GE

„მთავრობა განათლების ხარისხის ამაღლების არანაირ ვალდებულებას არ იღებს“ – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი

“2024 წელს სასკოლო განათლების პროგრამის დაფინანსების 129 მლნ ლარით ზრდის მიუხედავად, მთავრობა განათლების ხარისხის ამაღლების არანაირ ვალდებულებას არ იღებს”, – ამის შესახებ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე შეფასებასა და რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნდა და სადაც განათლების სექტორიც მოხვდა.

ანალიზის თანახმად, საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების ნაწილი არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე და შესაბამისად, არ შეესაბამება პროგრამული ბიუჯეტირების არსს და მიზანს. ეს პრობლემა წლებია არის ბიუჯეტში და არაფერი იცვლება:

„მაგალითად, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოძველებული მიდგომებით მოქმედებს და სკოლების გამართული დაფინანსება აქვს მიზნად დასახული. განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც სასკოლო განათლების ყველაზე დიდი გამოწვევაა, გასული წლების მსგავსად, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანიც კი არ არის…

„ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და მას არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს“, – წერია „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მომზადებულ მოკლე ანალიზში.

შეფასებაში მოხვდა ის გარემოებაც, რომ განათლების სამინისტრო მეორეა სამინისტროებს შორის, რომელსაც დაფინანსება ეზრდება: ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 627 მლნ ლარით იზრდება და 7.7 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა სამინისტროს ბიუჯეტი 262 მლნ ლარით იზრდება და 2.3 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება 1.4 მლრდ ლარი ხდება.

„262 მლნ ლარით იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2.3 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა ძირითადად საჯარო სკოლებზე მოდის. მასწავლებლებს ხელფასი გაეზრდებათ, თუმცა ჯერ დაკონკრეტებული არ არის რა სქემით. სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება 36 მლნ ლარით იზრდება. 78 მლნ ლარია გამოყოფილი სკოლების ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაზე“, – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დოკუმენტში.

როგორც ცხრამეტ ოქტომბერს გამოქვეყნებული ანალიზის ავტორები განმარტავენ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.

ამავე თემაზე:

2024 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 300 მლნ ლარით გაიზრდება – რა წერია ბიუჯეტის პირველად პროექტში

მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი – „მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ახალ კონცეფციას ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ“

„6%-იან დაფინანსებას განათლებაში ვერ ავწევთ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რადიკალურად შევამციროთ სხვა ყველაფერი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური