეგები. მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი მოტივატორი შედეგი უნდა იყოს და არა ხელფასი… თუკი, ჩვენ თეორიულად პროფესიულ უნარებს ვაბარებთ ათიანზე და ათიანზე ამ ნიშნის შესაბამის უნარებს არ ვავლენთ, ჩვენი თეორიული ცოდნა არის დაკარგული“, – ამბობს ხოჯანაშვილი.
მთავარ შეკითხვაზე, არის თუ არა ეს რეფორმა რეფორმისთვის, ექსპერტმა, რომელიც ამავე დროს პედაგოგიცაა, ასე გვიპასუხა:
„მშობლებს აქვთ ამის თქმის უფლება. სკოლამდე ყოველთვის მოდის რაღაც ინიციატივები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ამართლებს იმიტომ, რომ ჩვენ რამის ბრმად აღებას ან უარყოფას შევეჩვიეთ… არა, ეს ნამდვილად არ არის რეფორმა რეფორმისთვის. ნებისმიერ კლასში შევალ და ვაჩვენებ, რომ ეს არის რეფორმა ბავშვებისთვის“.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება