როცა აბიტურიენტი ხარ და პრიორიტეტული პროგრამების და უმაღლესების ჩამონათვალს ადგენ
31 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის გამართული ონლაინ შეხვედრაზე კითხვებს „ნაეკის“ საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია პასუხობდა.
მაია გაბუნიას ძირითადად გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც რამდენჯერმე იკითხეს, როგორი რიგითობით უნდა მიუთითონ უნივერსიტეტი თუ პროგრამა, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხონ.
„პროგრამა განიხილავს ჩამონათვალს იმის მიხედვით, თქვენ რა რიგითობით გიწერიათ ეს პროგრამები. ვთქვათ, პირველ ნომრად გიწერიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია და მეორე ნომრად გიწერიათ სხვა უნივერსიტეტის იგივე პროგრამა, მესამე ნომრად – ისევ თსუ-ს ფსიქოლოგია. პროგრამა იწყებს განხილვას პირველი ჩამონათვალით. თუ იქ ვერ ჩაირიცხებით, გადადის მეორეზე და არა მესამეზე. ამიტომ აქვს რიგითობას ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – უთხრა აბიტურიენტებს მაია გაბუნიამ.
როგორც საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ამბობს, პრიორიტეტული ჩამონათვალი აბიტურიენტმა თავად უნდა გააკეთოს და ამაში მათ არავინ ზღუდავს, მთავარია, პროგრამების ჩამონათვალთა შინაარსი ემთხვეოდეს ერთმანეთს.
„შეგიძლიათ, ერთი უნივერსიტეტის სულ სხვადასხვა პროგრამები აირჩიოთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, უნდა ბარდებოდეს ის მესამე საგანი, რომელსაც აბარებთ. პროგრამა ისედაც არ მოგცემთ არჩევის საშუალებას, დაგიწერთ ინფორმაციის სახით, რომ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი საგანი არჩეული და მიაქციეთ ამას ყურადღება. თუ თქვენი სურვილია, რომ რომელიმე კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხოთ, გირჩევთ, ჩამონათვალში ჯერ იმ უმაღლესი სასწავლებლის ის პროგრამები ჩამოწეროთ, სადაც ის საგანი ბარდება და პროგრამები შინაარსობრივადაც ერთმანეთთან ახლოს არის“, – ამბობს გაბუნია.
იმ აბიტურიენტების საყურადღებოდ კი, რომლებიც დარეგისტრირდნენ, მაგრამ პროგრამები ჯერ არ აურჩევიათ, გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა თქვა: “ვურჩევ ხოლმე აბიტურიენტებს, ორი პროგრამა მაინც აირჩიონ. თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნდნენ, საგნები სწორად აქვთ არჩეული”.
მაია გაბუნიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 4 აპრილს სრულდება, აბიტურიენტებს პროგრამებისა და საგანთა არჩევა შეუძლიათ. მეორე ეტაპზე, რომელიც 14 აპრილის ჩათვლით გრძელდება, აბიტურიენტებს შეუძლიათ უკვე არჩეული საგანი შეცვალონ ან დაამატონ საგანი და ასევე გააკეთონ პროგრამის არჩევანი. პროგრამის არჩევა შესაძლებელია ასევე რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე, რომელიც სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნებიდან კიდევ ერთი დღე გაგრძელდება.
მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს კიდევ ერთი რჩევა მისცა – პროგრამების არჩევისას მიაქციონ ყურადღება, არის თუ არა გაზრდილი ამ პროგრამაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
„თქვენ იცით, რომ დადგენილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. უცხო ენასა და მათემატიკაში ეს გახლავთ 20%-ზე მეტი, ზოგად უნარებში – 30%-ზე მეტი და სხვა საგნებში – 25%-ზე მეტი. უნივერსიტეტს აქვს უფლება, გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. თუ თქვენ ყველა იმ პროგრამას ჩამოწერთ, სადაც გაზრდილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და თუნდაც ერთ საგანში ვერ გადალახეთ გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ჩაირიცხებით ვერსად. ამიტომ, გირჩევთ, ბევრი ჩამონათვალი გააკეთოთ და მიაქციოთ ყურადღება, გაზრდილია თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“, – უთხრა საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა აბიტურიენტებს.
ცენტრის მიერ წინასწარ გაკეთებული ანონსის მიხედვით, აბიტურიენტებისთვის „ნაეკის“ ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძესაც უნდა ეპასუხა, თუმცა ის აღნიშნულ შეხვედრას არ დასწრებია.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
აბიტურიენტთა ისტორიის ტესტის საკითხების შერჩევის ფორმა – როგორ ვიმეცადინოთ დაზეპირების გარეშე
„სამწუხაროა, რომ ამოცანები დამტკიცებაზე, რომელიც ადამიანს ანალიზისა და მსჯელობის უნარს უვითარებს, სკოლაში არ ისწავლება“
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება