რექტორი: „თსუ–ში ახალი წლიდან თანხების გადანაწილებაზე სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ“
„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტების პროტესტი და შესაბამისად თსუ-ის მე-6 კორპუსის პიკეტირება ისევ გრძელდება. რექტორი გიორგი შარვაშიძე კი კვლავ უცვლელ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ ურთიერთობის ეს ფორმები მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
„კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც მე-6 კორპუსის აჭედვის გამო, მაღლივ კორპუსში უწევს სიარული. ახალი წლიდან უნივერსტეტის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება და ახლა ამაზე ვმუშაობთ კიდეც,“ – აღნიშნავს EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გორგი შარვაშიძე და იქვე დასძენს, რომ მისთვის სტუდენტების ამ ნაწილის მოთხოვნები კვლავ გაუგებარია.
–როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ აუდიტორია 115-ის სტუდენტები უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირებას განაგრძობენ, რის გამოც ამ კორპუსში სასწავლო პროცესია შეწყეტილი?
გიორგი შარვაშიძე: დავიწყებ იმით, რომ ეს არ გახლავთ პიკეტირება. უნივერსიტეტის კარის აჭედვა რომ კარგი ფორმა არაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ძალიან ცუდია, რომ სხვისი უფლებების ხარჯზე რაიმეს დამტკიცება გვსურს და მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის სრულიად გაუგებარია რას ვითხოვთ. რატომ? – იმიტომ, ამ საკითხზე ყველა ფორმატში არაერთი შეხვედრა შედგა, ყველა თანხმდება, რომ ის ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს, გასაკეთებელია. ამდენად, სტუდენტების ერთი ნაწილის საპროტესტო მუხტი არ მესმის, გაუგებარია რატომ გრძელდება ეს ყველაფერი დღემდე.
–გამოდის, რომ არც ერთ საკითხში არ ეთანხმებით… ამჟამად კომუნიკაცია თუ გაქვთ მათთან და ხომ არ გეგმავთ რაიმე მეთოდით მე-6 კორპუსის გახსნას?
გ.შ: კომუნიკაცია სტუდენტების ამ ჯგუფთან მაქვს იმდენად, რამდენადაც ნებისმიერ სტუდენტთან 24-საათიანი ურთიერთობა მაქვს და ეს მათივე უფლებაა. ამ ჯგუფთან შეხვედრა მქონდა, ძალიან ბევრია იმ საკითხების ჩამონათვალი, რასაც კანონის ცვლილება ითხოვს. კი ბატონო, ყველანი ვთანხმდებით, რომ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, თუმცაღა აქ უკვე სტილისტიკისა და გემოვნების ნაწილშია აზრთა სხვაობა. უნივერსიტეტის ურყევი პოზიციაა, რომ ყველა საკითხი უნივერსიტეტის ავტონომიის ფორმატში უნდა გადაწყდეს.
ხომ ვამბობთ – ავტონომია უნივერსიტეტს, ამდენად, კანონი ინსტრუქცია არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ჩარჩო, რიმელიც ძირითად მონახაზებს გვთავაზობს. რაც შეეხება, სტუდენტურ ცხოვრებას, კანონმა უნდა დაარეგულიროს მთავარი პრინციპი და ეს პრინციპი გახლავთ თანასწორობა ყველა სტუდენტს. შემდგომ ამისა კი, ნებისმიერი საკითხი, რომელიც სტუდენტურ მოწყობას ეხება, იქნება ეს სტუდპარლამენტი, საბჭო, თვითმმართველობა თუ სტუდენტური კლუბების გაერთიანება – ყოველივე ეს უნივერსიტეტის შინგით უნდა მოგვარდეს.
შეიძლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთი მოდელი აირჩიოს, ტექნიკურმა მეორე და სამედიცინომ მესამე. ამდენად, ჩვენ ვამბობთ, რომ პრინციპი, რომელიც კანონში დაფიქსირდება, მისასალმებელია და ეს უნივერსიტეტის ავტონომიის გაზრდა იქნება. როგორ იქნება დეტერმინირებული ესა თუ ის ფორმა, ეს შიდა საუნივერსიტეტო სამზარეულოა. მეორე ნაბიჯი, რაზეც ჩვენ მივდივართ, ესაა პიზიტიური ცვლილებები, რომელიც უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს.
მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ ცვლილებების რამოდენიმე მოდელს, რომელსაც სტუდენტები მოამზადებენ, კენჭი თავადვე უყარონ და უმრავლესობის აზრი გათვალისწინებულ იქნას. ამიტომ ჩვენ მათ სტუდენტურ რეფერენდუმს ვთავაზობთ. გარდა ამისა, ჩვენ თხოვნით მივმართეთ ცესკოს, რომ თსუ-ში ელექტრონული კენჭისყრის პილოტირება ჩატარდეს.
–მთავარი ძირითადი საკითხი, რაზეც სტუდენტების ეს ნაწილი აპელირებს, შიდა საუნივესიტეტო ხარჯების მართვა და მასზე ხელისაწვდომობაა. ამ კუთხით ხომ არ გეგმავთ რაიმე ტიპის ცვლილებებს?
გ.შ: პრინციპში, ესაა მთავარი საკითხი, რაზეც მთელი ეს ამბავი ატყდა – ფინანსების განაწილება. ამ დავის მთელი არსი კი არის ის, რომ ვიღაცას ფინანსებზე მეტი წვდომა ჰქონდა, ვიღაცას ნაკლები, როგორც ამას თავად სტუდენტები ამბობენ. ეს საკითხიც ჩავხსენით, ახალი წლიდან უნივერსიტეტში ამოქმედდება ბორდი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს საგრანტო განაცხადი, თუ სხვა რამ, განაცხადებებს განიხილავს და სტუდენტთა ჩართულობით თანხებს გადაანაწილებს. ამ ბორდში შევლენ: საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
– კანონში შესატან ცვლილებებზე როგორია თქვენი აზრი?
გ.შ: ცხადია, უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტის ავტონომიურობა სხვადასხვა მიმართულებით და მგონია, რომ ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, არამედ სახელმწიფო ორგანოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ეს ძალიან კარგად იციან აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. რაც მთავარია, ყველა პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე. იგივე ბორდიც, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, ყველას ექნება საშუალება მათი გადაწყვეტილებები და მუშაობის პრინციპი ნახოს. დაეთანხმოს ან არა, ამიტომ ღია კარს ნუ ამტვრევენ. თუ ვინმეს სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე გული შესტკივა, კეთილი ინებოს, დაჯდეს და იმუშაოს.
–უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე რას ფიქრობთ, თსუ მზადაა ამ სტანდარტებისთვის?
გ.შ: ვფიქრობ, ძალიან ბევრი საინტერესო საკითხია. ერთი ის, რომ როგორც იქნა 2015 წელს მიღებული ევროპული სტანდარტი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, გვეღირსა. ეს გახლავთ დოკუმენტი, რომლითაც შესაძლოა რანჟირება ყველა უმაღლესი სკოლისა, რომელიც ევროპულ განათლების სისტემაში შემოდის. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ ახლებური ავტორიზაცია/ატესტაცია გავიაროთ, თუმცაღა ძალიან ბევრი დეტალია დასახვეწი. მათ შორის, ისეთი საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურისა და სასწავლო სივრცეებს უკავშირდება.
ამდენად, ვვარაუდობთ, რომ ეს პროცესი გაიწელება და შესაძლებელია კანონში ცვლილებების ინიცირებაც მოჰყვეს, რათა უმაღლესი სასწავლებლები უფრო კაგად მოემზადონ, მეტი დრო გამონახონ ახალი სტანდარტების შესასრულებლად. პრინციპში, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ჩვენ დავიწყეთ ახალი სტანდარტების კვალდაკვალ მუშაობა. მარტში უკვე დოკუმენტების წარდგენა გვიწევს და ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯები, რომელიც სასწავლო კომპონენტების შინაარსის ცვლილებას მოიცავს.
რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად
მოამზადა სალომე სარიშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება