„მოსწავლე გვავიწყდება“ – როგორ ფასდება მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილი ცვლილებები
2016 წლის ივნისში მოსულმა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში ბევრი ცვლილება დააანონსა. “არდადეგების მინისტრმა” როგორც მას უკვე უწოდეს, ცვლილებები ვერა, მაგრამ ბევრი ახალი იდეის გაჟღერება მოასწრო.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსვლისთანავე “შეუტია” მისი წინამორბედის თამარ სანიკიძის ხელმძღვანელობით მრავალგზის გადამუშავებულ, შეჯერებულ, განხილულ, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას და როგორც თავად აცხადებს, უახლოეს მომავალში პედაგოგებისთვის მისი დახვეწილი ვარიანტის შეთავაზებას გეგმავს.
სქემის ახალ ვარიანტში, მინისტრის თქმით, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდა აღდგება, ოღონდ ნებაყოფლობითი იქნება მისი ჩაბარება. ასევე შეიცვლება ის დათქმა, რომ 3 წლის შემდეგ გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში პედაგოგი სკოლას დატოვებს. EDU.ARIS.GE-მ აღნიშნული გადაწყვეტილების შეფასება თავად პედაგოგებს და განათლების სფეროს წარმომადგენლებს სთხოვა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნავარძეთის ქართული ენის და ლიტერატურის სერთიფიცირებული მასწავლებელს თინათინ გოცაძეს მოსწონს, რომ დაბრუნდება პროფესიული უნარების გამოცდა, ასევე ის ფაქტიც რომ ნებაყოფილებითი იქნება მისი ჩაბარება და მასწავლებელს არ ექნება შიში იმისა, რომ თუ ვერ ჩააბარებს გამოცდას, სამსახურს დატოვებს.
“ამ გამოცდის დადებითი მხარეა ის, რომ მასწავლებელი მუდმივად “მოძრაობის” პროცესშია და არ მიჰყვება მდინარის დინებას, ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. ამ გამოცდის დახმარებით მოსწავლეებთან, მათ შორის ინკლუზიურ და შშმ მოსწავლეებთან ურთიერთობას უფრო ადვილად ამყარებ. ამავდროულად, სერტიფიცირებული მასწავლებლის სახელფასო ანაზღაურებაც განსხვავებულია. თუმცა ეს გამოცდა არ უნდა იყოს დაუძლეველი. ისე, როგორც იყო: მასწავლებელთა ძალიან მცირე რაოდენობა რომ აბარებდა.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, გამოცდაჩაუბარებელი პედაგოგი სკოლას რომ არ დატოვებს, ბუნებრივია, მომწონს არა იმიტომ, რომ მასწავლებლების მხარეს ვიჭერ, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად, მასწავლებლებს რეპუტაცია არ შეელახოს და ისედაც იშვიათი მასწავლებლობლობის მსურველსაც არ დაეკარგოს სურვილი. მასწავლებლებმა მართლაც რომ გმირობა ჩაიდინეს 90-იან წლებში, როცა წლობით, ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“ , – გვითხრა თინათინ გოცაძემ.
სიონის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი სარა კურეტიშვილი მიიჩნევს, რომ სიახლე კარგია, თუმცა გაუთავებელი ცვლილებების ფონზე მოსწავლე არ უნდა დაგვავიწყდეს.
„5 წელია, სკოლაში ვარ და რაც ყველაზე ძნელია, სულ გაუთავებელი ცვლილებებია. გული მწყდება, როგორ ვერ მოინახა გზა, რომელიც უშველის განათლების სისტემას. იმას არ ვამბობ, რომ რამე არ უნდა შევცვალოთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხანდახან მოსწავლე გვავიწყდება. მივესალმები ყველანაირ სიახლეს, რაც მასწავლებლებს დაეხმარება თვითგანვითარებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გამოცდების ხარჯზე ვერ მოხდება. როგორც ვიცი, უნარების გამოცდა, რომ გაუქმდა, სქემის მიხედვით კრედიტების დაგროვება ტრენინგების გავლით მოხდებოდა, რაც ვფიქრობ, უფრო ნაყოფიერი იქნებოდა ყველასთვის. რაც შეეხება საგნის აღდგენას, მასწავლებლებს, ალბათ, არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ. ვისაც რა ფორმით ურჩევნია, ისე მიაღწიოს სასურველ შედეგს”, – ამბობს სარა კურეტიშვილი.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ სამი წლის მერე პედაგოგების სკოლიდან არ გაშვება, გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მათთვის სტიმულის მიმცემი იქნება.
“ყველაფერი მხოლოდ სახელმწიფოს დავაბრალოთ, ასეც არ შეიძლება. 3 წლის განმავლობაში რომ ერთ გამოცდას ვერ ჩავაბარებთ, ალბათ, ჩვენი ბრალიც არის რაღაც (ჩემი პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ორივე გამოცდა ჩავაბარე. არ ვთვლი, რომ განსაკუთრებული სირთულის იყო, თუმცა არც მარტივია, რა თქმა უნდა). მასწავლებელს გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში 3 წლის შემდეგ რომ აღარ მოუწევს სკოლის დატოვება, ეს გადაწყვეტილება, ალბათ, უფრო სტიმულს მისცემს პედაგოგებს და მშვიდად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ყველას წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა, მალე დავამტკიცებთ, რომ გამოცდები ნამდვილად არაა ჩვენი „აქილევსის ქუსლი”, – აღნიშნა სარა კურეტიშვილმა.
მასწავლებელი გამოცდას თუ ვერ ჩააბარებს მაშინ – არა, მაგრამ საკუთარ კომპეტენციებს თუ ვერ დაადასტურებს შემდგომი 3 წლის განმავლობაში, მაინც მოუწევს სკოლის დატოვება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, გამოცდის საპირწონე ტრენინგები, კონფერენციებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა შეიძლება იყოს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხური საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ჭეიძე მიიჩნევს, რომ ყველა მასწავლებელმა ერთნაირად უნდა ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდები. მისი თქმით, ზოგმა ტრენინგი გაიაროს, ზოგმა გამოცდა ჩააბაროს, ასე არ ივარგებს. რაც შეეხება სკოლიდან გაშვების საკითხს, როგორც დალი ჭეიძემ აღნიშნა, ეს საკითხი არქართულენოვანი სკოლებისთვის უფრო რთულია.
“მასწავლებლები გამოცდისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ და ახლა რა გამოდის, 2-კვირიან ტრენინგებს გაივლიან და სერტიფიკატს იღებენ? თავის მოტყუება მგონია ეს.
რაც შეეხება არასერტიფიცირებული მასწავლებლების გაშვებას, ძალიან რთული საკითხია. არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა 90 პროცენტს, თუ მეტს არა, არ აქვს სერტიფიკატი, ჯერჯერობით. 3 წლის შემდეგაც არ ექნება უმეტესობას, და რა ნიშნით გაუშვებენ მხოლოდ ქართული სკოლებიდან პედაგოგებს? გასაგებია, რომ მოუმზადებელი პედაგოგი არ უნდა ასწავლიდეს ბავშვებს, მაგრამ რა მექანიზმით უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება თუნდაც უმუშევარი სერტიფიცირებული მასწავლებლებით, არ ვიცი.
არანაირი კონკურენცია არ არის არქართულენოვან სკოლებში (მაღალმთიან სოფლებს ვგულისხმობ უფრო). არასერტიფიცირებულები რომ გაუშვან, სანამ შემცვლელ კადრებს არ მოამზადებენ, რა უნდა გააკეთონ, სკოლები დახურონ? ჰოდა, ვიტრიალებთ ასე ერთ წრეზე კიდევ კარგა ხანს. ისე, ძველი კადრებიდან ვისაც ჩაბარების თავი ჰქონდა, მცირე გამონაკლისის გარდა ყველამ ჩააბარა და უფრო და უფრო დაბალი შედეგები იქნება ამის შემდეგ, მე ასე ვფიქრობ. რაც შეეხება უნარების გამოცდას, მის ნაცვლად თავიდანვე სხვა ფორმა გამოეძებნათ მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა, უკეთესი იქნებოდა”, – გვითხრა დალი ჭეიძემ, რომელსაც თავად ჩაბარებული აქვს 3 საგნობრივი გამოცდა (ქართული ენა, ქართული ენა I-VI კლ. და ქართული, როგორც მეორე ენა).
“მინისტრის განცხადებები უფრო მისი მოსაზრებებია და არა გადაწყვეტილებები, უბრალოდ საზოგადოებამ აღიქვა მინისტრის ეს მოსაზრებები გადაწყვეტილებებად. სხვაგვარად წარმოუდგენელია”, – გვითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა, როდესაც მას მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება ვთხოვეთ.
“მინდა გითხრათ, რომ მინისტრის განცხადებები ერთპიროვნულად მეჩვენება. ვფიქრობ, ვიდრე რაიმე განცხდებას გააკეთებ ამა თუ იმ საკითხზე, პროფესიულ საზოგადოებას უნდა გაესაუბრო, საკითხთან დაკავშირებით არსებული კვლევები შეისწავლო, შეკრიბო კომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანთა ჯგუფმა და არა ერთმა ადამიანმა. ამ ეტაპზე მინისტრი აკეთებს აბსოლუტურად იმპულსურ, პოპულისტურ განცხადებებს, რომელიც უფრო არჩევნებზეა გათვლილი, ვიდრე სისტემის გაუმჯობესებაზე. მისი ეს განცხადებები არგუმენტაციას მოკლებულია”.
ქეთევან ჭკუასელს მიაჩნია, რომ გარკვეული წლების შემდეგ, მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს ცოდნა საგანში ან შესაძლოა ეს აქტივობა შეიცვალოს სხვა აქტივობებით, რომელიც ასევე მასწავლებლის საგნობრივი ცოდნის დამადასტურებელი იქნება, მაგ. მოსწავლეთა წარმატებები, საოლიმპიადო კომიტეტებში ჩართულობა, გამოქვეყნებული სტატიები და სხვა. მაგრამ ასევე ფიქრობს, რომ ვიდრე მასწავლებელს გამოცდის ჩაბარებას მოსთხოვ, მანამდე აუცილებელია მისი დახმარება სერიოზული საგნობრივი, და არა ორდღიანი ტრენინგებით, რომელიც ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს, რაც, მისი თქმით, კიდეც დადასტურდა.
“მე პირადად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საგნის გამოცდის მომხრე ვარ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდამდე სახელმწიფო მასწავლებელს დახმარებას გაუწევს გრძელვადიანი და არა ორდღიანი ან ერთკვირიანი ტრენინგებით. რთულია უთხრა მასწავლებელს, რომ ჩვენ არაფრით დაგხმარებივართ და ახლა გამოცდა უნდა ჩააბარო. ვისაც შეეძლო ხომ ჩააბარა. ვინც ვერ ჩააბარა, ვფიქრობ, სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს და თუ მაინც ვერ ჩააბარებს, შემდეგ მიმართოს შესაბამის ზომებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 3 წელიწადში უნივერსიტეტები ვერ მოამზადებენ მასწავლებელთა იმ რაოდენობას, რომ დააკმაყოფილონ იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც უნდა დატოვონ სკოლას, თუ ვერ ჩააბარეს გამოცდა. ესეც მოსაფიქრებელი იყო თავის დროზე, ვიდრე შესაბამის განცხადებებს გააკეთებდნენ.
თუ სახელმწიფოსთვის ეს არის რეგულირებადი დარგი და უნდა, რომ მასწავლებელთა არსებული კორპუსი გამოასწოროს, მაშინ რაღაც უნდა დახარჯოს”.
რაც შეეხება განათლების მინისტრის განცხადებას, რომ გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სკოლა პედაგოგს არ გაუშვებს, უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ სამი წლის შემდეგ, არავინ იცის, რა მოხდება.
“ასეთი განცხადებები ძალიან ბევრი მოგვისმენია, ძალიან ბევრჯერ განცხადებები უკან წაუღიათ და ბევრჯერ შეუსრულებიათ. არანაირად არ შეუძლია მინისტრს დღეს მასწავლებლებს უთხრას, რა იქნება 3 წლის შემდეგ. ამ ეტაპზე ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრებები, თუნდაც მინისტრი იყოს, არანაირ როლს არ თამაშობს ისეთ სერიოზულ საქმეში, როგორიც არის მასწავლებლის მომზადება და პროფესია. ამას სჭირდება კომისია, ისევ კვლევა და ისევ სახელმწიფოს დონეზე გადაწყვეტილების მიღება და არა მინისტრის მიერ გაცხადებული საკუთარი მოსაზრებები”.
როგორც ცნობილია, სანამ სქემას დაამტკიცებენ, დაგეგმილი ცვლილებები ჯერ სახელმწიფო კომისიამ უნდა განიხილოს. ქეთევან ჭკუასელი იმ კომისიის წევრია, რომელიც მასწავლებელთა სქემის შემუშავებაზე მუშაობდა. ჩვენ მას ვკითხეთ, როგორც კომისიის წევრი, თუ იყო ცვლილებების შესახებ საქმის კურსში.
“მე პირადად, არ ვარ საქმის კურსში სქემაში ცვლილებების შესახებ, არავის დავუძახებივარ. თუ გააუქმეს სამთავრობო კომისია, არც ეს ვიცი. როდესაც კომისია შეიკრიბა, ჩვენ გვითხრეს, რომ სისტემატიურად შევხვდებოდით. საპილოტე წელი გავიდა და არავის დავუძახებივარ. ეს ისევ თავის მოტყუებაა. მოვალეობის მოხდაა და არა საქმის კეთება. ასე არაფერი გამოვა. სკოლა ის ფენომენია, რომელთანაც შეხება მთელ საზოგადოებას აქვს. საზოგადოებას კი არაფერი გამოეპარება. სკოლა პრაქტიკულად დაშლის ზღვარზეა და ნუ დავაბრალებთ ყველაფერს მასწავლებელს და სკოლის ხელმძღვანელობას. ამაზე პასუხისმგებლობა მთელმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა ავიღოთ”, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა.
როდის უნდა ჩანაცვლდნენ არაკვალიფიციური მასწავლებლები ახლით – მინისტრის პოზიცია
„მასწავლებელმა საკუთარი კომპეტენცია არ დაადასტუროს და სკოლაში დარჩეს, ასეთი რამ არ მოხდება“
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება