GE

„რეგიონებიდან ჩამოვდივართ… ხომ შეიძლება, შვილს ადამიანურად ვუგულშემატკივრო“ – მშობლები გორის ცენტრიდან

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან აბიტურიენტის კიდევ ერთი გულშემატკივარი გახდა შეუძლოდ. ასეთი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა და ამ შემთხვევაშიც, აბიტურიენტებისთვის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დახმარება გულშემატკივარს აღმოუჩინეს.

„ფეხზე დიდხანს ვიდექი. მზეც თავისას შვრება და თავი შეუძლოდ ამის გამო ვიგრძენი. კიდევ კარგი, ხალხიც იყო აქ და ყურადღება მომაქციეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ქალბატონმა.

გულშემატკივრები ამბობენ, რომ ისინი გორიდან მოშორებით ცხოვრობენ, იძულებული არიან, სახლში გამოცდის დასრულებამდე არ წავიდნენ და საათობით უწევთ მზეზე მოცდა.

ცუდად გახდომის ფაქტის განმეორების შემდეგ, გულშემატკივრებში გაჩნდა მოთხოვნა და სურვილი, იქნებ რამდენიმე სკამი დაიდგას ცენტრის მიმდებარედ, რომ დასვენება შეძლონ.
„დავისიცხე და უკვე ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ხომ შეიძლება, სკამები დაგვიდგან და ადამიანურად შევძლო ჩემი შვილის გულშემატკივრობა. მივმართავ მერიას და სამინისტროს, გაითვალისწინონ!“ – თქვა მიმოზა ჯაბაშვილმა საგამოცდო ცენტრთან.

რუსუდან ლაფაჩი, გულშემატკივარი დედა: რეგიონებიდან გვიწევს ჩამოსვლა, სკამებიც ძალიან კარგი იქნება და საპირფარეშოც. ჩამოვჯდებით და აღარ გადავიქანცებით. ისედაც ძალიან ვნერვიულობ ჩემი შვილის გამო. ორი სკამის მოტანას დიდი არაფერი უნდა.

ნინო მათეშვილი, გულშემატკივარი: „ხან ღობეს მივეყუდები, ხან ასფალტზე ჩამოვჯდები ხოლმე. სკამების დადგმა კარგი გამოსავალი იქნება. ისე, ერთი საპირფარეშოც რომ იყოს, არაფერი დაშავდება. მთელი ქალაქი მოვიარე გაჭირვებულმა ქალმა და ტუალეტი ვერსად ვნახე. დროებით რომ მოიტანონ და ჩადგან აქვე ახლოს, ხომ არაფერი დაშავდება“.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური