GE

რეპეტიტორი – “სცენიდან გასაყვანი” მოთამაშე, თუ მოსწავლის რეალური საყრდენი

„სკოლებში ბოლო ორი კლასი გაძლიერდება და რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან“, – განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ნათქვამ ამ სიტყვებს ისევე ოპტიმისტურად არ უყურებენ პედაგოგები, რეპეტიტორები და მოსწავლეები, როგორ თავად მინისტრი.

„როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება, ბოლო ორი წელი გადაიქცევა უნივერსიტეტში ჩასაბარებელ მოსამზადებელ პერიოდად და ამით მაქსიმალურად შემცირდება რეპეტიტორის საჭიროება“, – დააზუსტა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მინისტრის ნათქვამი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირინა ფრუიძემ, რომელიც  საარჩევნო პროგრამის განათლების ნაწილის ერთ-ერთი თანაავტორიცაა.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ოცნების“ მიერ განათლების სფეროში  დაგეგმილ ამ რეფორმას სკეპტიკურად უყურებენ თავად პედაგოგები. პირველ პრობლემად ისინი კლასებში მოსწავლეთა დიდ რაოდენობას ასახელებენ.

„ჩემი სურვილია, ბოლო კლასებში სწავლა გაძლიერდეს და რეპეტიტორის საჭიროება აღარ იყოს, თუმცა ამას ბევრი მუშაობა სჭირდება. დღევანდელ პირობებში ეს შეუძლებელია. მით უმეტეს, კლასში ბევრი ბავშვია. 20 ბავშვი კლასში ძალიან ბევრია. სკოლაში სწავლის გაძლიერებას ბევრი დრო დასჭირდება. სკოლის ავტორიტეტი უნდა გაიზარდოს. ეს ავტორიტეტი აქვთ ერთეულ, კერძო სკოლებს.

ეროვნული გამოცდებისთვის ვერა, მაგრამ „კატის“ გამოცდებისთვის ბავშვებისთვის ცოდნის მიცემას სკოლაშიც ვახერხებთ. ეროვნული გამოცდებისთვის რომ მოვაზადოთ სკოლაში მოსწავლე, ესეც მიღწევადია, თუ მასწავლებელი იმუშავებს თანამედროვე მეთოდებით ბავშვებთან. თუმცა, ზოგადად, ჩვენი მიზანი განათლების მიღება უნდა იყოს და არა – ორიენტაცია გამოცდებზე. მე მაბრაზებს ასეთი მიდგომა. ეროვნულ სასწავლო მიზნებშიც  წერია, რომ სკოლამ განათლებული ახალგაზრდა უნდა აღზარდოს და არა ორიენტირებული იყოს გამოცდებზე“, – განაცხადა  126- საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა მანანა სეხნიაშვილმა.

14543527_1239113162776577_1798801274_nქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი თიკო კვიჟინაძე ფიქრობს, რომ პრობლემის დაძლევას, მოსწავლეს რეპეტიტორი რომ აღარ დასჭირდეს,  რამდენიმე კი არა, ათეულობით წლები დასჭირდება საქართველოში და უახლოეს მომავალში მიუღწევადია.

„ვიდრე მასწავლებელი არ გახდება ის ფიგურა ქვეყანაში, რომ მისი შრომა და ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ვიდრე ერთმანეთის გაკრიტიკებას და გაკიცხვას არ დავასრულებთ ჩვენვე, პედაგოგები, ეხება ეს გამოცდებს თუ სხვა საკითხს, სწავლა მანამდე გაუფასურებული იქნება და რეპეტიტორობა იქნება აუცილებლად პრივილეგირებული!

ბავშვი რომ წაიკითხავს სოციალურ ქსელში, როგორ კიცხავენ პედაგოგები ერთმანეთს და როგორ მოიხსენიებენ (უცოდინარო და არაკომტენტუროო), მისთვის მასწავლებლის ავტორიტეტი რომ ნულს უტოლდება, ამას რად უნდა პიაჟეს თეორიის სწავლა და ბლუმის ტაქსონომიაზე ტრენინგის ჩატარება?! ამიტომ მასწავლებლის ავტორიტეტი ძალზედ დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა, რაც დამერწმუნეთ, ტრაგედიის ტოლფასია!

სამინისტრომ ჯერ პენსიონერ პედაგოგს უნდა მოუმატოს გარკვეული პენსია, რომ მან დაუნანებლად დატოვოს სკოლა. ეს რომ მოგვარდება, ახალგაზრდა კადრი რომ მივა სკოლაში და ენერგიულად შეუდგება სწავლა-სწავლების პროცესს, შეიტანს უამრავ სიახლეს და მრავალმხრივ დააინტერესებს მოსწავლეს, მერე მიიღწევა შედეგი! ამდენი უსარგებლო მაკულატურის ბეჭდვას და უზარმაზარი თანხების დახარჯვას ტრენინგებისათვის, სჯობს, რომ დაასაქმონ შრომისუნარიანი პედაგოგები!

როგორ ფიქრობთ, კლასში რომ 35 მოსწავლე იქნება, ყველა მათგანი ცალკე რომ არ ატარო რეპეტიტორთან, რამე განათლებას მიიღებს?! არა, რა თქმა უნდა! კლასში როდესაც 15-20 ბვშვია, შედეგიც ძალიან კარგია.

ვიდრე ყველა სამინისტროს სათავეში არ იქნება ამავე დარგის სპეციალისტი და პროფესიონალი, რომელსაც იქამდე მისასვლელი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ  ექნება გავლილი და ყველა სირთულე და დაბრკოლება დიდი ძალისხმევით გადალახული, მანამდე ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ვერ ჩამოყალიბდება!“ – აღნიშნა თიკო კვიჟინაძემ.

EDU.ARISGE-მ აღნიშნულ საკითხზე აზრი მოსწავლეებსაც ჰკითხა. მათაც მიაჩნიათ, რომ სკოლაში სწავლა მალე ვერ გაძლიერდება და რეპეტიტორი ყოველთვის დასჭირდებათ, ვინაიდან ძალიან ბევრი გამოცდის ჩაბარება უწევთ.

14518808_1239126922775201_919861113_n„ყოველ წელს უფრო და უფრო რთულდება გამოცდები, მაგრამ სწავლის დონე და ხარისხი ისევ ისეა და მომზადების გარეშე გამოცდების ჩაბარება ბავშვებს უჭირთ. ფიზიკურად შეუძლებელია რვა გამოცდისთის მომზადება, რეპეტიტორის გარეშე, სწავლის ხარისხი რომც გაძლიერდეს. ამ ცვლილებამ შეიძლება არეულობა გამოიწვიოს და ვფიქრობ, რომ მოსწავლეებსაც უნდა გვკითხონ აზრი“, – გვითხრა 107- საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა ნათია ჩუბინაშვილმა.

„მეთორმეტე კლასელები ათასში ერთხელ თუ დადიან სკოლაში და მასწავლებლები დიდად არ იწუხებენ თავს და არ ატარებენ გაკვეთილებს. რეპეტიტორი ყოველთვის იქნება საჭირო, ჩემი აზრით. ყველა სკოლაში ვერ გაძლიერდება სწავლა  ისე, როგორც ჩვენს მინისტრს სურს.

რაც შეეხება ატესტატების გაცემას თერთმეტკლასდამთავრებულებისთვის, მე ვფიქრობ, თუ ბავშვს არ უნდა სწავლა უნივერსიტეტში, მაშინ 9 კლასის დამთავრებაც საკმარისია“, – გვითხრა ახალციხის N5 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა სალომე ზაზაძემ.

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას მეთერთმეტე კლასის ბოლოს ატესტატის გაცემაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თუ ბავშვს არ უნდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება,  მას აღარ ექნება ვალდებულება, 12 კლასი დაამთავროს. თუმცა მათემატიკის რეპეტიტორი ნიკოლოზ ლელუაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მოსწავლეს მეთერთმეტე კლასამდე მიიყვანს სკოლა, მას მეთორმეტეს დასრულებაც მოუნდება.

14125094_885620754876834_1603962662168965707_o„ზოგადი განათლების სისტემა კორუფციულია. კლასში რომ ჩატოვო მოსწავლე, მას მეთორმეტეში გადასვლისას, გამოდის სწავლების მე-13-ე წელი, განათლების სამინისტრო ამას არ აფინანსებს. ყველა მასწავლებელი გაფრთხილებულია, რომ ბავშვები არ დატოვონ კლასში. ბავშვი, რომელიც მეხუთე კლასიდან არაფერს სწავლობს, მეათე კლასში ისე გადავა, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცის, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში ფრთები ამოუვა?

მეთერთმეტე კლასიდან თუ გაიცემა ატესტატი, 5% თუ დაანებებს სწავლას თავს. ყველას უნდა საქართველოში უმაღლესში ჩაბარება. ფორმალური იქნება მეთერთმეტეში ატესტატის გაცემა. ყველა მშობელი ტაშს დაუკრავს პროფესიულ სასწავლებლებში გაშვებას, ოღონდ სხვისი შვილისთვის. თავისი შვილისთვის კი არა. ამ რეალობის დანახვა არავის უნდა“, – განაცხადა რეპეტიტორმა.

ნიკოლოზ ლელუაშვილი მიიჩნევს, რომ რეპეტიტორობაში ცუდი არაფერია.

„მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ის ცოდნა, რომელიც რეპეტიტორმა ბოლო კლასებში მომცა, აუცილებელი და შეუდარებელი იყო. თუ ბავშვს უნდა ცოდნის სისრულეში მოყვანა, ამაში ცუდი რა არის? ადამიანს, რაც ისწავლა, ავიწყდება. „რეპეტე“ გამეორებაა. რეპეტიტორი არის გამმეორებელი და ყველაფრის სისტემაში მომყვანი.  ახლა  რეპეტიტორები შერაცხეს „ხალხის მტრად“ და ურჩხულებად, ამდენი ფული მიაქვთო. თუ ფული მიაქვთ, დაბეგრონ და ეგ იქნება!

ცოლს უფრო ადვილად გაეყრება კაცი, ვიდრე სკოლიდან მასწავლებელს გაუშვებენ! სკოლა ისე ვერ გაძლიერდება, რომ რეპეტიტორის საჭიროება აღარ იყოს. იმიტომ, რომ ბავშვს ეზარება სწავლა და სკოლას არანაირი მექანიზმი არ აქვს, ბავშვის სიზარმაცე დაძლიოს! არც ინსტიტუტს, რადგან ის კანონიც კორუფციულია. რომ გარიცხოს ბავშვი ინსტიტუტიდან, მისი შემოტანილი თანხა აკლდება და რომელი ჭკუათმყოფელი გადაიკეტავს თავისი შემოსავლის წყაროს თავისი ხელით?

ზარმაცი მოსწავლე როდესაც რეპეტიტორთან მიდის, იძულებულია რომ ისწავლოს. მე ლიბერალი ვარ ცხოვრებაში, მაგრამ სწავლას როდესაც ეხება საქმე, ქვა და რკინა მიხდება გული. არაფერს არ ვპატიობ. მერე ყველა კმაყოფილია. არავინ არ კვდება ზედმეტი ცოდნით და სწავლით. მით უმეტეს, ზარმაცი. ამის აღიარება, რომ სიზარმაცე ძირშივე კლავს ყველაფერს, რატომ არ უნდათ, არ ვიცი! მე მიმაჩნია, რომ  არსებული განათლების სისტემის პირობებში ვერანაირი რეფორმა ვერ გაამართლებს“, – აღნიშნა ნიკოლოს ლელუაშვილმა.

nana1ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი ნანა გოგშელიძეც ფიქრობს, რომ რეპეტიტორის საჭიროება უახლოეს მომავალში ვერანაირად „ვერ გავა სცენიდან“. ამის მიზეზად ის პირველ რიგში, არაკვალიფიციური პედაგოგების დიდ რაოდენობას ასახელებს, რომლებიც სკოლებში ასწავლიან.

„სკოლაში რომ სწავლა გაძლიერდეს, ამას სათანადო პედაგოგიური ბაზა სჭირდება. თუ იმ პედაგოგებით აპირებენ მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასების გაძლიერებას, ახლა რომ 5%-მა გადალახა ბარიერი, რა შედეგი უნდა იყოს, მიხვდებით. 11-12 კლასამდეა ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ მიიყვანენ ბავშვებს. მე მყოლია სკოლიდან წამოსული უფროსკლასელები, კითხვა რომ არ იციან. მეთერთმეტე-მეთორმეტეში როგორ უნდა გააძლიერონ სწავლა, რომ ამას ჰქონდეს რეზულტატი?

სწორი ორიენტაციისთვის უმნიშვნელოვანესია, მეექვსე, მეშვიდე, მერვე კლასები. მეთერთმეტე უკვე დაგვიანებულია. რანაირად შეიძლება რეპეტიტორის ინსტიტუტის ამოგდება? ჩვენს რეალობაში წარმოუდგენელია! ღმერთმა ქნას, მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომ აღარ იყოს რეპეტიტორი საჭირო! ძალიან კარგია, თუ აღარ დასჭირდება ვიღაცას რეპეტიტორი, მაგრამ ჩვენი რეალობა სულ სხვაა.

თუ ჩვენ გვინდა მოაზროვე ბავშვის გაზრდა, ამას სტერეოტიპულად მოაზროვნე პედაგოგებისგან ვერ მივიღებთ. ეს აისახება ანალიტიკურ წერაში. შაბლონური დამოკიდებულებები, რომელიც ჩემს დროს იყო, ახლაც ძალიან ხშირად შემხვედრია აბიტურიენტების ნაწერში. ეს კონსერვატიზმი და მინისტრის ეს მოთხოვნა რამდენად შეესაბამება ერთმანეთს, დასკვნა გამოიტანოს მკითხველმა. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ეს განცხადება საფუძველსმოკლებულია. ამისთვის არ არის ბაზა, იმიტომ რომ არ გვყავს კვალიფიციური პედაგოგები.

ეს რომ მიიღწეს, პედაგოგები უნდა გადამზადდენ. უნდა იყონ ჩართული ყველა პროცესში. მათი პროფესიული ზრდა უნდა მოხდეს. მატერიალური დაინტერესებაც უნდა იყოს. უახლეს მომავალში კი ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ“, –  აღნიშნა ნანა გოგშელიძემ.

მინისტრი: “სკოლებში ბოლო ორი კლასი გაძლიერდება და რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან”

ვის შეიძლება მოეხსნას მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება – მინისტრის კომენტარი

„მოსწავლე გვავიწყდება“ – როგორ ფასდება მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილი ცვლილებები

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური