როდის და როგორ დაანგარიშდება მოსწავლეების პირველი სემესტრის ქულები – როგორია წესი და ვადები
2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დეკემბერში სრულდება და მასწავლებლებს მოსწავლეების სემესტრული ქულა საგნების მიხედვით ექნებათ გამოსაანგარიშებელი.
მოსწავლეთა სემესტრული ქულების დაანგარიშების კონკრეტული დრო ან თარიღი ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი არ არის, თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 9 ნოემბერს განუმარტეს, მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა ქულების დაანგარიშების შესაძლებლობა წლის ბოლოს, ამ შემთხვევაში კი სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულისთვის ექნებათ.
EMIS განმარტავს, რომ დინამიკას თუ რა საშუალო მაჩვენებელი აქვს მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში ახლაც ხედავენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, თუმცა როდის უნდა იყოს საბოლოო დაანგარიშების ვადები და ასახვა როგორც ქულების, ისე გაცდენების, ამის თაობაზე თარიღის დადგენის შემდეგ სკოლებს წერილობითაც ეცნობებათ და ასევე, ინფორმაცია გამოჩნდება ელექტრონულ ჟურნალშიც.
„ინფორმაციას ისეთ დროს მიიღებენ, რომ მასწავლებლებს არაფერი გამორჩეთ და დრო ჰქონდეთ“, – განგვიცხადეს განათლების მართვის სისტემაში.
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებელი კი გვიყვება, რომ იქამდე, ვიდრე მატერიალური ჟურნალი ჰქონდათ, ქულები დაახლოებით დეკემბრის ოცი რიცხვისთვის უკვე ითვლებოდა.
„როცა ჟურნალები გვქონდა, დეკემბრის ოცისთვის ნიშნები უკვე გვქონდა, რომ ბავშვებს სცოდნოდათ და ახლა, სანამ ელექტრონული ჟურნალი თავისით დაიანგარიშებს, მაინც, ჩვენ თავად ამოვწერთ ხოლმე და გვაქვს, რომ შევადაროთ. აქამდე დეკემბრის შუა რიცხვების მერე ვანგარიშობთ, მანამდე არა და უმეტესად, ყველა მასწავლებელი ასე იქცეოდა, თუმცა წელს როგორ იქნება ჯერ არ ვიცით“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში პედაგოგი.
რაც შეეხება თავად მოსწავლეთა ქულების გამოანგარიშების წესს, ის ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მუხლით რეგულირდება:
საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი
- მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
- მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე;
- თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;
- სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი
- საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
- საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
- თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ქულაც აისახება საგნის წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი – საგნის სემესტრული და ერთი – გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);
- თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება (3. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ:
ა) ვარიანტი I – მიმდინარე საკლასო დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საშინაო დავალებაში (VII-XII კლასები), შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები);
ბ) ვარიანტი II – შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საკლასო და საშინაო დავალებებში სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე შესაძლებელია, სკოლამ შემაჯამებელი დავალებების ქულებთან ერთად დაწეროს მიმდინარე საკლასო და/ან საშინაო დავალებების ქულები, თუმცა, არ იანგარიშოს სემესტრული ქულის გამოთვლისას. ვარიანტი II-ის არჩევის შემთხვევაში, სკოლამ სამინისტროში უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, ასევე სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების ტიპობრივი დახასიათება და ჯამური მინიმალური რაოდენობა.
), რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი ქულა, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე; - მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ., თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა – გერმანული ენის წლიურ ქულად).
საფეხურის ქულის გამოანგარიშების წესი
- საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა წლიური ქულების საერთო რაოდენობაზე;
- საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, 9.75 მრგვალდება 9.8-მდე).
ასევე იხილეთ:
რა უფლებებით სარგებლობს მოსწავლე სასკოლო გამოცდების ჩატარებისას და როგორია გამოცდის ტიპები სკოლაში
- როდის მიიღებენ სწავლის დაფინანსებაზე პასუხს სოციალური პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სტუდენტები – განმარტება by ARIS.GE-განათლება
- „მას, ჩვენ გვესმის, ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს“ – ნიშანი მოსწავლისა და მშობლისთვის და ნიშნით მანიპულირება სკოლაში by ARIS.GE-განათლება
- „მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად, შეიტანეთ ცვლილება მიდგომებში და სსგ-ში“ – განათლების სამინისტროს რჩევა სკოლებს by ARIS.GE-განათლება