რისთვის არის საჭირო სტუდენტური ID ბარათი? გარკვევაში თქვენ განათლების სამინისტროს 11 წლის წინ შექმნილი გვერდი დეგეხმარებათ
სტუდენტური ID ბარათი – ასე ჰქვია სტუდენტისთვის განკუთვნილ პირადობის მოწმობას, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქის ID ბარათისგან იმით განსხვავდება, რომ ზედ დატანილი აქვს სიტყვა „სტუდენტი“ ქართულ და ინგლისურ ენაზე.
რისთვის გჭირდებათ სტუდენტური ID ბარათი? ამ კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს ასეთი პასუხი გასცეს:
„თუ ID ბარათზე სტუდენტი არ აწერია, ვერანაირ სტუდენტურ სერვისს, ფასდაკლებას ვერ მიიღებთ. ეს იქნება რკინიგზა, კინოთეატრის ბილეთი თუ სხვა რამ“.
განათლების სამინისტროს სტუდენტური ID ბარათით სარგებლობის სერვისები ოფიციალურ საიტზე, ცალკე გვერდზე აქვს განთავსებული.
ეს გვერდი 2012 წელს შექმნილს გავს, ნახევრად ცარიელია, მობილურთან ნაკლებად თავსებადია და ძალიან რთულად დამახსოვრებად დომენზეა (ადრე უკეთესს დომენზე ხომ არ იყო?), მაგრამ, როგორც სამინისტროში გვიცხადებენ, საიტი მოქმედია და აქ „შემოთავაზებებში“ მითითებულ კომპანიებში შეგიძლიათ ფასდაკლებებით ისარგებლოთ. სტუდენტური შეღავათები, როგორც წესი, დაწესებული აქვს სხვა კერძო კომპანიებსაც, რომელიც სტუდენტური ID ბარათის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
იმისათვის, რომ სტუდენტური ID ბარათის აღების შესაძლებლობა გქონდეთ, აუცილებელია, სტუდენტის სტატუსი მონიჭებული გქონდეთ აკრედიტირებულ კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სტუდენტური ID ბარათის ასაღებად იუსტიციის სახლს უნდა მიმართოთ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში დარეგისტრირდებით და თქვენი მონაცემები განათლების სამნინისტროს ბაზაში აისახება.
„როდესაც პირი ოფიციალურად დაფიქსირდება განათლების სამინისტროს ბაზაში, როგორც სტუდენტი. ამის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს რომ მიაკითხავთ, ისინი ავტომატურად დაინახავენ თქვენს მონაცემებს, რადგან მათ წვდომა აქვთ განათლების სამინისტროს ბაზაზე,“ – პასუხობენ განათლების სამინისტროში.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პირადობის მოწმობა უკვე გაქვთ და სტუდენტი შემდეგ გახდით?
როგორც EDU.ARIS.GE-ს იუსტიციის სამინისტროში უთხრეს, თუ პირადობის მოწმობა უკვე გაქვთ, შეგიძლიათ, სტუდენტის სტატუსის დასაწერად, იუსტიციის სამინისტროში ჩააბაროთ, სადაც 7 სამუშაო დღის ვადაში თქვენს ბარათზე წარწერა „სტუდენტი“ გაჩნდება. ეს მომსახურება უფასო გახლავთ.
თუ სტუდენტობამდე პირადობის მოწმობა არ გქონიათ, პირდაპირ სტუდენტური ID ბარათის აღება შეგიძლიათ.
60-ის მაგივრად 50 ლარს გადაიხდით – 10 ლარით იაფს, ვიდრე ჩვეულებრივ ID ბარათში გადაიხდიდით. თუმცა ამ ღირებულებას ემატება 5 ლარი ფოტოსთვის და 1 ლარი საბანკო მომსახურებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ იუსტიციაში დაბადების მოწმობით უნდა წარსდგეთ.
თუ სტუდენტის სტატუსით პირადობის მოწმობას ხელმეორედ იღებთ:
ისარგებლებთ 10%-იანი შეღავათით და პირადობის მოწმობისთვის, 60-ის მაგივრად 54 ლარს გადაიხდით, რასაც დაემატება ასევე 5 ლარი ფოტოსთვის და 1 ლარი საბანკო მომსახურებისთვის.
იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ სტუდენტური ID ბარათის წარდგენისას ნებისმიერ ადგილას ისარგებლებთ ყველა შეღავათით, რაც სტუდენტებზე ვრცელდება.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება