როგორ (არ) უნდა ისწავლებოდეს და იწერებოდეს ისტორიის სახელმძღვანელო – „სწორედ ამ მემკვიდრეობის სადღეგრძელოებს ვსვამთ სუფრაზე“
ისტორიკოსი, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე ამბობს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში დიდ როლს თამაშობს ის, თუ რა ღირებულებების მატარებელია საზოგადოება, რომლის ნაწილიც არის ამ სახელმძღვანელოს ავტორი.
მისი თმით, ისტორიის იმ პრინციპით სწავლება, როგორც ეს საქართველოშია, სადღეისოდ არსებითი აღარ არის.
„ისტორიამ, თუ ჩვენ მას სწორად ვასწავლით, სწორად მივაწვდით, ხელი უნდა შეუწყოს ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო შეგნება, საღი და კრიტიკული აზროვნების უნარი, წერითი აზროვნების უნარი, წაკითხულის გააზრების უნარი. ისტორიის მნიშვნელობა სწორედ ამაშია, რომ ხელი შეუწყოს ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ძალუძს დაადგინოს მიმდინარე პროცესების გამომწვევი მიზეზები, გააანალიზოს ეს შედეგები და ამის საფუძველზე განსაზღვროს გარკვეული კანონზომიერება და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.
„ჩვენთან [სწავლება] არის თარიღების, მოვლენების თუ დიდი პიროვნებების დონეზე და ხშირად არის უბრალოდ ბრმა დაზეპირება. სადღეისოდ კი ეს არ არის არსებითი. მაგალითად, არ არის არსებითი ვიცით თუ არა კონკრეტული თარიღები, ვთქვათ როდის გამოცხადდა პირველი რესპუბლიკა ან რომელ წელს მოხდა ესა თუ ის ბრძოლა. საჭირო არის, რომ არსობრივად გავაანალიზოთ ისტორიული გამოცდილებები და აწმყოში გადმოტანის საშუალება მივიღოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ უამრავ ისტორიულ მითში. შუა საუკუნეებში ნახევარ მილიონიანი ჯარის არსებობა იქნება ეს, თუ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის“, – განმარტა სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას ალექსანდრე მიქაბერიძემ.
როგორც პროფესორი ამბობს, სწორედ ისტორიული მემკვიდრეობის სახით ჩვენთვის გადმოცემული თქმულებები, მითები თუ გადმოცემები გამოიყენება საზოგადოებაში სხვადასხვა პროპაგანდის ან პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის, რადგან ამგვარ მემკვიდრეობას ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს.
„ამ მემკვიდრეობის ნაწილია ის ნარატივები, რომლებიც გვიამბობენ გმირი წინაპრების თავდაუზოგავი ბრძოლის შესახებ, მათ თავგანწირვაზე და ა.შ და სწორედ ამ მემკვიდრეობის სადღეგრძელოებს ვსვამთ ჩვენ სუფრებზე და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ მემკვიდრეობას ვასწავლით სკოლის ისტორიის გაკვეთილებზე. სწორედ ეს ნარატივია, რომელიც ჩვენს იდენტობას ქმნის და ამ იდენტობას ახვევენ ძლიერ ემოციურ მუხტში; ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემდეგ ამ ემოციური მუხტის გამოყენება შეიძლება პროპაგანდის, ან პოლიტიკური მიზნებისათვის. ისტორიის ამ მხრივ გამოყენება ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ემოციური მუხტის გამოყენება კი შემდეგ შესაძლებელია შიშის გაჩენისთვის, რაც ასევე ხშირად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის – საზოგადოების მობილიზება იქნება ეს, მტრის ხატის შექმნა, თუ მოწინააღმდეგის დემონიზირება. არაერთხელ გაგიგიათ ფრაზები – „ქართველობას გვართმევენ“, „ევროპა გარყვნილია“… „რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და ვიღაც მუდამ ცდილობდა ჩვენს განადგურებას“, – ხსნის ალექსანდრე მიქაბერიძე.
ქართულ რეალობასთან ერთად, ის ამერიკის სახელმძღვანელოების მაგალითზეც ამბობს, რომ იქაც რთულია დისტანციის დაჭერა სახელმწიფოს ჩართულობისგან:
„არც ამერიკაში გვაქვს ეს პროცესი მოგვარებული და ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა შტატების დონეზე მიღებული სახელმძღვანელოები ან ის, თუ როგორ განსხვავდება იგივე სახელმძღვანელოები სხვადასხვა შტატში, რადგან შტატის და სახელმწიფო დონეზე წყდება ინფორმაციები“.
ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორი სახელმძღვანელოს წერაზე საუბრისას იხსენებს, რომ ამერიკაში, ლუიზიანის შტატის სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასევე საშუალო სკოლის მასწავლებლებისგან შექმნილ კომისიას, რამდენიმე თვე მხოლოდ სახელმძღვანელოს სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე დასჭირდა. ამბობს, რომ წერის დაწყებამდე უნდა განეხილათ თემები, ნარატივის მიდგომა, ემსჯელათ თუ რა პირველად წყაროებს გამოიყენებდნენ სახელმძღვანელოში და როგორ დაუკავშირდებოდა იგი მოსწავლეებში უნარ-ჩვევების განვითარებას.
ასეთი კომისიის კომპლექსურმა მუშაობამ სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებისთვის მათ შემთხვევაში სამ წლამდე გასტანა. საქართველოს შემთხვევაში კი, როგორც მიქაბერიძე იხსენებს, მე-10 – მე-11 კლასების ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაში დახმარება საქართველოდან ერთ-ერთმა გამომცემლობამ სთხოვა და განუმარტეს, რომ „სახელმძღვანელო სამ კვირაში უნდა მიეწოდებინათ“.
ისტორიკოსი აცხადებს, რომ ჭეშმარიტი ისტორია მხოლოდ მაშინ იწერება, როცა ისტორიკოსს წარსულის მოვლენებიდან გარკვეული დასკვნები გამოაქვს, ამის საფუძველზე წარმოაჩენს გარკვეულ კანონზომიერებებს და ყოველივე ამას თანამედროვეობის გასააზრებლად, თანამედროვე პრობლემების უფრო კომპლექსურად გასაანალიზებლად და მათი გადაჭრის გზების მოძებნისთვის იყენებს.
„სახელმძღვანელოც სწორედ ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ, რომ ისტორიის კვლევა და წერა დიდწილად სუბიექტური მოვლენაა, რადგან ის ითხოვს ისტორიკოსის მხრიდან ისტორიული მოვლენებისა თუ ფაქტებისათვის საკუთარი ინტერპრეტაციის მიცემას. ისტორიკოსის მოღვაწეობა, ნებსით თუ უნებლიედ მის თანამედროვეობას გამოხატავს და ამიტომაც არის, რომ ისტორიის აღქმა და მისი მნიშვნელობა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად არის გადმოცემული – ამისათვის საკმარისია შევხედოთ საბჭოთა სახელმძღვანელოებს და უფრო თანამედროვეს. ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში დიდ როლს თამაშობს ის, თუ რა ღირებულებების მატარებელია საზოგადოება, რომლის ნაწილიც არის ამ სახელმძღვანელოს ავტორი“, – დასძენს ისტორიკოსი.
რაც შეეხება საქართველოს ისტორიის სწავლების აუცილებლობას მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, ალექსანდრე მიქაბერიძე აცხადებს, რომ ისტორიული მეცნიერება ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მკვეთრად გადავიდა ახალ მიმართულებაზე, რომელიც არის შედარებითი, ტრანსნაციონალური მიდგომა და შესაბამისად, საქართველოს ისტორიის სწავლებაც განცალკევებით არ უნდა ხდებოდეს:
„ჩემი უკანასკნელი ნაშრომებიც ფაქტობრივად ამ მიმდინარეობაში ჯდება. საქართველოს ისტორია არ უნდა იყოს შესწავლილი განცალკევებით, ის უნდა იყოს შესწავლილი ზოგადი კავკასიის ისტორიის ნაწილად და უნდა შეისწავლებოდეს სომხეთისა თუ აზერბაიჯანის ისტორიასთან შედარებით. ვინაიდან აქ არის ძალიან ბევრი კვეთა ისტორიული ნარატივებისა სხვადასხვა შედეგებით და უნდა იყოს გააზრებული, რატომ დადგა ეს შედეგი ასე განსხვავებულად ვთქვათ სომხეთში ან საქართველოში, ამის გამომწვევი მიზეზები კი შესწავლილი. არსობრივად რატომ გვჭირდება ისტორია? – დღევანდელობის გასააზრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად და ამის გაკეთება შეგვიძლია მხოლოდ შედარებით, ტრანსნაციონალური მიდგომით და არა მხოლოდ ჩვენს პატარა ნაჭუჭში მოქცეულებს“.
ასევე იხილეთ:
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება