GE

როგორ დავადასტუროთ უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით მიღებული სრული ზოგადი განათლება საქართველოში – პროცედურა

საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იქნება შესაძლებელი.

რა პროცედურას გადის დადასტურების მსურველი პირი:

საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება (განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით) – განცხადების ფორმა;

2. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;

3. განმცხადებლის (უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);

4. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (რწმუნებულება/მინდობილობა);

5. შესაბამისი საფასურის (40 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; (ელექტრონული გადახდა)

რაც შეეხება ვადებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება იწყება განაცხადის შემოტანის დღის მომდევნო სამუშაო დღეს.

6. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს: საქართველოს მოქალაქეობის არქონის თაობაზე უფლებამოსილი დაწესებულების დოკუმენტი, რომელიც გაცემულია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადების რეგისტრაციამდე არაუგვიანეს 1 თვის ვადაში; პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ);

7. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი. (საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები).

როგორც ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დეტალურ პროცედურებში ვკითხულობთ, დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციასთან. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების დასადგენად, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იკვლევს დაწესებულების უფლებამოსილებას, განახორციელოს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამები და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური