სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადა კონკრეტულ გარემოებებში 5-დან 3 წლამდე მცირდება – მცირდება პირობითი აკრედიტაციის ვადაც
საქართველოს მთავრობა თვლის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირების გათვალისწინებით, ასევე, პროფესიული პროგრამების აკადემიურ პროგრამების მცირე ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციისა და სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადები.
კერძოდ, პარლამენტისთვის წარდგენილ ახალ კანონპროექტში განმარტავენ, რომ მიზანშეწონილია შემცირდეს პირობითი აკრედიტაციის ოთხწლიანი პერიოდი და მობილობით სარგებლობისთვის გათვალისწინებული სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების ხუთწლიანი ვადა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის დამტკიცენის შემთხვევაში, პირობითი აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა ოთხი წლიდან ორ წლამდე შემცირდება, ხოლო სტუდენტისა და პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადა – ხუთი წლიდან სამ წლამდე.
განსაზღვრულია ისიც, რომ ახალი, 3-წლიანი შეზღუდვა არ გავრცელდება იმ სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებსაც სტატუსი 2027 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდათ. ამ კატეგორიის სტუდენტებზე კვლავ იმოქმედებს სტატუსის შეჩერების ძველი, 5-წლიანი ვადა.
“საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადა ხუთი წლიდან მცირდება სამ წლამდე. აღნიშნული ცვლილება ეხება ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების, პროფესიული პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის, აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმებისა და აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევებს. სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს სტატუსის შეჩერების პერიოდში შეუნარჩუნდებათ მობილობით სარგებლობისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა“, – წერია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში, რომელსაც EDU.ARIS.GE 11 ნოემბერს გაეცნო.
სტუდენტს ან პროფესიულ სტუდენტს სტატუსი 3 წლის ვადით უჩერდება და მობილობის უფლება ენიჭება შემდეგ გარემოებებში:
ავტორიზაციასთან დაკავშირებული შემთხვევები: დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან (ან საბჭოს მიერ დადგენილი ვადის გასვლიდან);
აკრედიტაციასთან დაკავშირებული შემთხვევები: აკრედიტებულ უმაღლეს ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან (ან საბჭოს მიერ დადგენილი ვადის გასვლიდან); პროფესიული პროგრამის უფლების ჩამორთმევა: პროფესიულ სტუდენტს – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან.
კანონპროექტი სტუდენტისთვის ცალკე აზუსტებს გარემოებას, როდესაც პროგრამას უბრალოდ აკრედიტაციის ვადა ეწურება. აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე პროგრამაზე. ასევე, ამ პერიოდში სტუდენტს უნარჩუნდება სახელმწიფო დაფინანსება.
ხოლო სტატუსის შეჩერების 3-წლიანი ვადა და მობილობის უფლება იწყება მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ.
ასევე იხილეთ:
უფასო რეზიდენტურის შემოღების საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ გააქტიურდა
-
მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის ცოდნაში შეამოწმებენ – 15 წლის მოზარდებს AI წიგნიერების სერტიფიკატების მიღება შეეძლებათ
by ARIS.GE-განათლება
-
რა აქვს სათქმელი პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისთვის სასკოლო მათემატიკის 50-მდე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორს – მიმართვა
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა – ვის მოუწევს ზოგადი უნარების ტესტის წერა
by ARIS.GE-განათლება