GE

რა კითხვები შეიძლება დაგვისვათ კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა (დოკუმენტი)

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაში წინსვლისთვის სავალდებულოდ წარსადგენი ხედვის დოკუმენტის ატვირთვის ვადა დღეს სრულდება.

მომდევნო ეტაპი წინსვლის მსურველისთვის კომისიის წინაშე გასაუბრება იქნება. EDU.ARIS.GE გიზიარებთ ხედვის შეფასების რუბრიკას და ტრენერის რეკომენდაციებს წარმატებული გასაუბრებისთვის:

იხილეთ: ხედვის შეფასების რუბრიკა

“წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ კარგად დაწერილი ხედვა საკმარისი არ არის. აუცილებელია, მასწავლებელმა შეძლოს საკუთარი პროფესიული გამოცდილების, დასახული ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების არგუმენტირებული დასაბუთება”, – ამბობს ტრენერი და სერტიფიცირებული პედაგოგი, მანანა ხვედელიძე და გასაუბრებისთვის გასათვალისწინებელ ყველა ფაქტორებზე საუბრობს:

კარგი კარიერული წინსვლის ხედვა პასუხობს მთავარ კითხვებს:

რა მინდა შევცვალო?
რატომ არის ეს ცვლილება საჭირო?
რა ამოცანებს განვსაზღვრავ?
ვისთან და როგორ ვითანამშრომლებ?
რა შეიცვლება კოლეგების, მოსწავლეებისა და სკოლის პრაქტიკაში?
როგორ შევაფასებ შედეგებს?
როგორ შევინარჩუნებ და განვავითარებ მიღწეულ ცვლილებებს?

გახსოვდეთ: კარიერული წინსვლის ხედვა არ არის მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი!
ეს არის შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, დამოუკიდებელი მსჯელობა, თანამშრომლობის უნარი და სკოლის განვითარებაში თქვენი შესაძლო წვლილი.

ხედვის ხარისხს განსაზღვრავს არა ტექსტის მოცულობა და რთული ტერმინების სიმრავლე, არამედ აზრის სიღრმე, კონკრეტულობა, არგუმენტები და რეალური გამოცდილება.

როგორი უნდა იყოს მაღალ ქულაზე დაწერილი ხედვა და რაში დაგაკლდებათ ქულა? – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ტრენერისგან

ახლა უშუალოდ ხედვის დაცვაზე ვისაუბროთ.

კოლეგებო, გასაუბრებაზე უნდა ისაუბროთ იმ ხედვის შესახებ, რომელიც უკვე დაწერეთ და ატვირთეთ.

თქვენ არ გჭირდებათ სრულიად ახალი ტექსტის სწავლა ან განსხვავებული ხედვის მოფიქრება.

კომისიასთან უნდა შეძლოთ თქვენი მსჯელობის ახსნა, დასაბუთება და საჭიროების შემთხვევაში დაკონკრეტება.

თუ ხედვაში რომელიმე მოსაზრების გასამყარებლად პრაქტიკული მაგალითი არასაკმარისად გაქვთ წარმოდგენილი, შეგიძლიათ სწორედ გასაუბრების დროს განმარტოთ ის უფრო ვრცლად.
მაგალითად, გიწერიათ, რომ კოლეგებთან თანამშრომლობით გსურთ განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესება.

შესაძლოა კომისიამ გკითხოთ:

როგორ დაადგინეთ ამ მიმართულებით საჭიროება? რატომ მიიჩნევთ მას პრიორიტეტულად? რა გამოცდილება გაქვთ? როგორ ჩართავთ კოლეგებს? როგორ მიხვდებით, რომ მათი პრაქტიკა ნამდვილად გაუმჯობესდა?

და აი, სწორედ აქ გჭირდებათ თქვენი გამოცდილების გააზრება და არა წინასწარ დაზეპირებული წინადადებების გამეორება.

მოამზადეთ მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან. გაიხსენეთ, რა გააკეთეთ, ვისთან ითანამშრომლეთ, რა შედეგი დაინახეთ და რის შეცვლას ისურვებდით.

არავინ გთხოვთ იმის მტკიცებას, რომ თქვენს სკოლაში ყველაფერი იდეალურადაა. პირიქით, მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ხედავთ პრობლემას და რამდენად გააზრებულად აპირებთ მასზე მუშაობას.

და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი:

გასაუბრება არ არის თქვენი პროფესიული ცხოვრების საბოლოო განაჩენი!

მე არ ვფიქრობ, რომ კომისიის დანიშნულება მასწავლებლების „ჩაჭრა“ უნდა იყოს. შეფასება კონკრეტული კრიტერიუმებით მიმდინარეობს და მისი მიზანი თქვენი პროფესიული მზადყოფნის დადგენაა.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ავტომატურად მიიღებს დადებით შეფასებას.

წინ კიდევ მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობით სავსე გზაა.

ხედვის წარდგენა და გასაუბრება კარიერული წინსვლის პროცესის ნაწილია. შემდგომ უკვე რეალური საქმიანობა, დაკისრებული ფუნქციის შესრულება, მიღწეული შედეგები და მათი შეფასება იქნება არსებითი.

ამიტომ, ნუ აღიქვამთ გასაუბრებას მხოლოდ როგორც ბარიერს.

შეხედეთ მას როგორც შესაძლებლობას, აჩვენოთ, როგორ ფიქრობთ, როგორ მსჯელობთ და რისი გაკეთება შეგიძლიათ განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ცალკე მინდა მივმართო მენტორის სტატუსის მსურველებს.

თქვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო ფართო მასშტაბს უკავშირდება.

აქ მხოლოდ საკუთარი სკოლის გამოწვევების ცოდნა არ არის საკმარისი. საჭიროა საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებების გააზრებაც.

როგორ დაეხმარებით სხვადასხვა სკოლის კოლეგებს? როგორ გააზიარებთ გამოცდილებას? როგორ გაითვალისწინებთ სკოლების განსხვავებულ გარემოს? როგორ შეუწყობთ ხელს ისეთი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ერთჯერადი შეხვედრით არ დასრულდება?
ამ საკითხებზე განსაკუთრებით კარგად დაფიქრდით.

ასევე ვიცი, რომ ზოგიერთ რესურსცენტრში შედარებით მცირე რაოდენობის ვაკანტური ფუნქციაა გამოცხადებული.

პირადად მე ძალიან ვისურვებდი, რეალური საჭიროებისა და შესაბამისი კადრების არსებობის შემთხვევაში, მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს პროფესიული წინსვლის მსურველებისთვის. ვფიქრობ, თუ გამოიკვეთება მეტი საჭიროება და შესაბამისი პროფესიული რესურსი, დამატებითი ფუნქციების განსაზღვრის საკითხიც შეიძლება გახდეს განსახილველი. ეს ჩემი პირადი მოსაზება და სურვილია და არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაკანტური ადგილების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

ასევე იხილეთ:

„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური