როდიდან დარეგისტრირდებიან მოსწავლეები საატესტატო გამოცდების გარეშე ეროვნულ გამოცდებზე
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველმა უკვე იცის, საზღვარგარეთ აღიარებული პროგრამების მქონე სკოლების კურსდამთავრებულებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაშვების პროცედურა პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტმა გასული წლის დეკემბერში გაამარტივა და კანონში ასახა. საქმე ეხება, ასეთი კატეგორიის სკოლის მოსწავლეების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას საატესტატო გამოცდების ჩაბარების გარეშე.
კანონის აღსასრულებლად საჭიროა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტატორებთან ხელშეკრულებები გააფორმოს, რაც დაადასტურებს, რომ ამ პროგრამის კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი საკმარისი იქნება, რომ მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა საატესტატო გამოცდების ჩაბარების გარეშე შეძლონ. ხელშეკრულებების გაფორმება საერთაშორისო აკრედიტატორებთან ხარისხის განვითარების ცენტრმა მთავრობის იმ დადგენილების შემდეგ უნდა უზრუნველყოს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 მარტს დაამტკიცეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს პროცესი დაახლოებით ორი თვის ვადაში დასრულდება. აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძირითადი რეგისტრაციის გასავლელად ვადა 31 მარტამდე აქვთ, თუმცა ატესტატების წარდგენა რეგისტრაციისას არაა სავალდებულო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 10 აგვისტომდე.
“დავამტკიცეთ წესი, რომელიც ხარისხის განვითარების ცენტრს აძლევს საშუალებას გააფორმოს ხელშეკრულებები საერთაშორისო აკრედიტატორებთან. შესაბამისად, როგორც კი ხარისხის განვითარების ცენტრი ამა თუ იმ აკრედიტატორთან მაგალითად, IB (International Baccalaureate) პროგრამასთან გააფორმებს ხელშეკრულებას, ამ მომენტიდან ის ატესტატები, რომლების ამ პროგრამით მომუშავე სკოლების მიერ იქნება გაცემული, ჩაითვლება საკმარის წინაპირობად ქართული ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი-ორი თვის ამბავი”,- განაცხადა EDU.ARIS.GE–ს კითხვის პასუხად ალექსანდრე ჯეჯელავამ.
უცხოურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს ხარისხის განვითარების ცენტრი ახორცილებეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მაისის ბოლომდე დასრულდება, რადგან საერთაშორისო პროგრამების მქონე სკოლის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასასვლელად შეფერხებები არ ჰქონდეთ.
„რეგისტრაციისთვის დიპლომების წარდგენა არ სჭირდებათ ამ მოსწავლეებს. აქტიურად მუშაობს ცენტრი ამ უცხოენოვანი პროგრამების ბორდთან, რადგან დამტკიცდა ეს კრიტერიუმები, ბორდიდან ველოდებით პასუხს, რომ ხელშკერულება გაფორმდეს. არ გვინდა ამ ბავშვებს პრობლემა შეექმნათ. რეგისტრაცია ჩვეულებრივად შეუძლიათ გაიარონ და მოგვიანებით წარადგინონ ატესტატი“, – უთხრეს EDU.ARIS.GE-ის ხარისხის განვითარების ცენტრში.
მინისტრის ინფორმაციით, IB (International Baccalaureate) პროგრამის მქონე ქვეყნაში სულ სამი სკოლაა: “ევროპული სკოლა”, “ახალი სკოლა” და “გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში”.
როგორც აღმოჩნდა, ამ ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიისთვის, დეკემბერში კანონის მიღების მიუხედავად არაფერი შეცვლილა, რადგან მისი მოსწავლეები რეგულაციების მიღებამდეც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საატესტატო გამოცდების გარეშე აბარებდნენ.
“ჩვენ ერთადერთი სკოლა ვიყავით, რომელსაც ჰქონდა ასეთი უპირატესობა აკრედიტაციის მიღების დღიდან. ჩვენი მოსწავლეები არასდროს აბარებდნენ საატესტატო გამოცდებს, უბრალოდ ეს დაიშვა ახლა იმ სკოლებისა და პროგრამებისთვისაც, რომელსაც არ ჰქონდათ ასეთი პრივილეგია. 65-70 ბავშვი გვყავს საშუალოდ დამამთავრებელ კლასში, საიდანაც 10% საქართველოში რჩება და აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის“ საგარეო ურთიერთობათა დეკანმა ია თოფურიამ.
კანონის ახალი ნორმა მოსწონს “ევროპული სკოლის” დირექტორს ნანა მოსიძეს. მისი თქმით, ამ რეგულაციის მიღებამდე ქართული განათლების სისტემა ფაქტობრივად კარს უკეტავდა ჭკვიან ბავშვებს.
“ჩვენთან საერთაშორისო პროგრამებზე დაახლოებით 40-მდე მოსწავლეა. შეიძლება ამ ბავშვების უმრავლესობამ არ ჩააბაროს აქ და წავიდეს საზღვარგარეთ, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება გასულიყვნენ აქ გამოცდებზე, ამით კი ქვეყანა კარგავდა ძალიან ჭკვიან ბავშვებს. ჩვენი მოსწავლეების დაშვებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფოსგან ყოველ წელს ველოდებოდით. ჩვენ, ფაქტობრივად, კარს ვუკეტავდით მათ რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ. ახლა კი ეს ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვებაა ჩვენთვის”, – ამბობს ის.
საერთაშორისო აკრედიტორებთან ხელშეკრულებების დროულად გაფორმება არაა მნიშვნელოვანი „ახალი სკოლის“ დირექოტორის მარინა ჟღენტითვის. მისი თქმით, მათი მოსწავლეთა უმრავლესობა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ამჯობინებს.
„ჩვენი კურსდამთვრებული, რომელიც შეიძლება აქ დარჩეს არის ერთი ან ორი მოსწავლე, ამიტომ ეს დიდ ამინდს არ ქმნის, წელს საერთოდ არ იქნება ასეთი ბავშვი. მე-12 კლასელები გვყავს, მაგრამ ყველა მიდის უცხოეთში სასწავლებლად“, – გვითხრა მარინა ჟღენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი მაია მიმინოშვილი არ ეთანხმება კანონის ახალ რეგულაციას და ამბობს, რომ ყველა კატეგორიის სკოლის მოსწავლემ, იქნება ეს საერთაშორისო პროგრამის მქონე სკოლის თუ საჯარო სკოლის, უნდა ჩააბაროს საატესტატო გამოცდები და არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები.
“თუ გადაწყვეტილება მიღებულია იმის თაობაზე, რომ ატესტატი უნდა გაიცეს ცენტრალიზებული ფორმით, ეს ყველა სკოლას უნდა ეხებოდეს და არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები. ასეთი სკოლები ნამდვილად გამოირჩევიან ხარისხით და მათ მოსწავლეებს არანაირი პრობლემა არ ექნებათ მარტივი ბარიერის გადალახვის. როდესაც ქვეყანაში არსებობს ცენტრალიზებული სისტემა, ჩემი აზრით, ეს ყველა სკოლას უნდა ეხებოდეს, მათ შორის, ისეთ კარგ სკოლებს, რომლებიც ხარისხით გამოირჩევიან. ყველა სკოლამ უნდა ჩააბაროს საატესტატო გამოცდები”, – განუცხადა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ის.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი ინიციატივა დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროსაც არსებობდა, თუმცა მაშინ ეს სკოლების ბრენდირებისა და ვარსკვლავების მინიჭების ფონზე უნდა მომხდარიყო. 10 ვარსკვლავი კი იყო იმის გარანტია, რომ ამ სკოლის მოსწავლეები ატესტატს გამოცდების გარეშე მიიღებდნენ.
ვინ დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საატესტატო გამოცდების გარეშე
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება