GE

თსუ-ის პროფესორი: „ან მაშინ ვიტყუებოდით, როცა 240 კრედიტიანმა პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა, ან ახლა, სხვა დასკვნა შეუძლებელია“

ავტორი: ცირა ბარბაქაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 

სასწაულისა გჯეროდეს მკითხველო!

დიდი გამოცდილების მიუხედავად, გაოცებული ვარ, როგორ მოახერხა თსუ-ის ხელ-მა ამდენი ფაკულტეტის ამდენი პროფესორის დაჰიპნოზება და “დარწმუნება” რომ 180 კრედიტს შეუძლია საუნივერსიტეტო განათლების მიცემა და საკვალიფიკაციო ჩარჩოს, პროგრამების მიზნებისა და შედეგების უცვლელად დატოვება 60 კრედიტის სეკვესტრით…

იქ, სადაც პროფესურა “მტკიცედ დგა”, 180%-იანი შემობრუნება საკუთარი დარგებისადმი არ მომხდარა, მათ შეძლეს დარგების და ღირსების დაცვა… ამგვარად, ვოკალისტის, მევიოლინეს, თეორეტიკოსის, სასულე ინსტრუმენტების, საგუნდო-სადირიჟოროს სპეციალობების კომპეტენციისათვის დადასტურებით საჭიროა 240 კრედიტი, ხოლო ლინგვისტის (ასტროლინგვისტის აღარა), არქეოლოგის (ასტროარქეოლოგის აღარა), ეთნოლოგის, ისტორიკოსის, სოცპოლების ყველა სპეციალობის.. აღარ გავაგრძელებ, ჩამოსაყალიბებად და ბაკალავრის ხარისხის მისაღებად საჭიროა/საკმარისია 180 კრედიტი (მე 180%-იანი უარყოფა ვუწოდე საკუთარი დარგებისა) და არა 240 კრედიტი, მიზანი არ იცვლება, შედეგი არ იცვლება, საკვალიფიკაციო ჩარჩოს საფეხური (მე-6) არ იცვლება, მხოლოდ აკლდება პროგრამას 60 კრედიტი, 1 წელი… ან მაშინ ვიტყუებოდით, როცა 240 კრედიტიანმა პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა, ან ახლა… სხვა დასკვნა შეუძლებელია…

სამედიცინო ფაკულტეტი ისე “დააწერეს” თსუ-ს, რომ ამ ფაკულტეტიდან ერთი პროფესორის ხმა არ გამიგონია; ჰიპნოზია, აბა სხვა რა უნდა იყოს… საკუთარ განადგურებას ასე მდუმარედ რომ შეხვდე. სენატზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ფაკულტეტი შენარჩუნებულიყო, შარშანდელი თოვლივით გაქრა. ასე კონსპირაციულად, ელვისებური სისწრაფით გადაკეთდა პროგრამები 4 წლიდან სამ წელზე, მე, სტატუსით პროფესორმა ამბად მხოლოდ საბჭოზე გავიგე. აქ აღარაფერს ვამბობ ჩემს აკადემიურ უფლებებზე… სად არის აქ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება? მალე 1 წლიან მაგისტრატურასაც “გავაპრავებთ”, რა საჭიროა კვლევითი კომპონენტი? ყოჩაღ, კოლეგა/პროფესორებო!!! დიდი მიღწევაა!!!

გილოცავთ! ხვალ 2 წლიან ბაკალავრიატსაც დავეთანხმოთ იქნებ და უჩუმრად გადააკეთოთ პროგრამები… შოკში ვარ რამდენი დღეა. მათ შორის, ის პროფესორები, ვინც ამას არ ეთანხმებოდით, რასა იქმთ? ხვალ რომ უკან შემობრუნდეს 240 კრედიტი, ისევ გადააკეთებთ? სასწაულმოქმედებაც ესაა.

ასევე იხილეთ:

სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის შესახებ – გაიწერა, რა პრინციპით უნდა ააგონ პროგრამები უნივერსიტეტებმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური