GE

როგორ ჩატარდა მისაღები გამოცდები სამხრეთ კორეაში–ჰაერში არც ბუზი და არც თვითმფრინავი აფრენილა

ყოველწლიურად, ნოემბერში, სამხრეთ კორეაში დგება დღე, როდესაც ცხოვრება თითქმის მთლიანად ჩერდება: ტრანსპორტის განრიგი იცვლება, საფონდო ბირჟა ვაჭრობას მოგვიანებით იწყებს, თვითმფრინავებს კი აფრენა და დაშვება ეკრძალებათ.

ეს არის ერთიანი გამოცდის დღე, როცა მოსწავლეები აბარებენ ტესტს, რომელიც მათ კოლეჯში (SCAT) სწავლების ვარგისიანობას აფასებს. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც კარგ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ოცნებობს.

წელს ერთიანი გამოცდა 16 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მიწისძვრის გამო ის ერთი კვირით გადაიდო. 5,4 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა.

პირველად ისტორიაში ერთიანი გამოცდა სტიქიური უბედურების გამო გადაიტანეს: განათლების სამინისტრო შეშფოთდა, რომ მიწისძვრის რაიონში, სკოლის შენობაში ჯდომა უსაფრთხო არ იქნებოდა, ამასთან, ყველასთვის თანასწორი პირობებით უზრუნველყოფაც არ იქნებოდა დაცული.

ჩვეულებრივ, მიწისძვრის გარეშეც, მთვარობა ერთიანი გამოცდის დღეს ძალას არ იშურებს მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

ყველა უწყება, დაწყებული განათლებისა და ტრანსპორტის სამინისტროთი, დამთავრებული შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროთი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. აღნიშნულ საქმეში კერძო ბიზნესიც აქტიურად არის ჩართული, კორეის საფონდო ბირჟა და ბანკების ფედერაციაც კი, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ბავშებისთვის ყველაფერს აკეთებს.

ყველა აფრენა, კარიერულის გარდა, აკრძალულია

სამხრეთ კორეის ერთიანი გამოცდა ერთ-ერთი უმკაცრესია მსოფლიოში. ქართული ერთიანი ეროვნული გამოცდისგან განსხვავებით, ის ერთიან ბლოკად არის შედგენილი და ყველა საგანი ერთ დღეს ბარდება.

გამოცდაში მიღებულ ნიშანს მოსწავლისთვის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის კარის გაღება შეუძლია,  რაც თავის მხრივ უზრუნველყოფილ ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერაში საგზურს წარმოადგენს.  სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ერთიანი გამოცდის დღეს ადამიანის ბედი წყდება.

ამასთანავე, გამოცდა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ ღონისძიებას წარმოადგენს. პარასკევს, 24 ნოემბერს, 593 ათასი მოსწავლე 1180 საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა. თითოეული მათგანისთვის საჭიროა მასალის, კვების, სითბოს, უსაფრთხოებისა და სიჩუმის უზრუნველყოფა.

გამოცდის დღეს ყველაზე რადიკალური ზომა არის თვითმფრინავების აფრენისა და დაჯდომის აკრძალვა, გარდა საგანგებო შემთხვევებისა.

ის 35 წუთის განმავლობაში მოქმედებს, მაშინ როდესაც მოსწავლეები ინგლისურ ენაზე ტექსტს ისმენენ და შემდეგ დასმულ შეკითხვებს პასუხობენ. გამოცდის ამ ნაწილისთვის აბსოლუტური სიჩუმეა საჭირო და ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისადგურებს.

ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თვითმფრინავები, რომლებიც იმ წუთებში ჰაერში იმყოფებოდნენ, 3 კმ. ნაკლებ სიმაღლეზე დაშვების უფლება არ ჰქონდათ. ხოლო  62 შიდა და 36 საერთაშორისო რეისის მგზავრებს აეროპორტში დალოდება მოუწიათ.

სეული ოფიციალურად აცნობებს ყველა ავიატორს ამ შეზღუდვებზე HOTAM (Notice to Airmen) სისტემის საშუალებით, რომელიც საჰაერო ნავიგაციის საერთაშორისო შეტყობინებების ოპერატიულ ბაზას წარმოადგენს.

ბოქლომს მიღმა

როგორ ხერხდება საგამოცდო დავალებების საიდუმლოდ შენახვა?

ყოველწლიურად, ის პირები, ვინც გამოცდისთვის ტესტებსა და სავარჯიშოებს ამზადებენ, გარე სამყაროსგან იზოლაციაში ექცევიან. შენობების ადგილმდებარეობა, სადაც საგამოცდო დავალებები დგება, საიდუმლოდ ინახება. ჩაკეტილ ბოქლომს მიღმა ტექნიკური მუშაკები და მომსახურე პერსონალიც რჩება, რომლებიც გამოცდის დამკვირვებლებს ეხმარებიან, მათ ხომ კვება, ბანაობა და ძილი სჭირდებათ.

საგამოცდო მასალის მოსამზადებელ ცენტრებში, ინფორმაციის გაჟონვისგან თავის ასაცილებლად, კომუნიკაციის ყველა წყაროს თიშავენ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც იქ მოხვდა, დიასახლისსაც კი, შენობიდან გამოსვლა მხოლოდ საგანგებო შემთვევაში, მაგალითად ახლობელი ნათესავის გარდაცვალების დროს შეუძლია. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მას სპეციალურ  აგენტს აყოლებენ და ის ვალდებულია დათქმულ დროს უკან დაბრუნდეს.

წელს საგამოცდო მასალის მომზადება 13 ოქტომბერს დაიწყო და განათლების სისტემის „ტყვე“ 700 ადამიანი გახდა.

ვინაიდან, თავდაპირველად ერთიანი გამოცდა 16 ნოემბერს იყო დანიშნული, ადამიანები ამ დღეს თავისუფლებაზე გამოსასვლელად მოემზადნენ. მაშინ, როდესაც მიწისძვრის გამო მთავრობამ გამოცდა 1 კვირით გადადო, მათ ჩაკეტილ შენობაში დარჩენა მოუწიათ. საერთო ჯამში მათ 1 თვეზე მეტი გარე სამყაროსთან არანაირი შეხება არ ქონდათ. ერთადერთი გზავნილი, რომელიც მათ ,,გარედან“ მიიღეს იყო ის, რომ მათ იზოლაციაში კიდევ 1 კვირა მოუწევდათ დარჩენა.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი გამოცდის გადაბარება იმავე წელს ან სხვა დღეს ნებადართული არავითარ შემთხევაში არ არის,  ყველაზე საპატიო მიზეზის დროსაც კი.

მოსწავლემ საგამოცდო ცენტრში შესვლა კარების დახურვასა და ტესტის გადაშლამდე უნდა მოასწროს. წესრიგს ათობით ათასი პოლიციელი და მეხანძრე იცავს, თუმცა ისინი არა დარღვევების აღმოსაფხვრელად არიან მობილიზებულნი, არამედ მოსწავლეების დასახმარებლად.

დანიშნულების ადგილამდე ციმციმათი მიყვანა

იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მოსწავლე გზაში დაიკარგა ან მას სახლში გამოცდაზე რეგისტრაციის ქვითარი დარჩა (რომელიც მოსწავლის პიროვნებას ადასტურებს) საგზაო პოლიციას სპეციალური საავტომობილო რაზმი ჰყავს გამოყოფილი. პოლიციელები მზად არიან გაჭირვებაში ჩავარდნილი მოსწავლე სახლში ან გამოცდის ადგილზე სასწრაფოდ მიიყვანონ.

ყოველწლიურად ტელევიზია აჩვენებს უფროსკლასელს, რომელიც პოლიციის მანქანიდან საგამოცდო ცენტრის კარისკენ გარბის. როგორც წესი, ის თავის დროზე ცხადდება დანიშნულების ადგილას, სახელმწიფო მექანიზმი ხომ სწორედ ამისთვის მუშაობს.

წელს 18 ათასზე მეტი პოლიციელი ერთიანი გამოცდის ჩატარების ადგილს იცავდა. გარდა ამისა ისინი თვალყურს ადევნებდნენ დავალებების კონვერტებისა და უკვე შესრულებული ნამუშევრების ტრანსპორტირების პროცესს. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმ შენობას, სადაც შესრულებული სამუშაოები მოწმდება და ნიშნები იწერება.

თუმცა ესეც არაფერია. მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, რა დროსაც სპეცდანიშნულების რაზმი გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.

რაიონებში, სადაც 1 კვირით ადრე მიწისქვეშა ბიძგები მოხდა, ჯარისკაცები და ექიმები განლაგდნენ. სახანძრო უწყებამ კი ქუჩებში ათასობით მანქანა გამოიყვანა. მეხანძრეები მოსწავლეების გადასაყვანად და მათი სიმშიდის დასაცავად მზად იყვნენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა. სეულის მერიის განკარგულებით, იმისათვის, რომ მოსწავლეები დანიშნულების ადგილზე დროულად გამოცხადებულიყვნენ, ავტობუსებმა და მატარებლებმა გადაადგილება ჩვეულებრივზე ადრე დაიწყეს.

ბირჟაც მოიცდის

ამ დღეს საფინანსო ბაზრებიც კი გაჩერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ წამში მილიონობით დოლარის დაკარგვა ან მოპოვება შეუძლიათ. კორეის საფონდო ბირჟა, რომელის KOSPI-ს ინდექსის ქვეშ ვაჭრობს და მისი აქციების მოცულობა 1,6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, გამოცდის დღეს 1 საათით გვიან გაიხსნა.

კორეის ბანკების ფედერაციამ სამუშაო დღე 9-ის ნაცვლად, დილის 10 საათზე დაიწყო. ორგანიზაციამ გაითვალისწინა, რომ პარასკევს მგზავრთა ნაკადი მკვეთრად გაიზრდებოდა, ვინაიდან მოსწავლეები, პედაგოგები, დამკვირკვებლები და მშობლები საგამოცდო ცენტრებისკენ გაემგზავრებოდნენ.

ერთიანი გამოცდის დღესთან დაკავშირებით სხვა კერძო დაწესებულებებიც ანალოგიურად მოიქცნენ.

განსაცვიფრებელი ფოტოები ჩინეთის სტრესული მისაღები გამოცდებიდან

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური