როგორ დავიცვა ჩემი უფლებები სკოლაში – მოსწავლეებისა და ბავშვებისათვის
„ბავშვის უფლებები სკოლაში“ – ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და მოსწავლეებისა და ბავშვებისთვის სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს.
EDU.ARIS.GE პუბლიკაციას უცვლელად წარმოგიდგენთ:
როგორ დავიცვა ჩემი უფლებები სკოლაში
სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ. ამიტომ, აუცილებელია, სკოლაში ყველა ბავშვისთვის იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო. გახსოვდეს, რომ როგორც ყველგან, ისე სკოლაშიც გაქვს უფლებები.
შესაძლოა, სკოლაში იგრძნო, რომ შენს უფლებებს არღვევენ შენი თანატოლები, უფროსკლასელები, მასწავლებლები ან სხვა ადამიანები. თუ მიგაჩნია, რომ სკოლაში დაირღვა შენი უფლებები, მაგალითად:
- ზრდასრულებმა შენი სურვილის, აზრის გაუთვალისწინებლად მიიღეს გადაწყვეტილება შენ შესახებ;
- გახდი ჩაგვრის, ბულინგის მსხვერპლი;
- განსხვავებულად გექცევიან შენი საცხოვრებელი ადგილის, სასაუბრო ენის, შენი რელიგიის, რაიმე მოსაზრების ან სხვა მიზეზის გამო.
ასეთ დროს, შეგიძლია, მიმართო საგნის მასწავლებელს, დამრიგებელს, მანდატურს, სკოლის დირექტორს, მოუყვე მათ შენი წუხილი და მოითხოვო შენი უფლებების დაცვა.
ასევე, გახსოვდეს, რომ თუ ფიქრობ, რომ სკოლაში შენი უფლებები დაირღვა, შეგიძლია, მიმართო სკოლის დისციპლინურ კომიტეტს.
„დისციპლინა“ ლათინური ენიდან იღებს სათავეს და რჩევა-დარიგებას, აღზრდას ნიშნავს.
სკოლაში არსებობს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფი. ამ ჯგუფს დისციპლინური კომიტეტი ჰქვია. კომიტეტი შეისწავლის, დაარღვიეს თუ არა მოსწავლემ, მასწავლებელმა ან სკოლაში მომუშავე სხვა ადამიანმა სკოლის წესები.
ბავშვები ხშირად ამ კომიტეტს პატარა სასამართლოსაც უწოდებენ. თუ გინდა, იცოდე, როგორ მუშაობს დისციპლინური კომიტეტი, შეგიძლია, გაეცნო შენი სკოლის შინაგანაწესს. შინაგანაწესში წერია მოსწავლეების, მასწავლებლების და დირექტორის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ის სკოლაში, ყველასთვის ნაცნობ ადგილას უნდა იყოს გამოკრული, ისე, რომ ყველას მარტივად შეეძლოს მისი გაცნობა. ასევე, შეგიძლია, მოითხოვო შინაგანაწესის გადმოცემა და სკოლა ვალდებულია, ის გადმოგცეს.
გაინტერესებს, როგორ მიმართო სკოლის დისციპლინურ კომიტეტს?
დაწერე განცხადება – ფურცელზე წერ, რომ დისციპლინურ კომიტეტს მიმართავ და მიუთითებ შენს სახელს და გვარს. შემდეგ კი წერ იმ ამბის შესახებ, რომელიც გადაგხდა, დაირღვა თუ არა შენი უფლებები, ვის მიმართ გაქვს წუხილი თუ პრეტენზია და სხვა მსგავს ინფორმაციას, რასაც საჭიროდ ჩათვლი.
ვისთან მიგაქვს განცხადება?
განცხადება უნდა მიუტანო სკოლის ადმინისტრატორს და უთხრა, რომ მიმართავ დისციპლინურ კომიტეტს. როცა ადმინისტრატორი გამოგართმევს განცხადებას, ჰკითხე – რა ნომერი მიენიჭა მას და ეს ნომერი შეინახე!
გაინტერესებს, შემდეგ რა ხდება?
შემდეგ დისციპლინური კომიტეტი წაიკითხავს შენს განცხადებას. დისციპლინური კომიტეტის წევრები შენც გაგესაუბრებიან. ამ დროს შეძლებ, უფრო დაწვრილებით მოყვე შენს განცხადებაში დაწერილი ამბავი. შეგიძლია, კომიტეტთან გასაუბრებაზე თან წაიყვანო მშობელი, მზრუნველი ადვოკატი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი.
შენი ამბავი ასევე შეგიძლია მოუყვე უფროს ადამიანს, ვისაც ენდობი და ვისი იმედიც გაქვს, რომ დაგეხმარება. შეგიძლია, მას სთხოვო, რომ დაგეხმაროს დისციპლინური კომიტეტისთვის მიმართვაში და იქ შენი პრობლემის განხილვაში.
რას გააკეთებს დისციპლინური კომიტეტი?
დისციპლინური კომიტეტი შენი მოსმენის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება უნდა დაწეროს და შენ გადმოგცეს.
რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს დისციპლინურმა კომიტეტმა?
დისციპლინურმა კომიტეტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შენს მოსაზრებებს ემთხვევა, ან პირიქით, ისეთი, რომელსაც არ ეთანხმები.
გადაწყვეტილების მიღებისას კომიტეტმა ეს წესები უნდა გაითვალისწინოს:
- სკოლაში ყველას უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. სკოლის წესები ყველამ უნდა დაიცვას, პატივი სცეს მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებას და ღირსებას;
- დისციპლინური კომიტეტი უნდა მოიქცეს სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად და შენ მიმართ იყოს სამართლიანი;
- კომიტეტმა დეტალურად უნდა შეისწავლოს მომხდარი ამბავი და შენი მოსაზრებები ამის შესახებ. გადაწყვეტილებაში კი ყოველთვის შენთვის გასაგებად უნდა ეწეროს, რატომ მიიღო კომიტეტმა ესა თუ ის გადაწყვეტილება.
დისციპლინურ კომიტეტს შეუძლია ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორიცაა მოსწავლის, მასწავლებლის ან სკოლაში მომუშავე სხვა ადამიანისთვის საყვედურის, შენიშვნის, გაფრთხილების ან მკაცრი გაფრთხილების გამოცხადება.
ასევე, კომიტეტს შეუძლია, მოსწავლეს დაავალოს სკოლისათვის სასარგებლო საქმის გაკეთება და სხვ.
სკოლამ ბავშვის მშობელს აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
სკოლა ვალდებულია, იზრუნოს ბავშვზე და მის უსაფრთხოებაზე.
რა შეგიძლია, გააკეთო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმები დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას?
თუ არ დაეთანხმები დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას, შეგიძლია მიმართო სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭოც სკოლაში არსებული გუნდია, სადაც უფრო მეტი ადამიანია გაერთიანებული. სამეურვეო საბჭო განიხილავს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა დისციპლინურმა კომიტეტმა. თუ სამეურვეო საბჭო ფიქრობს, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. ხოლო, თუ ფიქრობს, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო – არ შეცვლის.
კარგი იქნება, ასევე, იცოდე, რომ:
- სამეურვეო საბჭოს შეუძლია, სკოლის წესების და კანონების დარღვევისთვის დირექტორი სამსახურიდან დაითხოვოს.
- სამეურვეო საბჭო განიხილავს იმ საჩივრებსაც, რომლებიც სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებებს ეხება.
- დირექტორის მიმართვის საფუძველზე, სამეურვეო საბჭოს შეუძლია, მასწავლებელიც დაითხოვოს სამსახურიდან.
სკოლასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე შეგიძლია, პირდაპირ მიმართო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ამისთვის არ არის საჭირო, რომ ეს საკითხი ჯერ დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილოს.
სამინისტროში არის შიდა აუდიტის დეპარტამენტი. აქ მომუშავე ადამიანები ამოწმებენ სკოლას, მიდიან კიდეც იქ და აფასებენ, იცავენ თუ არა სკოლაში ბავშვის უფლებებს. თუ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ სკოლაში არ არის ბავშვის უფლებები დაცული, მას წერილობით მიუთითებენ, როგორ უნდა მოიქცეს ბავშვის უფლებების დასაცავად.
როგორ შეგიძლია, მიმართო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს?
- მისამართი: ქალაქი თბილისი, დიმიტრი უზნაძის №52
- სამინისტროს ცხელი ხაზი: 032 2 20 02 20
- მისწერე კითხვები – Facebook.com/mesGeorgia ან pr@mes.gov.ge
- სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ცხელი ხაზი: 032 2 20 02 20 და მათი შიდა ნომერი -1150
სკოლაში მომხდართან დაკავშირებით, ასევე შეგიძლია, მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს, რომელიც შეისწავლის შენს ამბავს და დაგეხმარება შენი უფლებების დაცვაში.
როგორ შეგიძლია მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს?
- შეგიძლია, მოხვიდე ჩვენთან. მისამართი იხილე:
- ცხელი ხაზი: 1481
- ელ. ფოსტა info@pdo.ge; ან ფეისბუკი: https://www.fb.com/OmbudsmanofGeorgia/
სკოლაში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მუშაობენ მანდატურებიც. მანდატურის სამსახურში ასევე შეგიძლია მიიღო ფსიქოლოგის მომსახურება, ონლაინ ან ადგილზე მისვლით.
- http://mandaturi.gov.ge/contact
- მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის II შესახვევი, №2
- ტელეფონი: 032 2 20 02 20 (შიდა ნომერი 3335)
- მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურება 08 00 00 00 88.
თუ სკოლაში არსებული კომიტეტის ან/და სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შენი აზრით, უსამართლო და დაუსაბუთებელია, შეგიძლია, მიმართო სასამართლოს.
იხილეთ პუბლიკაცია თანდართული ილუსტრაციებით