GE

რესურსცენტრებს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ახალი თანამშრომლები დაემატება – ხელფასის ოდენობა

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ახალი თანამშრომელი, სკოლამდელი განათლების მიმართულებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი დაემატება, შესაბამისი ვაკანსიები უკვე გამოცხადებულია.

ხელშეკრულებით დასაქმებულ პირის ფუნქციები იქნება: სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებთან ერთად ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრა 2020 წლის აქტივობების დაგეგმვაში;

მშობელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა კონსულტირება ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლების საკითხებზე;

სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ასაკის ბავშვების ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა მშობელთა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების კონსულტირების გზით;

მუნიციპალიტეტის აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროცესის ხელშეწყობა; – 2020 წლისთვის დაგეგმილ სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის მოსამზადებელ სამუშაოების ხელშეწყობა;

კონკურსი გამარტივებული წესით ტარდება მისი ეტაპები განცხადებების გადარჩევა და გასაუბრებაა. რესურსცენტრები სასურველ კადრებს 6 თვის ვადით დაასაქმებენ და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 800 ლარი იქნება.

საკონკურსო განაცხადის  მოთხოვნებში მითითებულია, რომ აპლიკანტის სასურველია გავლილი ჰქონდეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2018-2019 წელს 4-კრედიტიანი (100-საათიანი) მოსამზადებელი პროგრამა „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“  ტრენინგი.  ფლობდეს ინგლისური ენას და ჰქონდეს  საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.აპლიკანტს  მინიმალური განათლება, ბაკალავრი და  2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე მიიღეს. დოკუმენტი მთავრობას მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა წარუდგინა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური