GE

რის სწავლას შეძლებენ სტუდენტები 2020 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო (ტექნიკური) უნივერსიტეტში და ვინ იქნება რექტორი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო (აქამდე ცნობილი, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი), რომელის მშენებლობაც ფონდი ქართუსგან ფინანსდება და უკვე წლებია საზოგადოება ელის, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს. დღეს, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, ხოლო რექტორი ალექსანდრე თევზაძე იქნება და არა განათლების ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულია, რომელიც დღემდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იყო საზოგადოებისთვის ცნობილი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ყოფილი განათლების მინისტრი და ამჟამად პრემიერის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელიც.

„უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ ამ თანამშრომლობის ბაზაზე შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩვენი სტუდენტები ისწავლიან იმ ანალოგიური პროგრამებით, რითაც სწავლობენ მათი თანატოლები გერმანიაში. 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან. ერთი საინტერესო მოდელი, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ გახლავთ ის, რომ უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ეს მეთოდი ჩვენ ასევე საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთოთ ქართველი მეცნიერები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონური თერაპიის ცენტრი, სადაც პაციენტების მკურნალობასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევას, მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი კი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ამჟამად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

უნივერსიტეტის მშენებლობის პირველ ფაზაში მოხდება სამი სასწავლო კორპუსის, სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის მშენებლობა, ასევე მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო.

„სამშენებლო მოედნის ფართობი არის 153 ჰექტარი, აქედან 80 ჰექტარი უჭირავს ენდემური ჯიშის მცენარეებით დაფარულ ტყის მასივს, რომელიც სრულად იქნება შენარჩუნებული ჩვენი საპროექტო ჯგუფის მიერ. ჩვენი უნივერსიტეტის კამპუსი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კამპუსი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის. ამჟამად მიმდინარეობს პირველი ფაზა (170 000 კვ.მ): ამაში შედის სამი სასწავლო კორპუსი, სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო. მეორე ეტაპიდან ამას დაემატება კიდევ ორი სასწავლო კორპუსი, ადრონული ამაჩქარებლის ცენტრი, რომელსაც მოყვება საუნივერსიტეტო კლინიკა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს უნივერსიტეტს, რომ სპორტის სხვადასხვა დარგებში გააჩნდეს თავისი გუნდები. ნულიდან იქმნება კამპუსის საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს არამხოლოდ საგზაო საავტომობილო გზებს, არამედ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, ველობილიკებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებს. ყველაფერი იქმნება გერმანული სტანდარტის მიხედვით და ჩვენ ბოლომდე ვხელმძღვანელობთ ჩვენი პარტნიორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რჩევა-რეკომენდაციებით. უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი უნიკალურობა, რაც გააჩნია ჩვენ პროექტს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ერთიან კამპუსს, ეს აბსოლუტურად უნიკალური პროექტია საქართველოსთვის. საერთო საცხოვრებელში ყველა სტუდენტს ექნება ინდივიდუალური ბინა, საკუთარი სამზარეულოთი და სანიტარული კვანძით. (25,4 კვ.მ.)’, – განაცხადა ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა.

2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეძლებს სტუდენტების მიღებას, სწავლა სამივე მიმართულებაზე ინგლისურენოვანი იქნება. სასწავლო კურსის პროგრამების პრეზენტაცია უნივერსიტეტის მომავლმა რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გააკეთა.

„პირველ სტუდენტებს უნივერსიტეტი მიიღებს 2020 წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტებს შეეძლებათ აირჩიონ მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამები. სამივე მიმართულებით სწავლა იწარმოებს ინგლისურ ენაზე. ამის შემდეგ უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების კონცეფციის მიხედვით მოხდება როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე თვითონ სპეციალობების სპექტრის გაფართოება. 2021-2022 წლებში უნივერსიტეტს დაემატება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 2022-2023 წლებში საინჟინრო მეცნიერებები და განათლება, ხოლო 2023-2024 წლებში უნივერსიტეტი ახალგაზრდებს შესთავაზებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და მედიცინას. მათემატიკის მიმართულებით საბაკალავრო პროგრამის ამოცანაა ახალგაზრდებს მისცეს ცოდნა ძირითადად გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით, ეს იქნება საბაზისო ცოდნა, რომელსაც ახალგაზრდები შემდეგ შეძლებენ გამოიყენონ როგორც კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, ასევე მენეჯმენტში, ფინანსებში და ეკონომიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა თუ საინჟინრო დარგებში. მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს შესთავაზებს ხუთ დარგობრივ კონცენტრაციას, ესენია ინოვაცია და მეწარმეობა, მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა. ეს არის ოპერაციები და მიწოდების ჯაჭვის მართვა, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადად ეკონომიკა. კომპიუტერული მეცნიერებები სტუდენტებს სთავაზობს 4 კონცენტრაციას: პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები, მონაცემთა ბაზები და საინფორმაციო სისტემები და ხელოვნური ინტელექტი“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური