ზედსართავი და რიცხვითი სახელების მართლწერა – სავარჯიშოები მეცადინეობისათვის
ზედსართავი სახელების მართლწერა; რიცხვითი სახელების მართლწერა.
ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი
ზედსართავი სახელების მართლწერა
ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები უ- … -ეს, მო- … –ო აფიქსების დართვით იწარმოება (უ-მშვენიერ-ეს-ი; მო-დიდ-ო, უ-წმინდ-ეს-ი, მო–ო); რამდენიმე ზედსართავი სახელი თავისებურებას ავლენს ხარისხის ფორმათა წარმოებისას; კერძოდ, მთლიანად იკარგება ბოლოკიდური მარცვალი (-ილ ან -ელ):
სქელ-ი – მო-სქ-ო, უ-სქ-ეს-ი;
ტკბილ-ი – მო-ტკბ-ო, უ-ტკბ-ეს-ი;
გრძელ-ი – მო-გრძ-ო, უ-გრძ-ეს-ი.
ოდნაობითის ფორმებს თავისებურად აწარმოებს შემდეგი ზედსართავი: წითელი, ყვითელი: მო-წითალ-ო, მო-ყვითალ-ო (და არა მოწითელო, მოყვითელო).
ზედსართავი სახელი ცუდი აღმატებითი ხარისხის ფორმას შემდეგნაირად აწარმოებს: არასწორია უ-ცუდ-ეს-ი; სწორი ფორმაა – უარესი.
ზედსართავი სახელის კარგი აღმატებითი ხარისხის ფორმაა საუკეთესო და არა უკარგესი…
* * *
ქართულში საგნის თვისების აღსანიშნავად ხშირად იხმარება -ურ ბოლოსართი, თუმცა, ფუძეში თუ რ ბგერაა, აუცილებლად გვექნება ბოლოში -ულ:
თბილის-ურ-ი, კახ-ურ-ი, ქალაქ-ურ-ი მაგრამ – გორ-ულ-ი.
თუ სახელი -ია-ზე თავდება, დაბოლოებად გვექნება -იურ / -იულ:
გეოგრაფია – გეოგრაფიულ-ი,
ზოოლოგია – ზოოლოგიურ-ი…
* * *
თუ სახელი -იკა-ზე თავდება, მაშინ გვექნება –იკურ / -იკულ:
რომანტიკა – რომანტიკული
სპეციფიკა – სპეციფიკური
დინამიკა – დინამიკური
მიმიკა – მიმიკური
დაიმახსოვრეთ: ტიპი, ფაქტი სიტყვებისაგან ნაწარმოები ზედსართავი სახელების სწორი ფორმები იქნება:
ტიპ-ურ-ი ან ტიპ-ობრივ-ი (და არა: ტიპიური)
ფაქტ-ობრივ-ი (აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად და არა: ფაქტიურად).
* * *
დაიმახსოვრეთ: ერთი და იმავე ძირისგან განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვები მიიღება სხვადასხვა დაბოლოების დართვით. მაგ: ეკონომია – ეკონომი-ური (ფულის ხარჯვა ეკონომიურად, ყაირათიანად) და ეკონომიკა – ეკონომ-იკ-ურ-ი (ეკონომიკური პოლიტიკა).
* * *
დაიმახსოვრეთ: ფუძეზე -ებრივ სუფიქსების დართვისას ზოგჯერ ხმარობენ ზედმეტ ო ხმოვანს. მაგ: სამსახურ-ე-ო-ბრივ-ი, მოწამე-ო-ბრივ-ი, საფეხურ-ე-ო-ბრივი, რაც არასწორია. უნდა ვთქვათ და ვწეროთ:
სამსახურ-ებრივ-ი
საფეხურ-ებრივ-ი
მოწამ-ებრივ-ი.
* * *
დაიმახსოვრეთ: მომსახურ-ებ-ა (და არა: მომსახურ-ე-ო-ბ-ა)
განზოგად-ებ-ულ-ი, განზოგად-ებ-ა (და არა: განზოგადოე-ბული, განზოგად-ო-ება).
* * *
ხშირად გვხვდება შეცდომები უცხოური წარმომავლობის სახელების წარმოებისას.
პროვინცი-ულ-ი (და არა პროვინცი-ალ -ურ-ი)
ტერიტორი-ულ-ი (და არა ტერიტორი-ალ-ურ-ი)
ექსპერიმენტ-ულ-ი (და არა ექსპერიმენტ-ალ -ურ-ი)
ფუნდამენტ-ურ-ი (და არა ფუნდამენტ-ალ-ურ-ი)
პარადოქს-ულ-ი (და არა პარადოქს-ალ-ურ-ი)
მაგრამ –ალ აუცილებელია შემდეგ ფორმებთან:
ცენტრალური
თეატრალური
ფორმალური
* * *
ზოგჯერ -ულ მაწარმოებლიან ზედსართავებთან ზედმეტად ჩართულია -ირ მარცვალი: სპეციალიზირებული, ამ-ორტიზირებული, დესტაბილიზირებული, რაც არასწორია… ძირეული სიტყვებია: სპეციალიზაცია, ამორტიზაცია, დესტაბილიზაცია. სწორად წარმოქმნილი სიტყვები იქნება:
სპეციალიზ-ებ-ულ-ი
ამორტიზ-ებ-ულ-ი
დესტაბილიზ-ებ-ულ-ი
ზედსართავის წარმოებისას ყურადღება უნდა მიექცეს ამოსავალ ფუძეს: ლეგენდ-არ-ულ-ი და არა: ლეგენდალური; ელემენტ-არ-ულ-ი და არა ელემენტალური; სტაციონარ-ულ-ი, ექსტრა-ორდინარ-ულ-ი და ა. შ.
* * *
დაიმახსოვრეთ: მო-ღიმ-არ-ი, მო-ქმ-ედ-ი, და არა მო-მ-ღიმარი, მო-მ-ქმედი.
მართლმადიდებელი ეკლესია და არა მართლმადიდებლური ეკლესია.
* * *
როცა ზედსართავი სახელი გვაქვს მსაზღვრელად, ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში ის ნაწილობრივ დაირთავს ბრუნვის ნიშანს:
ნათ. დიდ-ი ქალაქ-ის
მოქ. დიდ-ი ქალაქ-ით
(არასწორია: დიდის ამბით, ჩემის აზრით…).
მიცემითსა და ვითარებითში ფუძის სახითაა წარმოდგენილი:
მიც. დიდ ქალაქ-ს
ვით. დიდ ქალაქ-ად
გამონაკლისია პროფესიისა და წოდების აღმნიშვნელი სახელები, რომლებიც მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში ფუძის სახით არიან წარმოდგენილნი:
მხატვარ ამირეჯიბ-ს, ამირეჯიბ-ის…
პროფესორ ხელაძ-ით, ხელაძე-დ…
სავარჯიშოები:
I. გადახაზეთ მცდარი ფორმები:
მოწითლო; უცუდესი; უგრძესი; მოგრძელო; უმოკლესი; მოყვითელო; ულამაზესი; მოსქელო; მოგრძო; უტკბესი; უგრძელესი; უსაყვარლესი; უსქესი; უტკბილესი; მოსქო.
II. გაასწორეთ შეცდომები:
1. ეკონომიური პოლიტიკა წარმატებულია.
3. ქვეყანას ტერიტორიალური პრობლემები აქვს.
4. მუსიკამ ესთეტიური სიამოვნება მოგვანიჭა.
5. ლირიულ ლექსებზე სიმღერები დაწერეს.
6. ის სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შეს-რულებისათვის დააჯილდოვეს.
7. ფუნდამენტალური ცოდნა გამოამჟღავნა.
9. ფიზიკოსმა განზოგადოებული დასკვნები ჩამოაყალიბა.
10. სპეციალიზირებულ სკოლაში ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ.
11. დესტაბილიზირებული მდგომარეობა მოსახლეობის პრობლემაა.
12. მათ პარადოქსალური გადაწყვეილება მიიღეს.
III. მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით პრობლემური საკითხი შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია.
IV. მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით დამნაშავის სიტყვა შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ყველა აღაშფოთა.
V. მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით თანამედროვე საწარმო შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გახსნას მერიც დაესწრო.
VI. მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით სამედიცინო მომსახურება შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მიღება ყველას უნდა შეეძლოს.
VII. გაასწორეთ შეცდომები:
1. ხელმძღვანელობა განხილულ პროექტის დამტკიცებას აპირებს.
2. ყოფილ მეუღლეებმა შეხვედრა გადაწყვიტეს.
3. პედაგოგებისათვის გაორმაგებულ ხელფასების გაცემა იანვრიდან დაიწყება.
4. სამინისტროს ბევრ გადაწყვეტილებით პარლამენტი უკმაყოფილოა.
5. ამერიკელ ტურისტების უსაფრთხოება გარანტირე-ბულია.
6. ფოტოსურათი მოყვარულ ფოტოგრაფის გადაღებულია.
7. შარშანდელ გვალვამ მოსავალი გააფუჭა.
VIII. გახაზეთ სწორი ფორმები:
1. ტიპური, ტიპიური
2. ლეგენდალური, ლეგენდარული
3. სტაციონალური, სტაციონარული
4 პროვინციალური, პროვინციული
5. ექსტრაორდინალური, ექსტრაორდინარული
6. ამორტიზირებული, ამორტიზებული.
7. ტერიტორიალური, ტერიტორიული
8. ექსპერიმენტალური, ექსპერიმენტული
9. რეგიონული, რეგიონალური
10. პარადოქსული, პარადოქსალური.
რიცხვითი სახელების მართლწერა
დაიმახსოვრეთ: ასეულების აღმნიშვნელი სახელები ერთად იწერება:
ორასი, სამასი, ხუთასი, ცხრაასი…
* * *
და კავშირით შეერთებული რთული რიცხვითი სახელები, ასევე, ასეულების აღმნიშვნელი რიცხვები იწერება ერთად:
ოცდახუთი
ოთხმოცდათექვსმეტი
სამასი
ხუთასი…
* * *
რიცხვითი სახელები ასის ზევით იწერება ცალ-ცალკე:
ას ხუთი
ორას ცხრა
სამას ოთხმოცდაექვსი
ორი ათას ოთხას ოცდასამი…
* * *
რიცხვითი სახელები ათასს სახელობითი ბრუნვის ფორმით შეეწყობა:
სახელობითი: ოთხ-ი ათას-ი
მოთხრობითი: ოთხ-ი ათას-მა
მიცემითი: ოთხ-ი ათას-ს
ნათესაობითი: ოთხ-ი ათას-ის
მოქმედებითი: ოთხ-ი ათას-ით
ვითარებითი: ოთხ-ი ათას-ად
* * *
რიგობითი რიცხვითი სახელის არაბული ციფრებით გამოხატვისას თუ რიცხვითი სახელი მე-თი იწყება, მე- თავსართი დეფისით გამოიყოფა: მე-5, მე-17, მე-300.
* * *
თუ რიგობითი რიცხვითი სახელი და კავშირითაა შეერთებული და მე- მაწარმოებელი შიგნითაა მოქცეული, მაშინ ციფრს დეფისით გამოეყოფა -ე ბოლოსართი: 23-ე, 58-ე, 1125-ე (შეცდომაა: მე-3-ე, მე-18-ე… ან – 3-ე, 18-ე, მე23, მე-96).
* * *
რთული შედგენილობის რაოდენობითი რიცხვითი სახელი რიგობითად გადაქცევისას დაიწერება შერწყმულად: შვიდასმეჩვიდმეტე, ხუთასმეთხუთმეტე, ასმეორე…
* * *
რიგობითი რიცხვითი სახელის რომაული ციფრებით გამოხატვისას არ გამოიყოფა არც პრეფიქსი, არც სუფიქსი: V (მეხუთე), X (მეათე), L (ორმოცდამეათე), C (მეასე), D (მეხუთასე), M (მეათასე).
* * *
I (პირველი) არაბული ციფრით გამოიხატება ასე: 1-ლი. მისგან ნაწარმოები ასპირველი ფორმა არასწორია. სწორია: ასმეერთე.
* * *
რიცხვის ციფრით გამოხატვისას ბრუნვის ნიშანი, გარდა სახელობითისა, ციფრს დეფისით გამოეყოფა: 3-მა კაცმა, გიწერ 5-ს, გიორგი XI-ს, ვახტანგ VI-ს…
* * *
თუ რიგობითი რიცხვითი სახელი არაბული ციფრითაა გადმოცემული, -ე მაწარმოებელი და ბრუნვის ნიშანი ერთად იწერება: 22-ემ, 75-ეს, 30-ედ.
ასეთივე წესით დაერთვის რიცხვით სახელს ნაწილაკიც და თანდებულიც: მე-4-ში, მე-5-ზე, XXI-ში, 22-ეში, 45-ესთან…
* * *
დაიმახსოვრეთ, შეცდომაა: ორთავე, ორთავენი ფორმები. უნდა იყოს: ორივე, ორივენი…
* * *
რაოდენობით რიცხვით სახელებს ჯერობის გამოსახატავად უნდა დავურთოთ -ჯერ ბოლოსართი (ორ-ჯერ, ათ-ჯერ, ათას-ჯერ) გამონაკლისია ერთ-ხელ. ე. ი. არასწორია ერთჯერ, სწორია: ერთხელ, მაგრამ – ორჯერ, სამჯერ და ა. შ.
* * *
სიმრავლის აღმნიშვნელ მსაზღვრელებთან სახელები მხოლობით რიცხვში უნდა იყოს:
რვა ბურთი
რამდენიმე საუკუნე
უთვალავი სხივი
უამრავი კითხვა
(არასწორია: უამრავი საჭმელები…). მათ ზმნაც მხოლობითში შეეწყობათ.
* * *
სიტყვა ნახევარი, რომელიც ზომა-წონისა თუ ოდენობის აღმნიშვნელია, დაერთვის არსებით სახელს და გამოიყოფა დეფისით. მაგ.: წელიწად-ნახევარი, წუთ-ნახევარი, საათ-ნახევარი, მეტრ-ნახევარი (და არა: მეტრა-ნახევარი, მეტრო-ნახევარი), ლიტრ-ნახევარი (და არა: ლიტრა-ნახევარი)…
არ შეიძლება მათი დართვა რიცხვით სახელზე: უნდა იყოს: ხუთთვე-ნახევარი, სამლარ-ნახევარი… (და არა: სამ-ნახევარი თვე…).
სავარჯიშოები:
I. მიუწერე რიგობითის ფორმები:
ოთხმოცდასამი – ოთხმოცდამესამე
ხუთას ორი
ხუთი ათას სამი
ორას ოცი
ათი ათასი
სამი ათას შვიდი
ოცდაჩვიდმეტი
რვა
ოცდაცხრამეტი
ას ოცდაათი
მილიონი
თვრამეტი ათასი
II. გამოსახეთ არაბული ციფრებით რიცხვითი სახელი მეთორმეტე და ჩასვით მრავალწერტილის ნაცვლად:
. . . . კლასში გამოცდები გვაქვს.
III. ჩასვით რიცხვითი სახელი სათანადო ბრუნვაში:
1. სტადიონზე —————————————————- მაყურებელი შეიკრიბა. (47 500)
2. ————————– ადამიანი ემსახურება ამ საქმეს. (2000)
3. ——————— ადამიანმა პროტესტი გამოთქვა. (220 000)
4. წელს მსოფლიოს მოსახლეობა —————————————————- კაცით გაიზარდა. (1 900 350)
5. ეს რესტორანი ———————————— ლარად გაიყიდა. (2 222 000)
V. გამოსახეთ არაბული ციფრებით რიცხვითი სახელი პირველი და ჩასვით მრავალწერტილის ნაცვლად:
. . . . . . . . . . . . . . . საუკუნე მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიისათვის.
VI. ჩაწერეთ 3/4 სიტყვებით მრავალწერტილის ნაცვლად:
ჯგუფის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დადებით შეფასებას იმსახურებს.
VII. გამოსახეთ არაბული ციფრებით რიცხვითი სახელი პირველმა და ჩასვით მრავალწერტილის ნაცვლად:
. . . . . . . . . . . . . . გამომსვლელმა ტაში დაიმსახურა.
VIII. გამოსახეთ არაბული ციფრებით რიცხვითი სახელი რომაული ციფრებით ოცდამესამე და ჩასვით მრავალწერ-ტილის ნაცვლად:
. . . . . . . . . . . . . . . . წუთზე გოლი გავიდა.
IX. გაასწორეთ შეცდომები:
1. I მოთამაშემ მოედანი დატოვა.
2. სტუდენტებს სამასსამასი ლარი გადასცეს.
3. მასწავლებელი სამ ოთხ წუთში მოვა.
4. კურსზე ოცი ოცდახუთი არაქართველი სტუდენტია.
5 მე-19-ე ადგილი დაკავებულია.
6. უკვე სამ-ნახევარი თვე გავიდა.
7. ჩვენ მე-12-ე ადგილზე ვისხედით.
8. XIX-ე საუკუნიდან იწყება ბრძოლა ადამიანის უფლებების დაცვისათვის.
9. ელმირა VII-ე კლასის საუკეთესო მოსწავლეა.
10. ათითორმეტი წლის წინ საქართველოში ენერგოკრიზისი იყო.
11. დაზღვევა ოც და თექვსმეტი ლარი ღირდა.
12. დათომ სამი-ნახევარი კილო შოკოლადი იყიდა.
X. გაასწორეთ შეცდომები:
1. საქართველო უამრავ ტურისტებს მასპინძლობს.
2. ორივე ძმები ახალქალაქში ცხოვრობდნენ.
3. პროექტში მრავალი ცვლილებები მოხდა.
4. რამდენიმე მნიშვნელოვანი დადგენილებები მიიღეს.
5. თემურს რამოდენიმე დღის წინ შევხვდი.
6. ლეილას უამრავი მეგობრები ჰყავს.
7. ახალ მოსამართლეს ბევრი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში by განათლებული ბლოგი
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი