GE

„დღემდე მესიზმრება სკოლა“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

ავტორები: მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე. წიგნი – მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!

წიგნი ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ რეალურ ისტორიებს. 

V

დღემდე მესიზმრება, რომ სკოლაში ვარ, გასასვლელს ვეძებ და ვერ გავდივარ.

გუშინ დამესიზმრა ჩვენი დირექტორი. უკან მივდევდი და ვცდილობდი ამეხსნა, რაც ჩემს თავს ხდებოდა.

თავიდან, როცა მეოთხე კლასში თბილისში გადმოვედი, კილოზე და წარმომავლობაზე დამცინოდნენ. ჩემი გვარის თქმა უჭირდათ და ამაზეც იცინოდნენ. შემზიზღდა ჩემი გვარი. „ნეტავ, სხვა გვარის ვიყო, რამდენი გვარია საქართველოში-მეთქი!“ – ვფიქრობდი, – „რატომ მაინცდამაინც ეს გვარი!“

მახსოვს, სარდაფში გვქონდა კლასი. დასვენებაზე პარალელური კლასელებიც ჩამოდიოდნენ და ჩემს კლასელებს უერთდებოდნენ. თითქოს შეთანხმებულები იყვნენ – გეგონებათ კონტრაქტი ჰქონდათ დადებული, სადაც ეწერა, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა გავემწარებინე.

ვცდილობდი, რამენაირად გავქცეოდი ამ საშინელებას. ხან კლასში ვიყავი და არ გამოვდიოდი, ხან კიდევ ადრე გავდიოდი. ხან ეზოში ვიდექი მარტო, სიცივეშიც კი… უბრალოდ, არ მქონდა მათი თავი.

დაცინვა განსაკუთრებით მაშინ უყვარდათ, როცა გოგონები იყვნენ ირგვლივ. მერე გოგონებზეც მოქმედებდა ეგ. არ მახსენდება შემთხვევა, რომ ვინმე დამხმარებოდა. აბსოლუტურად არაფერს ამბობდნენ მასწავლებლები, დამრიგებელი თუ სხვა. ეგ კი არა, ერთი ძმაკაცი მყავდა. ერთად დავდიოდით სკოლაში და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ჩემი ძმაკაციც მჩაგვრელებს უბამდა მხარს.

გარდა იმისა, რომ ჩამოსული და „უცხო“ ვიყავი, ჩემი კლასელები მუდმივად ეძებდნენ და აუცილებლად პოულობდნენ სხვადასხვა „ნაკლს“ და თან ცდილობდნენ, ეპოვათ რაიმე ისეთი, რისი შეცვლაც შეუძლებელია, მაგალითად: „ერთი წუთი შემომხედე… რანაირი თავის ფორმა გაქვს?!“ „მძღნერის ფერი კანი გაქვს“, „რა უნიჭო ხარ, „იმენნა“ არაფერი შეგიძლია!“ ხშირი იყო, ასევე, ფიზიკური ჩაგვრაც – მაგალითად, ხელის კვრები, დარტყმა, ფეხსაცმლის ძალით გახდა და მაღალ კარადაზე შემოდება. ასევე, მახსოვს, ერთხელ ზამთარში სკოლაში 5 საათამდე მომიწია დარჩენა და ფანჯრიდან თვალთვალი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი კლასელები წავიდნენ და თოვლში არ მათრევდნენ.

ძალიან ჩაკეტილი გავხდი. მქონდა ქრონიკული დეპრესია, სუიციდური აზრები და სწავლაზე ვერ ვკონცენტრირდებოდი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთ ასაკში ვერ ათვიცნობიერებ, რომ შეიძლება ეს ადამიანები ცდებიან და ცდილობ, რომ „გამოსწორდე“, მოერგო მათ. უშედეგოდ ცდილობ, რომ როგორმე თავი მოაწონო და, თუკი 1-2 წლის მერე გემეგობრებიან, შენც უმეგობრდები. ასე დავუმეგობრდი ორ მათგანს, თუმცა, შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩამოვშორდი. ბულინგის დროს დამნაშავეები არ არიან მხოლოდ ბულერები. დამნაშავეები არიან ის ადამიანებიც, ვინც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ.

მეცხრე კლასში ისევ რაიონში დავბრუნდი სასწავლებლად. ახლა უკვე იმისთვის ვიბრძოდი, რომ არავინ დაებულინგებინათ. თან გამოცდილებაც მქონდა და სხვა ღირებულებებიც. მახსოვს, იქ რომ გადავედი, ერთმა იქაურმა ყოჩმა თვალი ჩამიკრა და „ნახე ეხლაო!“ – მითხრა. დაუძახა პატარა ნიკოს და ეუბნება: „მიდი, კარი ჩაკეტეო!“ ღია იყო და „აჩმორებდა“ ვითომ ამ ფორმით. ავდექი და მე დავკეტე კარი ნიკოს ნაცვლად. რომ მოვტრიალდი, ამ ბიჭს თვალი თვალში გავუყარე. იმ დღეს მიხვდა, რომ უკან დამხევი არ ვიყავი ნიკოს გამო. იმიტომ, რომ მე ვიყავი ეგ ნიკო, ოღონდ სხვა დროში და სხვა უნარებით.

ახლანდელი გადმოსახედიდან, აღარც მეზიზღებიან ეს ადამიანები. ვხვდები, რომ მათ ოჯახში ჰქონდათ პრობლემები – უმეტესობას ან მშობლები ჰყავდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, ან სახლში სცემდნენ, ან ხშირად უყურებდნენ ოჯახში ძალადობის ფაქტებს. თუმცა მაშინ მათ, უბრალოდ, ბოროტ, სასტიკ, უგულო ადამიანებად აღვიქვამდი და, იდეაში, მართლაც ასეთები იყვნენ ჩემს მიმართ, მაგრამ მაშინ მიზეზებზე ვერ ვფიქრობდი.

მეც რთული სიტუაცია მქონდა ოჯახში, მაგრამ მათნაირი არ ვყოფილვარ. ჩემი მშობლები დაშორებულები არიან და დედაჩემმა გამზარდა. დედაჩემი კი, როდესაც სამსახურიდან დაღლილი და განერვიულებული მოდიოდა, ჩემზე იყრიდა ჯავრს – უსამართლოდ მეჩხუბებოდა და საშინელი სიტყვებით მომმართავდა, მაგალითად, „საქონელო“, „არაფრის მაქნისო“, „შენი იმედი უნდა მქონდეს მე?!“ და ძალიან იშვიათად გამოხატავდა სიყვარულს. ერთხელ, ვეღარ მოვითმინე და მამაჩემს მოვუყევი რა ხდებოდა სკოლაში, იმ იმედით, რომ რამეს მოიმოქმედებდა, მაგრამ მისგან ასეთი პასუხი მივიღე: „ალბათ, შენ გამოიწვიე“… და მეც შევწყვიტე დახმარების ძიება – მივხვდი, რომ არავის იმედი უნდა მქონოდა.

ყველაზე მეტად მინდა, ამ აზროვნებით დავბრუნდე ისევ იმ დროს – მაშინ უსუსური ვიყავი…

წიგნი მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) პროექტის „ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / „მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

ასევე იხილეთ:

„ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

„დედა არაა მხატვარი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

„წერილი ვენერა მასწავლებელს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური