GE

რის მიხედვით გაიზრდება მეცნიერ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება – რას გვპირდებიან მეცნიერებაში 2024 წლის ბიუჯეტით

საკანონმდებლო ორგანოში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ელიან. განათლების მიმართულების შესწავლის შემდეგ, ითქვა, რომ ამ ბიუჯეტის თანახმად, „მთავრობა განათლების ხარისხის ამაღლების არანაირ ვალდებულებას არ იღებს“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი ორი მიმართულება აბარია და ბიუჯეტში მეცნიერების მიმართულებით მთავრობის გეგმებიც არის ასახული. იმ მეცნიერების, რომელზეც ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ: „სად უნდა გაიზარდოს მასწავლებელი? მეცნიერება ფაქტობრივად გავანადგურეთ“.

მეცნიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობას მსუყე დაპირებები აქვს, სახელფასო ანაზღაურების ზრდით დაწყებული, სამეცნიერო ქალაქის დაფუძნებით დასრულებული. ვიცით ისიც, რომ 2024 წელს მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის – 78,2 მლნ ლარი იქნება განსაზღვრული.

აი, რა წერია მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად დოკუმენტში:

შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებსა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა;

უზრუნველყოფილი იქნება მეცნიერების დაფინანსების შესაბამისი სისტემა;

დაინერგება მეცნიერების შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი;

ხელისუფლება იზრუნებს მეცნიერებისა და მკვლევრების პრესტიჟის ამაღლებაზე;

კანონის შესაბამისად, სამეცნიერო შედეგების მიხედვით გაიზრდება მეცნიერ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება;

განხორციელდება ღონისძიებები მკვლევართა ახალგაზრდა თაობების მოზიდვის ხელშეწყობისთვის;

ქართველ მკვლევართა ყველა თაობის გადამზადების, მათთვის ახალი ცოდნის მიწოდებისა და ახალი კომპეტენციების გამომუშავების, მათი თანამედროვე გლობალურ სამეცნიერო სივრცეში უკეთ ორგანიზების მიზნით განხორციელდება პროექტი „მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა“;

დაიხვეწება მეცნიერების მართვის სისტემა; სახელმწიფო განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს და იზრუნებს საქართველოში მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე;

ჩამოყალიბდება მეცნიერმზომელობის − ხარისხის მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევების შედეგების გაზომვის ეფექტიანი მოდელი;

გაგრძელდება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა;

დაინერგება რეფერირების საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრაქტიკა და ნორმები;

თბილისში ფუნქციონირებას დაიწყებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი სამეცნიერო ქალაქი, სადაც განთავსდება ამ სფეროს ყველა სათავო დაწესებულება;

შეიქმნება ეროვნული სამეცნიერო პორტალი;

გაიზრდება სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;

გაძლიერდება STEM-ის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების მხარდაჭერა;

გაძლიერდება საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მხარდაჭერა;

ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობას;

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მეცნიერებისა და განათლების კერად ჩამოყალიბდება;

ხელი შეეწყობა სამეცნიერო ინსტიტუტებისა და კვლევითი ჯგუფების საერთაშორისო ჩარჩო-პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას და ორმხრივი და მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას, შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები;

ხელი შეეწყობა ქართველი მკვლევრების ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის − „ჰორიზონტი ევროპის“ („Horizon Europe“) საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას;

მეცნიერების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებები და ჩატარდება საგრანტო კონკურსები;

ცოდნის ეკონომიკის განვითარებისთვის შეიქმნება მეცნიერების კომერციალიზაციის ცენტრი და ამოქმედდება სამეცნიერო ინოვაციების ბროკერების ქსელი;

სამეცნიერო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება და საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდება.

ასავე იხილეთ:

2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური