საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული სასკოლო პროგრამების განხორციელების წესი იცვლება – საფასური და ახალი დათქმები
საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პირობები შეიცვლება. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და უახლოს დროში საკომიტეტო მოსმენებს გაივლის.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ აღიარებული სასკოლო პროგრამების საქართველოში დანერგვის მექანიზმი შეიცვლება და უცხოურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულების გაფორმების ნაცვლად, შემოღებული იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მათი ოფიციალური აღიარების წესი. განათლების მინისტრის ბრძანებით კი გაიწერება, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტი.
როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, მისი დამტკიცების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა გაუქმდება და მის ნაცვლად იმოქმედებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ინსტიტუტის აღიარების მექანიზმი. აღიარება განხორციელდება განათლების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შესაბამისი კრიტერიუმები და პროცედურა. შედეგად, ინსტიტუტის აღიარების საკითხი გადაწყდება დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებით და აღარ იქნება დამოკიდებული ცენტრსა და ინსტიტუტს შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
რა იქნება აღიარების საფასური:
უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტი აღიარების მოთხოვნით ცენტრისთვის მიმართვისას გადაიხდის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საფასურს, რომელიც წინასწარი შეფასებით ერთ განაცხადზე სავარაუდოდ 2 500 ლარი იქნება.
ხოლო ინსტიტუტები, რომლებსაც კანონის ამოქმედების დროისთვის ცენტრთან (EQE) მოქმედი ხელშეკრულება ექნებათ, ვალდებული იქნებიან აღიარების მოთხოვნით ცენტრს ამოქმედებიდან ერთი წლის და 6 თვის ვადაში მიმართონ.
“თავის მხრივ, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტი, რათა მის მიერ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში განხორციელდეს. საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებით დაინტერესებული იურიდიული პირებისთვისაც უფრო მკაფიო იქნება შესაბამისი წინაპირობები, რაც გააუმჯობესებს საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობას. აღიარების მექანიზმი იმოქმედებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლის ავტორიზაციის მოთხოვნასთან ერთად და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხისა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას.
ცენტრის მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ინსტიტუტის მიერ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარება იქნება მისი საქართველოში განხორციელების წინაპირობა, ხოლო განმახორციელებელ იურიდიულ პირს კვლავ მოეთხოვება შესაბამის საფეხურზე ავტორიზაციის მოპოვება”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ასევე იხილეთ:
უფასო რეზიდენტურის შემოღების საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ გააქტიურდა
-
პარლამენტში მარჩენალდაკარგული ბავშვების ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვენ – „მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის ცოდნაში შეამოწმებენ – 15 წლის მოზარდებს AI წიგნიერების სერტიფიკატების მიღება შეეძლებათ
by ARIS.GE-განათლება
-
რა აქვს სათქმელი პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისთვის სასკოლო მათემატიკის 50-მდე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორს – მიმართვა
by ARIS.GE-განათლება