GE

როგორ გაიმიჯნება სკოლებში ინტერნეტით სწავლა და გართობა? – რას ფიქრობს სამინისტრო, ფსიქოლოგი და პედაგოგი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო რამდენიმე წელიწადში საჯარო სკოლების სრულ ინტერნეტიზაციას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში ახალი ტექნოლოგიები აქტიურად უნდა გამოიყენონ, გეგმები მართლაც საინტერესო და შთამბეჭდავია, პროცესში ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან ჩართული, როგორებიც Microsoft და ტალინის უნივერსიტეტია. თუმცა საინტერესოა, როგორ შეძლებენ სკოლები და თავად ბავშვები ერთმანეთისგან გამიჯნონ სწავლა და გართობა?

პედაგოგები და მშობლები თანხმდებიან, რომ თავისუფალი ინტერნეტი დიდი ცდუნება იქნება ბავშვებისთვის და არის საფრთხე, რომ  რესურსი მოზარდებმა სწავლის ნაცვლად გასართობად გამოიყენონ. მობილური ტელეფონები და ინტერნეტი სასწავლო პროცესში დღესაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. საფრთხეზე საუბრობენ სამინისტროშიც, თუმცა ამბობენ, რომ რეფორმის მიზანი სწორედ მსგავსი პრობლემების გადაჭრაა.

თელავის მე–3 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი მანანა ჯაყელი, რომელიც პედაგოგიურ პრაქტიკაში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და მის ონლაინ გაკვეთილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ისმენენ, ამბობს რომ მოსწავლეების ინტერნეტდამოკიდებულება დღეს პრობლემა ნამდვილად არის.

„სკოლაში ინტერნეტი გვაქვს, ბავშვებისთვის თვისუფლად ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ დღეს ყველას თავის ტელეფონში აქვს მეგაბაიტები. სექტემბრიდან სკოლაში შემოვიღეთ ასეთი წესი, რომ ჩამოგვერთმია ეს ტელეფონები დილით და გაკვეთილების შემდეგ დაგვებრუნებინა, მაგრამ ამანაც ვერ გაამართლა, პატარები არიან, მშობელს დაინტერესება აქვს გაიგოს  როგორაა მისი შვილი. ვფიქრობ, ამ ჩამორთმევას და ამ აკრძალვებს, ჯობია, მათი შეგნება ამაღლდეს და იცოდნენ როდის უნდა გაერთონ ინტერნეტით და როდის არა. ამ კუთხით ძალიან აქტიურად უნდა ამუშავდეს მედია წიგნიერება, ეს აკლიათ ჩვენს ბავშვებს. ესმით, რომ WI-FI ჩაირთო და უხარიათ, აბა ტელეფონში ვითამაშოთ და შეტყობინებები ვგზავნოთო. ფსიქოლოგიური მომენტიცაა, ბავშვი ხედავს თავისუფლებას და გალიიდან რომ გამოუშვებენ, ჩიტს ეგრეა, ამიტომ უნდა გადამზადდნენ პედაგოგები, რომლებიც ჩაატარებენ მედია წიგნიერების გაკვეთილებს. რომ გაიზრდებიან ეს მოსწავლეები მიხვდებიან, რომ  ინტერნეტი არ არის მხოლოდ გართობისთვის და რომ მას შეუძლია ძალიან დიდი სარგებლობა მოუტანოს ადამიანს“,- ამბობს პედაგოგი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სკოლების მასობრივი ინტერნეტიზაციის იდეა მოსწონს ფსიქოლოგ ირინა ტაბუციძეს, თუმცა ფიქრობს, რომ კარგი იქნება სასწავლო დაწესებულებებში გარკვეული საიტებზე შეზღუდვა დაწესდეს.

„საფრთხე რეალურია, გასაგებია და დიდი გამოცნობა არ უნდა, რომ ბავშვები ინტერნეტს თამაშისთვის გამოიყენებენ. ალბათ, შესაძლებელია, სკოლის სივრცეში გარკვეული საიტებისა და სოციალური გვერდების დაბლოკვა, თუ ამის უზრუნველყოფა ტექნიკურად განხორციელებადია, მაშინ, რისთვისაც კეთდება ინტერნეტი სკოლაში, ალბათ, მშვენიერი შეთავაზებაა. აქ არის მეორე მხარე, ჩვენ ვიხედებით მხოლოდ თბილისის პრიზმიდან, წარმოიდგინეთ მაღალმთიანი სოფლები, სადაც  რეალურად პრობლემაა ინტერნეტი ხომ? ამ სოფლებში რომ თავისუფალი წვდომა იქნება ინტერნეტთან, ზღვა ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ბავშვებს.  ერთმნიშვნელოვნად რომ რაღაც უარყოფით მხარეზე ვილაპარაკოთ, ეს  ასე არ არის. ნელ-ნელა მივდივართ იქეთკენ, რომ ელექტრონული წიგნები შემოვიდეს, ჩამოწყვეტილი აქვთ მხრები ბავშვებს 20-კილოიანი ჩანთების ზიდვით. პროგრესია, ვითარდება კაცობრიობა და ადრე თუ გვიან მოგვიწევს ავყვეთ ამ ყველაფერს. ამიტომ, ასე უბრალოდ ხელების სავსავი „ბავშვები გვეღუპებიან“ და „ქართველობას გვართმევენ“ – მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია ასეთ სიტუაციებში“, – ამბობს ირინა ტაბუციძე  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია 2017 წლიდან, კანონმდებლობით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა, 2018 წლის ბოლოს კი  სპეციალური დეპარტამენტიც შექმნა. რაც შეეხება სკოლებს და მოსწავლეებს, მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით მიმდინარე წელს, კომუნიკაციების კომისია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 5 პროექტს განახორციელებს.

აღნიშნული პროექტების მთავარი მიზანია ახალგაზრდებში მოხდეს კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება. მათ შეძლონ მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი, ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა, ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა. ასევე, შეძლონ ციფრულ ეკონომიკაში მონაწილეობის  შესაძლებლობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტ სანდრო ასათიანის განმარტებით, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საწყის ეტაპზე 50 საპილოტე სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები, შევა მოძრავი ლაბორატორია და მოხდება ინტერნეტით და უკაბელო ინტერნეტით აღჭურვა. მომდევნო წლებში კი, მისი თქმით, რეფორმა, აბსოლუტურად, ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. ექსპერტი საფრთხეებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ  სამინისტროს მთავარი მიზანიც ესაა, რომ მოზარდებმა ინტერნეტ-რესურსების სწორად გამოყენება შეძლონ

„ეს უკვე არის ამ რეფორმის ძირითადი მიმართულება, ვაჩვენოთ ბავშვებს  როგორ შეიძლება ეს ტექნოლოგიები გამოიყენონ თავის სასარგებლოდ, რომ ის დრო რასაც თამაშში ატარებენ, იქნებ განვითარებაში გადაიტანონ. უბრალოდ აკრძალვა მე მაინც არასწორი მგონია. ჯობია, სწორად გამოყენება ასწავლო, ვიდრე აუკრძალო“, – აცხადებს სანდრო ასათიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური