GE

როდის უნდა გავუმხილოთ ბავშვებს სიმართლე თოვლის ბაბუას ან სანტას შესახებ?! – რეკომენდაციები მშობლებს

„შენ ჯერ კიდევ გჯერა თოვლის ბაბუას არსებობის?“ – ეს არის კითხვა, რომელიც არასდროს უნდა დასვა, განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში, განსაკუთრებით ბავშვებთან და განსაკუთრებით მაშინ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხარ. ჰოდა, რადგან დონალდ ტრამპი მიჩვეულია ყველაფერი საკუთარი შეხედულებისამებრ აკეთოს და არც არავის კრიტიკა აშინებს, 7 წლის კოულმენს სანტა კლაუსის არარსებობის შესახებ გაუმხილა. ეს მაშინ მოხდა, როცა ის და პირველი ლედი თეთრ სახლში ბავშვებისგან საშობაოდ სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ. არავინ იცის რამდენად შედიოდა პრეზიდენტის გეგმებში შობის წინა ღამეს, ამერიკელი ბავშვისთვის სანტა კლაუსის შესახებ მითის დანგრევა, თუმცა ფაქტია, მან საზოგადოებისა და მედიის კრიტიკა კიდევ ერთხელ დაიმსახურა და „გრინჩის“ მეტსახელიც მიიღო.

უფრო კეთილი აღმოჩნდა თბილისის მერი. კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე საახალწლო სოფლის გახსნა დააანონსა და მედიას გაუმხილა, რომ თოვლის ბაბუას „სკაიპით“ ესაუბრა და საახალწლო სოფლის გახსნას ისიც დაესწრება.

რა ასაკამდე უნდა მიიღოს ბავშვმა საახალწლოდ საჩუქარი სანტა კლაუსისგან ან თოვლის ბაბუასგან?!

ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, კარგად იციან, როგორი რთულია დღევანდელობაში შვილი სანტას ჯადოსნურ ზღაპარში დიდ ასაკამდე აცხოვრო, რადგან ყველგან, სადაც ბავშვს გადაადგილება უწევს წინასაახალწლო დღეებში სანტას ფორმაში ჩაცმული ადამიანებს ხვდებიან, შესაბამისად, მათ უჩნდებათ კითხვები, ეჭვები, ზოგიერთი სვამს ამ კითხვას, ზოგი ვერა. მშობლების ნაწილი ჯიუტად ცდილობს ბავშვს სასიამოვნო „ტყუილში“ ცხოვრება გაუხანგრძლივოს, ზოგი კი პირიქით, მალევე ცდილობს ბავშვს ილუზიები ნაკლებად შეუქმნას და ჯადოსნურ ზღაპარსაც ერთი ხელის მოსმით ანგრევს. გარდა ამისა, მშობლების უმეტესობისთვის „თოვლის ბაბუასა“ თუ „სანტა კლაუსის“ მითი ხშირად დამხმარე საშუალებაა ბავშვს კარგად მოქცევა „აიძულოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საჩუქარს არ მოუტანენ. თუმცა რა არის სწორი და როგორ უნდა მოვიქცეთ, სასიამოვნო ტყუილი სჯობს თუ „მწარე“ სიმართლე სანტას არსებობის შესახებ და როგორ უნდა შევფუთოთ ის? შემდგომი იმედგაცრუება უფრო დიდი სტრესია ბავშვისთვის თუ თავიდანვე სიმართლის ცოდნა?

თეთრწვერა ლაპლანდიელის შესახებ კითხვები ბავშვებს 3-4 წლის ასაკში უჩნდებათ. მშობლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული როგორ შეფუთავს მას და ასევე, მათ სურვილზე გაუღვივებს თუ გაუქარვებს ეჭვებს.

ფსიქოლოგი მაია ცირამუას თქმით, მზა რეცეპტი არ არსებობს იმაზე, უნდა აცხოვროს თუ არა მშობელმა შვილი ამ ილუზიით და რა ასაკამდე, თუმცა არსებობს მარტივი წესი – როცა ბავშვს კითხვები გაუჩნდება, მან უნდა მიიღოს პასუხები და ეს პასუხი უნდა იყოს მათი ასაკის შესაბამისად ახსნილი სიმართლე.

„ბავშვი გარკვეულ ასაკამდე განსხვავებულად ხედავს და აღიქვამს სამყაროს და მისთვის ძალიან ბუნებრივია, რომ ზღაპრული რაღაცების სჯერა. მათ შორის, თოვლის ბაბუის. როცა აზროვნება სხვა ეტაპზე გადადის ძალიან ბუნებრივად უჩნდება კითხვა. არის ასაკი, როცა ამაში სრულად დარწმუნებულია და არის ასაკი, როცა კითხვის ნიშანს სვამს. თუ ამ კითხვით ბავშვი მიმართავს მშობელს, რაღაც მომენტში, შეიძლება, ის შინაგანად მზადაა, რომ მიიღოს ეს ინფორმაცია. პასუხი, არ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ტყუილი. რადგან ეს კითხვა ჩნდება, ე.ი ბავშვს აქვს ეჭვი რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდეს. ზღაპრის და ფანტაზიის სამყაროში ცხოვრება ნორმალური ამბავია. მაგრამ როცა ჩნდება კითხვები, ნიშნავს რომ ბავშვი თავისი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და უკვე ავლებს ზღვარს თავის ფანტაზიასა და რეალობას შორის.  ისე უნდა მიაწოდო ბავშვს ინფორმაცია, რომ მისთვის მტკივნეული არ იყოს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ის მაია ცირამუამ.

მაია ცირამუას მსგავსად ფიქრობს, ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილიც. ამბობს, რომ თოვლის ბაბუას ხატი ბავშვისთვის არანაირი ზიანის მომტანი არაა, რამდენადაც ბავშვის კოგნიტური და ემოციური განვითარება იტევს მსგავსი ჯადოსნური შინაარსის პერსონაჟების არსებობას.

„ახალი წელი, თოვლის ბაბუა და საჩუქრები ბავშვებისთვის, როგორც წესი, ერთ მთლიანობადაა აღქმული. ასეა მრავალ კულტურაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. თავისთავად ჯადოსნური, გნებავთ მისტიური ფიგურის შემოტანა ბავშვების ცხოვრებაში ბუნებრივად ერწყმის მათ კოგნიტურ თუ ემოციურ განვითარებას – სკოლამდელ ასაკში ისინი მიდრეკილნი არიან ფანტაზირებისაკენ, ადვილად ახერხებენ მიწოდებული ინფორმაციისა თუ სურათ-ხატების იმგვარად გადამუშავებას, რომ თავადვე უჭირთ მათ მიერ წარმოსახულ თუ რეალურ სამყაროს შორის მკაფიო საზღვრის გავლება. აღნიშნული პროცესი საშუალებას აძლევს ბავშვს, მოვლენები განცდაში შემოიტანოს და ემოციური დამოკიდებულება გაუჩნდეს საგნებისა თუ სიტუაციების მიმართ;

“ასევე, ეს ფენომენი კიდევ უფრო მეტად ავითარებს მის კოგნიტურ უნარებს. თუმცა აღნიშნულს ბუნებრივად მოსდევს ხანდახან უფროსებისთვის შემაშფოთებელი შედეგებიც, მაგ.: შიშები, რაც აღქმული რეალობის მსუყე წარმოსახვის ჭრილში გადამუშავების რეზულტატია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ბავშვს ინფორმაცია მივაწოდოთ სიფრთხილით და გავითვალისწინოთ მისი არამხოლოდ ქრონოლოგიური ასაკი, არამედ ინდივიდუალური მახასიათებლებიც“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, ბავშვები ამგვარი პერსონაჟის რეალურობის საკითხს, როგორც წესი, დაწყებითი კლასების პერიოდში აყენებენ და უმეტესად, ერთმანეთში განიხილავენ და მსგავსად იგებენ „სიმართლეს“, რომ სინამდვილეში მშობლები/უფროსები ევლინებიან თოვლის ბაბუის როლში.

„ზოგიერთი ბავშვისთვის ეს ინფორმაცია სტრესის წყაროა, თუმცა როგორც წესი, ადვილად ახერხებენ იმედგაცრუებასთან გამკლავებას მშობლების/უფროსების მიერ მხარდაჭერის აღმოჩენის შემთხვევაში. თუკი მშობელი/უფროსი აუხსნის ბავშვს, რომ ისინი სიყვარულით ჩუქნიან საჩუქრებს და ცდილობენ ახალი წლის ღამე მთელი ოჯახისთვის დადებითი ემოციების წყაროდ იქცეს, ბავშვები ახერხებენ ახალ რეალობასთან ადაპტირებას და თავადაც ერთვებიან ოჯახის სხვა წევრებისთვის საჩუქრების მომზადების პროცესში. ბუნებრივია, არ ღირს ბავშვებისთვის თოვლის ბაბუის ხატის არმიწოდება მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვმა იმედგაცრუება არ განიცადოს. ზრდისა და განვითარების პროცესში იგი პერიოდულად აწყდება პატარ-პატარა თუ დიდ იმედგაცრუებებს, თუმცა სიყვარულის და მხარდაჭერის გარემოში ახერხებს მათთან გამკლავებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თოვლის ბაბუას მიერ საჩუქრის მოტანა-არმოტანის საკითხი არ იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და მით უმეტეს არ იყოს მიბმული ბავშვის ცუდ თუ კარგ ქცევებზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვი განსაკუთრებული ემოციებით ელის თოვლის ბაბუას, წარმოსახვაში სიუჟეტებად გაივლის მასთან ერთად გრძელ გზას თოვლის ბაბუის სახლიდან მის სახლამდე  და მშობლის/უფროსის მიერ იმ ალბათობის შემოტანა, რომ შესაძლოა, თოვლის ბაბუამ არ მოუტანოს საჩუქარი „ცუდი“ ქცევის გამო, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი შფოთვის წყაროა“, – ამბობს ლიკა ბუწაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური