როგორ დავრეგისტრირდეთ პირველ კლასში წარმატებით? – გზამკვლევი მშობლებისთვის
სკოლაში თითოეული სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, მომავალი პირველკლასელი მოსწავლეების მშობლები ბავშვების რეგისტრაციისთვის ემზადებიან. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და 4 ეტაპისგან შედგება.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, ხშირად ხდება, რომ მშობლები ვერ არეგისტრირებენ ბავშვებს. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა და პროცედურული საკითხების არცოდნაა. 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი მალე დასრულდება, თუმცა ის „რთული“ ეტაპები, რომელიც ათასობით ბავშვებს ეხებათ წინ არის.
EDU.ARIS.GE მშობლებისგან უამრავ კითხვას იღებს. ისინი ინტერესდებიან როდის, როგორ და რა საბუთებით შეძლებენ ბავშვის რეგისტრაციას, მოუწევთ ონლაინ რეგისტრაცია თუ ადგილზე უნდა გამოცხადდნენ, როდის უწევს რეგისტრაცია სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე პატარებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ეტაპი გამოტოვეს, არის თუ არა შესაძლებელი ამის გამოსწორება. გადავწყვიტეთ, თითოეულ შეკითხვას პასუხი ამომწურავად გავცეთ და უფრო მეტი პროცედურული ინფორმაცია მოგაწოდოთ.
პირველ რიგში გეტყვით, რომ არსებული კანონმდებლობით 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.
რეგისტრაციისთვის რა ეტაპები უნდა გავიარო, როდის და სად?
საჭიროა 4 ეტაპის გავლა. ვადებს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო განსაზღვრავს და ეტაპებს შორის სხვადასხვა დროითი ინტერვალია.
I ეტაპი (15-26 მარტი) – დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2022 წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
II ეტაპი(2-13 მაისი) – ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე და რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
III ეტაპზე(17 მაისი 8 ივნისი) – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რეგისტრირდება ყველა ერთად, ვისაც არ შეხებია აქამდე არსებული არცერთი ეტაპი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge მისი ჩართვის შემდეგ და არა მანამდე. ამ დროს რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
როგორ გამოიყურება ველი, სადაც მოსწავლეს დავარეგისტრირებ და რომელი განყოფილებები უნდა შევავსო?
პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია
რას ნიშნავს სექტორი?
სექტორის მონიშვნის დროს თქვენ აფიქსირებთ რომელ ენოვან სექტორს ირჩევთ (ქართულს/რუსულს).
IV ეტაპი (28 ივნისი-12 ივლისი) – სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
როდის რეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი?
როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სოციალურად დაუცველი კატეგორიის პირთა გამოყოფილი ფორმით რეგისტრაცია არ ხორციელდება და ისინიც უნდა მოერგონ იმ ეტაპებს, რომელიც სამინისტროს მიერ არის დადგენილი.
როგორ ვარჩევ სკოლას და რა უფლებებით ვსარგებლობ?
მშობელმა, პირველ რიგში, უნდა შეარჩიოს სკოლა, მისთვისა და ბავშვისთვის ოპტიმალური, მოსახერხებელი არჩევანი გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს ტერიტორიული სიახლოვე, კვალიფიციური კადრებისა თუ ზოგადად სკოლის მაღალი რეპუტაცია, წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მონაწილეობა, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო პროექტებში, გაძლიერებული კათედრები თუ სხვა.
არჩევანის შეცვლას გადაწყვეტთ? გახსოვდეთ, რომ ბოლო ეტაპს არ დაელოდოთ, რადგან როგორც წესი, სკოლებში ადგილები შეზღუდულია, თუ თქვენი შვილი არასასურველ სკოლაში ჩაირიცხა მობილობის შესაძლებლობა არსებული კანომდებლობით მხოლოდ პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ მოგეცემათ. ასევე, მშობელს აქვს უფლება რეგისტრაციის დაწყებამდე ბევრათ ადრე გამონახოს დრო შერჩეულ სკოლაში ვიზიტისთვის და მიიიღოს მასზე დეტალური ინფორმაცია, ასევე იკითხოს რამდენი პირველკლასელის მიღების რესურსი აქვს სკოლას, ვინ არიან მასწავლებლები, დამრიგებლები, გაეცნოს მათ პორტფოლიოს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლეთა წარმატების შესახებ და გაარკვიოს რამდენად უსაფრთხოა სკოლა. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველჰყოს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. თუ განგიმარტეს, რომ ეს უფლება მხოლოდ ჩარიცხვის შემდეგ მოგეცემათ და მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლია სკოლის შინა განაწესი წაიკითხოთ, შეახსენეთ, რომ ამის უფლება თქვენ გაქვთ ან უბრალოდ მიმართეთ შესაბამის დაწასებულებებს, რომლებსაც ქვემოთ ვახსენებთ.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოვტოვებთ?
თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ან შეფერხებას შეგიქმნით სკოლა ან გექნებათ სხვა მიზეზი, უნდა დაელოდოთ მეოთხე ეტაპს. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის ტერიტორიულ ერთეულშიც მდებარეობს სკოლა და ოპერატიულად შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს (995 32) 2 200 220.
აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ თითოეული ეტაპი გარკვეულ დროს მოიცავს, რასაკვირველია, უნდა დაიცვათ რეგისტრაციის ვადები და ბოლო დღეს არ დაიწყოთ რეგისტრაცია, რადგან უფრო ნაკლები დრო გექნებათ პრობლემის მოსაგვარებლად, და შესაძლოა ვადებში ვერ ჩაეტიოთ ან უბრალოდ მოხვდეთ თქვენთვის არასასურველ სკოლაში.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება