როდის ექნებათ სტუდენტებს საკუთარი შენობა – ახალი სპორტის უნივერსიტეტი დიღომში უნდა განთავსდეს
2022 წელს სპორტის მაშინდელმა მინისტრმა განაცხადა, რომ 2025 წელს საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტით შევხვდებოდით. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს: ვაკეში მდებარე უნივერსიტეტის შენობა დანგრეულია, სტუდენტები და ადმინისტრაცია სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილებული, ახალი შენობის მშენებლობა კი არ დაწყებულა. გადაწყვეტილება შეიცვალა.
“სპორტის მინისტრთან (შალვა გოგოლაძე) შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობა დიღომში აშენდება”, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 3 თებერვალს, უნივერსიტეტში განუცხადეს.
სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილებული სტუდენტებისა და აბიტურიენტების ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ დავინტერესდით, როდის ექნება სპორტის უნივერსიტეტს ახალი შენობა, არსებობს თუ არა უკვე შესაბამისი პროექტი და როდის უნდა ველოდოთ სასწავლო პროცესის გადატანას ახალ სივრცში.
“უნივერსიტეტის დიღომში მშენებლობის საკითხი მთავრობის სხდომაზე თებერვალში უნდა გაიტანონ. იურიდიული მისამართი ჭავჭავაძის #49 გვაქვს ჯერჯერობით, ადმინისტრაცია მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე ვართ, ორი საგანმანათლებლო პროგრამა მიმდინარეობს ჯიქიაზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სოხუმის უნივერსიტეტში და ორი პროგრამა არის ვაჟა-ფშაველაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მეორე სართულზე.
“პროექტი არის და როგორც მინისტრმა გვითხრა, ეს პროექტი [რაც აქამდე არსებობდა] უნდა გადაიტანონ დიღომში და ზუსტად ისეთი აშენდეს იქაც, იგივე პროექტია, უბრალოდ ლოკაციას იცვლის. რაც შეეხება ვადებს, გვპირდებიან და გვეუბნებიან, რომ ამ ახალ შენობაში ჩვენ შევალთ სამ წელიწადში, ასეთი პირობა მოგვცეს. რა როგორ იქნება, იქამდე არ ვიცით, მაგრამ სწავლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს სოხუმის უნივერსიტეტის მეხუთე სართულზე და ახალგაზრდობის სააგენტოს მეორე სართულზე. პროცესი არ გაჩერებულა არცერთი დღე”, – განუცხადეს EDU.ARIS.GE – ს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2022 წელს, მაშინდელი კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებდა, რომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის ახალი შენობა იმავე, ისტორიულ ადგილას, ვაკეში აშენებულიყო. ინვესტორს გარემონტებული, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწავლო კორპუსი 2025 წლის მაისში უნდა ჩაებარებინა, სადაც სასწავლებელი ფუნქციონირებას გააგრძელებდა.
აი, რას ამბობდა თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში, “მინისტრს საათის” ფორმატში გამოსვლისას:
„ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სადმე სხვაგან, არამედ დარჩეს იქ სადაც არის. ეს არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად… ეს არის დიდი მიღწევა, იმიტომ რომ გარკვეული წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს, დაგეგმილი იყო სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. ვის რად უნდა სპორტის უნივერსიტეტი – ასეთი იყო მაშინ განწყობა, მაგრამ სპორტსმენებმა ის დაიცვეს, ეს ჩვენ ყველას გვახსოვს. შემდეგ იყო გეგმა – თითქოსდა ამისთვის გამოიყო კიდეც მიწის ნაკვეთი, რომ დიღომში აშენებულიყო ახალი უნივერსიტეტი, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობ, შევძლებთ იმას, რომ ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან და აშენდეს იქ, სადაც დღეს ის დგას და ტრადიციულად იდგა“, – ამბობს მინისტრი.
წულუკიანის მაშინდელი განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებული შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია, კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი და შენობაში სასწავლო პროცესი ვეღარ მიმდინარეობს, რის გამოც სპორტის უნივერსიტეტი სოხუმის უნივერსიტეტმა არაერთხელ შეიფარა. სამომავლოდ კი, სპორტის უნივერსიტეტისთვის დაგეგმილია უფრო დიდი ფართობის გამოყოფა, ვიდრე დღეს ამის საჭიროებაა.
„პროექტი გულისხმობს იმას, რომ მოცემული ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელიწადში ის ჩაგვაბარებს იმავე ტერიტორიაზე, სადაც დღეს უნივერსიტეტი დგას, ახალ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება, რასაკვირველია, სახელმწიფოს ქონება, დაუბრუნდება უკან და ეს ფართობი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს არის და ბევრად მეტი, ვიდრე დღეს სპორტის უნივერსიტეტს რეალურად სჭირდება, ვინაიდან, ჩვენ გვინდა გვქონდეს ის სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ გათვლასაც უპასუხებს და განვითარების შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ უფრო მეტი სტუდენტის ან ახალი ფაკულტეტების გახსნის საჭიროებასაც მისცემს ჩვენს სასწავლებელს. აქ იქნება 4 სპორტული დარბაზი და ის მეზობელი დარბაზი, რომელიც სამბოს დარბაზია, ასევე აღდგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე… შევძლებთ, რომ 2025 წელს შევხვდეთ საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტით“, – თქვა სპორტის მინისტრმა პარლამენტში.
- რა ოდენობებით განისაზღვრა ხელფასები მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2025 წელს – საშტატო ნუსხა და თანხები by ARIS.GE-განათლება
- საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის შეცვლის შემდეგ, წარჩინებულ მოსწავლეზე კომპიუტერის გადაცემის პრინციპიც შეიცვალა – განმარტება by ARIS.GE-განათლება
- როგორია NAEC-ის მიერ ჩასატარებელ გამოცდებსა და კვლევებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ტარიფები – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება