რა წერია განათლების მიმართულებით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში
მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. EDU.ARIS.GE მკითხველს პროგრამის განათლების ნაწილს უცვლელად სთავაზობს:
განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ბავშვების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება სისტემური ცვლილებები, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი. უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი განათლება. განათლების სისტემა იქნება ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიაზე ორიენტირებული. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ საქართველოს განათლების სისტემამ რეგიონში ლიდერის პოზიციები დაიკავოს და რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს.
ადრეული და სკოლამდელი განათლება
-საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება უფასო;
-ადრეული და სკოლამდელი განათლების თანაბარი მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ყველა საჯარო და კერძო ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში 2017 წლიდან ამოქმედდება ერთიანი ხარისხის სტანდარტები, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მაღალი სტანდარტები, კვებისა და ჰიგიენის ერთიანი სტანდარტი. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და არაძალადობრივი გარემო;
-ამოქმედდება აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტი. დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების პოპულარიზაცია, კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, აგრეთვე სკოლამდელ განათლებაში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება სოციალური გარანტიების გაუმჯობესებით;
– გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი, რომელსაც არ ექნება ფორმალური ხასიათი, არამედ რეალურად უზრუნველყოფს მაღალი მოთხოვნების შესრულებას;
-გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი დაწესებულებების დაფუძნება;
– წინასასკოლო ასაკის მოზარდებისთვის მხარდაჭერილი იქნება სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირება როგორც საბავშვო ბაღების, ისე სკოლების ბაზაზე.
ზოგადი განათლება
-ზოგადი განათლების მაღალი ხარისხი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა კვლავ პრიორიტეტი იქნება. ამ მიზნით უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, უსაფრთხო და ინკლუზიური, მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული სისტემისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარება. ხარისხის მაღალი სტანდარტების მისაღწევად, დაინერგება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი, სწავლისა და სწავლების მაღალ შედეგებზე ორიენტირებული სტანდარტები;
-ხარისხის ამაღლების მიზნით, შეიქმნება ახალი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროგრამები და სახელმძღვანელოები, რომელთა დანერგვა I-VI კლასებში უკვე 2017-18 სასწავლო წელს დაიწყება და შემდგომ, ეტაპობრივად დაფარავს ზოგადი განათლების სამივე საფეხურს;
-სკოლებში განსაკუთრებით გაძლიერდება ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება და სახელოვნებო მიმართულებები;
-კიდევ უფრო დაიხვეწება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. გამოცდების ჩატარების პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების როლი;
-ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. განისაზღვრება პედაგოგების პროფესიული სტანდარტი. სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება მასწავლებლების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ანაზღაურების სისტემისა და სამოტივაციო პაკეტების განვითარება. 2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევს. 2018 წლიდან, ხელფასები გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად. გაიზრდება პედაგოგთა სოციალური დაცვის გარანტიები. სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2016-19 წლებში განხორციელდება მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამები, რომელიც დაფინანსდება როგორც სახელმწიფოს მიერ, ისე ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 14-მილიონიანი პროექტის ფარგლებში
-თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც მოსწავლეების ინტერესებზე იქნება მორგებული, გახდება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მრავალფეროვან აქტივობებს და პროექტებს, რომლებიც მათ დაეხმარება ანალიტიკური, კრეატიული, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობისა და სამეწარმეო უნარების, ასევე სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების განვითარებაში, წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტულ აქტივობებს;
-სწავლა-სწავლების პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების, აგრეთვე დისტანციური სწავლების როლი. მნიშვნელოვნად გაძლიერდება სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები; მომზადდება მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები დამხმარე სასწავლო მასალისა და განმავითარებელი თამაშების სახით. დიასპორის წარმომადგენლებისათვის დაინერგება დისტანციური სწავლების გაკვეთილები ქართულ ენაში, საქართველოს გეოგრაფიასა და ისტორიაში;
-მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება უახლესი სტანდარტების შესაბამისად სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მათ შორის ახალი სკოლების მშენებლობაში. 2016-19 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის დაფინანსებით, განხორციელდება 100-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, რის შედეგადაც 37 ათასზე მეტი მოსწავლე საქართველოს რეგიონებში მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის სკოლებს;
-ამოქმედდება მცირეკონტინგენტიანი, მაღალმთიანი და სოფლის სკოლების გაძლიერების პროგრამები.
პროფესიული განათლება
-პროფესიული განათლების სისტემაში დაინერგება დუალური სწავლების მიდგომა საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, სადაც კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად სახელმწიფო და საწარმო გაინაწილებენ კომპეტენციებს, პროფესიული განათლების თეორიული და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტების მიმართულებით;
-შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, სახელმწიფო განსაზღვრავს პროფესიული განათლების ცალ- კეულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და უზრუნველყოფს დამსაქმებლების სრულფასოვან ჩართვას პროფესიული პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და სტუდენტთა შეფასების პროცესებში;
– პროფესიული განათლება ფოკუსირებული იქნება, როგორც მოზარდებისა და ახალგაზრდების, ისე ზრდასრულების საგანმანათლებლო საჭიროებებზე. შეიქმნება ზრდასრულთა განათლების სისტემა. კერძო სექტორთან თანამშრომლობით ამოქმედდება პროფესიული მომზადება-გადამზადების მრავალფეროვანი პროგრამები. პარალელურად, შეიქმნება პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაში გადასვლის მოქნილი მექანიზმები, სისტემა გახდება უფრო ღია და ინკლუზიური;
-დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების პარალელურად, სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიზნით, ასევე პრიორიტეტი იქნება სამეწარმეო განათლება. პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სტუდენტები ისწავლიან მეწარმეობას. ამგვარად, მომზადდება მცოდნე კადრი, რომელიც დასაქმების გარდა, სახელმწიფოს თუ საბანკო სექტორის მიერ გატარებულ სამეწარმეო საქმიანობის მხარდამჭერ ღონისძიებებში (კონკურსები, დაფინანსებები, სტარტაპების წახალისება) მონაწილეობას და ბიზნესის დაწყებას საკუთარი პროფესიის შესაბამისად შეძლებს;
-ამოქმედდება ევროპული მიდგომების შესაბამისად მომზადებული ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა და დასაქმებულთა მობილობას და უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხელი შეეწყობათ განახორციელონ ერთობლივი პროგრამები ევროპულ და სხვა წარმატებულ სასწავლებლებთან ერთად, მოამზადონ კადრები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის
ამოქმედდება პროფესიული განვითარების მწყობრი სისტემა, წახალისებული იქნება მათი სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ. სახელფასო პოლიტიკა დაეფუძნება ცოდნის, გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების ანალიზს;
-აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტით, 16 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა 2016-19 წლებში, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების ახალი პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის მიზნით;
-განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში გაფართოვდება არსებული გეოგრაფიული ქსელი.
უმაღლესი განათლება
-უმაღლესი განათლების დაფინანსება ორიენ- ტირებული იქნება ქვეყნის განვითარების საჭიროებებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პრიორიტეტებსა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება და დაფინანსდება უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები;
-დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვისა და დაფინანსების ახალი, ეფექტური მოდელები; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი, შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სტანდარტები და პროცედურები ორიენტირებული იქნება ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაზე. განხორციელდება მეცნიერული კვლევის ინტეგრაცია სწავლების პროცესში;
-დაინერგება ახალი, ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო სწავლების მოდელი მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად დაფინანსდება 1000-მდე პირი და ხელი შეეწყობა სკოლებში მათ დასაქმებას;
-მხარდაჭერილი იქნება სპეციალური პროგრამები საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში მოღვაწე წამყვანი ქართველი მეცნიერების უმაღლესი განათლების სისტემაში რეინტეგრაციის მიზნით;
-ხელისუფლება განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის, დისტანციური სწავლების განვითარებას;
-ხელისუფლება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას;
-საქართველოს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირების მიზნით, განხორციელდება უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოზიდვის მასშტაბური პროექტი – „ისწავლე საქართველოში“.
-ქუთაისში აშენდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც წამყვანი რეგიონული ცენტრი გახდება ზუსტი, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური და საინჟინრო მიმართულებით.
გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება