როგორ გამოვიყენოთ ფილმების პოსტერები უცხო ენის გაკვეთილზე – 10 რჩევა კოლეგებს
ავტორი: ნონა ბეროშვილი, ფრანგული ენის წამყვანი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
ფილმის პოსტერები არის დოკუმენტური მასალა, რომელიც მზადდება ფილმის რეკლამირებისთვის ფილმის გამოსვლამდე ან მისი ჩვენებისას. მასზე მოცემულია ფილმის სათაური, რეჟისორის ვინაობა, მთავარი გმირების როლის შემსრულებელი მსახიობების გვარები.
პოსტერზე მოცემული ვიზუალური ინფორმაცია (ფერები, პერსონაჟთა ჩაცმულობა, მიმიკები და სხვ.) საშუალებას იძლევა, ვივარაუდოთ ფილმის ჟანრი და ხასიათი. სწორედ ამ მახასიათებლებს ეფუძნება საგანმანათლებლო აქტივობები:
- პოსტერზე დაკვირვება მასზე წარმოდგენილი მთავარი ელემენტების ამოსაცნობად;
- პოსტერზე დაყრდნობით შესასწავლ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა;
- ზეპირმეტყველების და წერის უნარ-ჩვევებზე მუშაობა;
- ინტერაქცია უცხო ენის გაკვეთილზე;
- მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა და წახალისება ფილმების სანახავად.
შეხედე პოსტერს. იპოვეთ შემდეგი ელემენტები: ფილმის სათაური, რეჟისორის სახელი, მთავარი მოქმედი პირები, სხვა წერილობით გადმოცემული ინფორმაცია.
შეხედე და დააკვირდი პოსტერს. რა განწყობა გიჩნდება? რა ჟანრის ფილმია? (კომედია, დრამა, დეტექტიური ფილმი, დოკუმენტური ფილმი…) დაფაზე დაწერეთ ყველა ზედსართავი სახელი, დაკავშირებული აფიშასთან.
კითხვარი. დააკვირდით პოსტერს და უპასუხეთ შეკითხვებს: რამდენი პერსონაჟია პოსტერზე? რას აკეთებენ ისინი? რას ან ვის უყურებენ ისინი? რა ფერები დომინირებს? რას ხედავთ წინა პლანზე? უკანა პლანზე?
აღწერა. კლასის ერთ ნაწილს მიეცით პოსტერი, მეორე ნაწილმა შეეცადოს, დახატოს პოსტერი იმ მინიშნებებით, რასაც პირველი ჯგუფის ბავშვები კარნახობენ. ისინი იყენებენ სიტყვებს: პირველ პლანზე, უკანა პლანზე, წინ, უკან, შუაში, გვერდით…
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ადარებენ ორ პოსტერს-ორიგინალს და დახატულს.
დაკვირვება და მოსაზრებები. დააკვირდით პერსონაჟებს და უპასუხეთ კითხვებს: ასაკი? ჩაცმულობა? ქალი? კაცი? რამდენი პერსონაჟია? თქვენი ვარაუდით, როგორია ამ პერსონაჟების ცხოვრება? როგორი ურთიერთობაა გმირებს შორის? ერთი ოჯახიდან არიან? მეგობრობენ? მოიფიქრეთ ისტორია მათი მონაწილეობით.
შეხედე პოსტერს. წარმოადგინე პერსონაჟების გარეგნული და შინაგანი პორტრეტი. დაფაზე ჩამოწერეთ შესაბამისი ზედსართავი სახელები. თქვენი აზრით, როგორი ხასიათი აქვთ ამ პერსონაჟებს? მსახიობებს, ვინც მათ როლს ასრულებენ, აქვთ საერთო ამ პერსონაჟების ხასიათთან? თუ განსხვავდებიან?
დააკვირდი პოსტერს. წარმოიდგინე და წარმოადგინე ფილმის დასაწყისი ერთი წინადადებით.
უპასუხე კითხვებს:
– ვინ არიან გმირები?
– სად ხდება ამბავი?
– როდის ვითარდება ამბავი?
– რა ხდება ფილმში?
გამოთქვით ვარაუდები სცენარის შესახებ.
შენ და პოსტერი. უპასუხე კითხვებს: მოგწონს პოსტერი? დააკავშირე ის ფილმის სათაურთან. გიბიძგებს ის ფილმის ნახვისკენ? რატომ ? რა გიკვირს? რა მოგწონს ? რა არ მოგწონს?…
დამალული სათაური. დამალეთ სათაური, შემდეგ დაარიგეთ ფილმის პოსტერები. სურათის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ ფილმის სათაური. შემდეგ მოსწავლეებს აჩვენეთ ფილმის ორიგინალი პოსტერი, შეადარონ მათი მოფიქრებული სათაურები ნამდვილს.
ან აჩვენეთ მოსწავლეებს რამდენიმე პოსტერი დამალული სათაურით. დაწერეთ სათაურები დაფაზე და სთხოვეთ, მოარგონ პოსტერებს, ახსნან თავიანთი არჩევანი. შემდეგ წარმოადგინეთ ორიგინალი პოსტერები და შეაჯამეთ, სწორად გამოიცანით სათაურები?
ჩემი საყვარელი ფილმის პოსტერი. მოსწავლეებს სთხოვეთ, მოამზადონ თავიანთი საყვარელი ფილმის პოსტერი, დანარჩენებმა პოსტერზე დაყრდნობით ივარაუდონ სიუჟეტი. იმ შემთხვევაში, თუ ორი მოსწავლე ერთი და იმავე ფილმის პოსტერს წარმოადგენს, შეადარონ ისინი -რა არის მათ შორის საერთო და განსხვავებული?
ჩამოთვლილი აქტივობები, თქვენი კლასის ცოდნის დონისა და მზაობის შესაბამისად შეგიძლიათ, შეცვალოთ, მოარგოთ თქვენს მოსწავლეებს. მათში ადვილად შეიძლება ინტეგრირდეს თამაშის ელემენტები, აქტივობები შესრულდეს ჯგუფურად ან წყვილებში, დროის ლიმიტის მითითებით და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მასწავლებელი წინასწარ ამზადებს რესურსებს, ამობეჭდავს ან ეკრანზე აჩვენებს შერჩეულ აფიშებს.
ასევე იხილეთ:
თამაშები ფრანგული ენის გაკვეთილზე
გამოყენებული წყარო: J’apprends le français avec le cinéma; Michel BOIRON CAVILAM – Alliance Française.