GE

როგორ ცვლის გათანაბრება აბიტურიენტის ნედლ ქულას – რა უნდა ვიცოდეთ პროცესის შესახებ

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტები აპელაციის შედეგებს ელოდებიან და როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აგვისტოს განუცხადეს, მათი გამოქვეყნების დრო აბიტურიენტთა განაცხადების რაოდენობაზეა დამოკიდებული. გამოცდების ცენტრის განმარტებითვე, ყველა აბიტურიენტის აპელაციის შედეგი ერთდროულად აისახება, აპელაციის შემდეგ იქნება გათანაბრებული ქულები და ამის შემდეგ ინფორმაცია აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვების თაობაზე.

გათანაბრებული ქულების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გათანაბრების შედეგად, სხვადასხვა ვარიანტის მქონე საგნებში ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.

აბიტურიენტებს აინტერესებთ თუ როგორ შეიცვლება მათი პირველადი შედეგი, ანუ ნედლი ქულა გათანაბრების შემდეგ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ქულათა გათანაბრება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ საგამოცდო ტესტში გამოყენებულია ტესტის რამდენიმე ვარიანტი, მაგალითისთვის, რადგან წელს, ფრანგულ ენაში აბიტურიენტებმა შეასრულეს ტესტის მხოლოდ ერთი ვარიანტი, ვერ მოხდება მისი შედეგების გათანაბრება, რადგან შედარებისთვის არ არსებობს სხვა ვარიანტები. იმ საგამოცდო საგნებში კი, სადაც რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, ქულების გათანაბრება შესაძლებელია და დამოკიდებულია იმაზე, განსხვავდებოდნენ თუ არა ვარიანტები სირთულის მიხედვით.

იმისთვის, რომ უკეთ აღიქვათ, როგორ ცვლის გათანაბრება ე.წ ნედლ ქულას, წარმოგიდგენთ გამოცდების ცენტრის მიერ მოყვანილ მაგალითს, რომელიც წარმოდგენილია დოკუმენში, „2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი“.

„ვთქვათ, ერთ ჯგუფში, სადაც 20 აბიტურიენტია, მათემატიკის ტესტის 𝒜 ვარიანტში ნინომ და ალიმ ერთი და იგივე (ნედლი) ქულა მიიღეს (მაგ., 48 ქულა), რომელიც სხვა 16 აბიტურიენტის ქულებზე უფრო მაღალი და დანარჩენი 2 აბიტურიენტის (ვინც იგივე 𝒜 ვარიანტი წერა) ქულებზე უფრო დაბალია. რიცხვის პროცენტის ცნების გამოყენებით, ნინოს (და ალის) ქულა ამ ჯგუფში აბიტურიენტთა მიერ ტესტის 𝒜 ვარიანტში მიღებული ქულების 80%-ზე მაღალია, ნინოს (და ალის) ქულა ყველა მონაცემის 10% -შია, ხოლო მონაცემების დანარჩენი 10% ნინოს (და ალის) ქულაზე მაღალია. ზემოთ მოყვანილი განსაზღვრებით, ნინოს (და ალის) ქულის შესაბამისი პროცენტული რანგი იქნება 𝑃𝐴 (48) = 80% + 1 2 ⋅ 10% = 85%.

ვთქვათ, პარალელურ ჯგუფში, სადაც აგრეთვე 20 აბიტურიენტია, ელენემ და კიდევ სამმა სხვა აბიტურიენტმა ტესტის 𝓑 ვარიანტში ერთი და იგივე (ნედლი) ქულა მიიღო (მაგ., 50 ქულა), რომელიც სხვა 15 აბიტურიენტის ქულებთან შედარებით უფრო მაღალია და 1 აბიტურიენტის ქულაზე უფრო დაბალი. მაშინ ელენეს (და ამ სამი აბიტურიენტის) ქულა ამ ჯგუფში მიღებული ყველა ქულის 75% -ზე მეტია, ელენეს (და ამ სამი აბიტურიენტის) ქულა ყველა მონაცემის 20% -შია, ხოლო მონაცემების დანარჩენი 5% ელენეს (და ამ სამი სხვა აბიტურიენტის) ქულზე მაღალია. ამ შემთხვევაში, ელენეს (და ამ სამი აბიტურიენტის) მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგი იქნება: 𝑃𝐵(50) = 75% + 1 2 ⋅ 20% = 85%.

რადგან ტესტის 𝒜 ვარიანტში ნინოს (და ალის) და 𝓑 ვარიანტში ელენეს (და იმ სამი სხვა აბიტურიენტის) მიერ მიღებული ქულების პროცენტული რანგები ტოლია, მათი ქულები გაიგივდება და ყველას — ნინოს, ალის, ელენესა და იმ სამ სხვა აბიტურიენტს — მიენიჭებათ გათანაბრებული ქულა 50“.

ვნახეთ, რომ გათანაბრების შედეგი ნედლ ქულას შეეხო და აბიტურიენტებმა 48-ის ნაცვლად 50 ქულა მოიპოვეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გათანაბრების შედეგად ქულა არავის აკლდება. ნედლი ქულისთვის მინიჭებული გათანაბრებული ქულა ამ ნედლ ქულაზე მეტია, ან მისი ტოლია.

ასევე იხილეთ:

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი და ხშირად დასმული კითხვები და პასუხები გათანაბრების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური