როდის გამოქვეყნდება მასწავლებლის გამოცდების შედეგები და რაზე წყდება გული „ნაეკს“
2018 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 23 ივლისს დასრულდა. სულ, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდებზე 25-30% არ გამოცხადებულა. გარდა ამისა, როგორც ახლა ხდება ცნობილი, „რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მასწავლებელი მოიხსნა გამოცდიდან. ძირითადად დამხმარე საშუალების გამოყენების, ტელეფონის შეტანისთვის“. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE – სთან ინტერვიუში აცხადებს, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
–ბატონო ივა, როგორ შეაფასებდით წლევანდელ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს, იყო თუ არა დარღვევები და შეგვიძლია თუ არა უკვე ვთქვათ, რა რაოდენობის აპლიკანტი არ გამოცხადდა გამოცდაზე?
–რაც შეეხება მასწავლებლებს, დაახლოებით 20 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა დასწრება მაღალი არ ყოფილა. როცა ორგანიზებაზე ვსაუბრობთ ეს უნდა ვთქვათ. დაახლოებით 25-30 პროცენტი გამოცდაზე არ გამოცხადებულა და ძალიან შეგვტკივა ხოლმე ამაზე გული, როცა ყველაფერი მზად არის, ადგილი ტესტი, მეთვალყურე და ნაკლები ადამიანი მოდის. სასიამოვნო არ არის ცარიელი მაგიდებისა და სკამების ყურება. შარშანაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო. მართალია, უფრო მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, მაგრამ დაახლოებით მესამედი არ გამოცხადებულა გამოცდაზე.
– რამდენი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი მოიხსნა წელს გამოცდიდან?
– რამდენიმე შემთხვევა იყო, ერთი თუ ორი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მასწავლებელი მოიხსნა გამოცდიდან. ეს ძირითადად დამხმარე საშუალების გამოყენების გამო მოხდა, ტელეფონის შეტანისთვის. ერთი ფაქტი რეგიონში იყო, ზუსტად არ მახსოვს.
– რა ეტაპზეა ნამუშევრების გასწორების პროცესი?
– ნამუშევრების გასწორება გამოცდის მომდევნო დღეებში დაიწყო. იცით, რომ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები უკვე დასრულებულია და გასწორების პროცესი უკვე მიმდინარეობს. დაახლოებით აგვისტოს პირველი დეკადის ბოლოსკენ, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გვექნება ამ გამოცდების შედეგები.
– გასწორების პროცესში თუ გამოიკვეთა, რომელი საგნის ან რა ტიპის ტესტური დავალებების შესრულება გაუჭირდათ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს?
– ამაზე ვერავინ გეტყვით პასუხს. იცით, რომ დახურული დავალებები ავტომატურად სწორდება, რაც შეეხება ღია დავალებებს, ისინიც სკანირდება და თითო დავალების ტიპი მისდის მეთვალყურეს. მთლიან ტესტს ვერ ვხედავთ და ამიტომ, ასე მთლიანი სურათის შეკოწიწება ძნელია. ეს გვეცოდინება მხოლოდ მაშინ, როცა შედეგები გამოქვეყნდება.
– ანუ, ამ ეტაპზე ვერც მასწავლებელთა ზოგადი ცოდნის დონეს შევაფასებთ და ვერც იმას ვიტყვით დაიწერა თუ არა უკვე უმაღლესი ქულა?
– ვერა, რადგან თუ ვიცით რომ სიტყვაზე რაღაც დავალებაში აპლიკანტმა 2 ქულა მიიღო, არ ვიცით საერთო ჯამში რა ქულა მიიღო მასწავლებელმა და სხვა ღია დავალებებში რა ქულები აიღო, ამიტომ ვერაფერს ვიტყვით, სანამ საბოლოო შედეგები არ გვეცოდინება.
– რაც შეეხება აპელაციების პერიოდის, როდის დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება?
– აპელაცია მას შემდეგ გამოცხადდება, რაც პირველად შედეგებს გამოვაქვეყნებთ, რის შემდგომაც 5 სამუშაო დღის განმავლობაში მივიღებთ განაცხადებს. წინა წლებს თუ გავითვალისწინებთ, სააპელაციო განაცხადების გასწორება 3-4 დღეზე დიდხანს არ გრძელდებოდა, თუმცა ეს მაინც სააპელაციო განცხადებების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
აპელაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვისაც ფასიანი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ქულა მოემატებათ, განმცხადებელს თანხა უკან დაუბრუნდება, თუკი უცვლელი დარჩება –ეს თანხა მას დაეკარგება. აპელაციის საფასური კი 50 ლარია.
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება