GE

„სად უნდა გაიზარდოს მასწავლებელი? მეცნიერება ფაქტობრივად გავანადგურეთ“ – კოტე ჯანდიერის მოსაზრება

მწერალი და სცენარისტი კოტე ჯანდიერი მიიჩნევს, რომ არსებითია სად, რა სივრცეში იზრდება მასწავლებელი და სადაც მეცნიერება არ ყვავის, იმ ქვეყანაში მასწავლებელი ვერ გაიზრდება. ამის შესახებ მან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დაგეგმილი ცვლილებისთვის მიძღვნილი დისკუსიის ფარგლებში, საკუთარ სიტყვაში ისაუბრა.

მან მასწავლებლების კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც დღეს სისტემაშია მეცნიერების ფაქტობრივი განადგურებით ახსნა, რამაც, როგორც ჯანდიერი ამბობს, წიგნიერებაში მოსწავლეთა ის შედეგებიც გამოიწვია, რომელიც 2011 და 2018 წელს ჩატარებულმა PISA-ს კვლევებმა გვაჩვენა.

“განათლების და მეცნიერების ტყუილად არ ჰქვია ამ სამინისტროს და ამაში არის ლოგიკა. სადაც მეცნიერული აზრი არ არის, არ ღვივის და არ დუღს ყოველდღიურად, იმ ქვეყანაში საერთოდ აზროვნების კულტურაა პრობლემური, არ არსებობს. და თუ ეს არ არსებობს, მაშინ არ არსებობს ის სივრცე, სადაც შეიძლება მასწავლებელი გაიზარდოს. მასწავლებელი არ არის ის, რომ მხოლოდ რაღაც გარკვეული კონკრეტული საგნობრივი ცოდნა დაიტიოს მისმა გონებამ. აზროვნების პროცესი, ეს არის აღზრდადი და მე მგონი, ამის გარეშე არ შეიძლება.

“ჩვენ რა გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში?! – მეცნიერება ფაქტობრივად გავანადგურეთ. ამას თავის ლოგიკა ჰქონდა და ახსნა, რომ “რად გვინდა ამდენი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.. ამდენი მეცნიერი არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ მოითხოვს ამას.. ამდენი კარგი მეცნიერი გვყავს, მაგრამ გამოდის, რომ ეს კარგი მეცნიერი უნდა გავუზარდოთ სხვა ქვეყანას, იმიტომ რომ იქ წავა, არ არის აქ რეალიზების საშუალება”… ეს ბენდუქიძის ლოგიკა იყო და არის ამაში ლოგიკა. თუმცა მოხდა ისე, რომ მოხდა უბრალოდ მეცნიერების დემონტაჟი. რაღაც შენარჩუნებულია, გადარჩენილია ოღონდ ეს დემონტაჟი რეალობაა”, – განაცხადა კოტე ჯანდიერმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე” საუბრისას.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მეცნიერებატევადი დარგების განვითარება და ეკონომიკაში მისი სტიმულირება, საქართველო მარტივი გზით წავიდა და მეცნიერება უბრალოდ მოვჭერით, შედეგი კი ასეთი გვაქვს – PISA-ს კვლების თანახმად, ჩვენი მოსწავლეები ტექსტის წაკითხვის, მისი გააზრებისა და შემდეგ გადმოცემის თვალსაზრისით 74 ქვეყნიდან 70-ე ადგილზე არიან.

“ეს პრობლემა არის – სად უნდა გაიზარდოს მასწავლებელი? უნივერსიტეტი არ არის მარტო სასწავლო დაწესებულება. სტუდენტი სწავლების გარდა ჩაბმულია კონკრეტული კვლევის პროცესში და უნივერსიტეტი ეს არის, სხვანაირად არ არსებობს, ეს ნაწილი თითქმის გაუქმებულია და მე მგონი, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მოსწავლეებს მეშვიდე და მეცხრე კლასში უჭირთ უცნობი ტექსტის წაკითხვა, მისი გააზრება და გადმოცემა რა წაიკითხეს. ტექსტის გააზრება ისეთი რაღაც არის, რასაც არ უნდა დიდი რაღაც, ეს პირდაპირ მიდის მასწავლებლის პრობლემასთან. მასწავლებლის პრობლემა კი მიდის იმ გარემოს პრობლემასთან, სადაც ეს მასწავლებელი უნდა გაიზარდოს, ამიტომ დავიწყე მეცნიერებაზე ლაპარაკი”, – დასძინა მწერალმა.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების ჯგუფის წევრთა მხრიდან გაჟღერდა, რომ განახლებული ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში შემდეგი მიმართულებები იქნება გამოკვეთილი: ზოგადსაკაცობრიო კულტურის მემკვიდრის აღზრდა, საქართველოს პატრიოტის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრის აღზრდა, თავისუფალი პიროვნებისა და სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა, ეკოლოგიური ცნობიერების მქონე პიროვნების აღზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების გამომყენებელი ადამიანის აღზრდა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღები პიროვნების აღზრდა, პროგრესულ სიახლეთა მიმღები, შემოქმედი ადამიანის აღზრდა, საკუთარ შესაძლებლობათა და ინტერესთა მუდმივი განვითარების კულტურის ჩამოყალიბება, ინდივიდებთან თუ სოციალურ ჯგუფებთან კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბება-განვითარება და ანალიტიკური, კრეატიული, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ღირებულებების განვითარება.

ასევე იხილეთ:

„სრული ქაოსია“ – რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ზოგადი განათლების ახალ ეროვნულ მიზნებში მოსწავლის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ვწერთ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური