GE

„რომ აპატიებ და მაინც რომ გახსოვს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

ავტორები: მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე. წიგნი – მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!

წიგნი ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ რეალურ ისტორიებს. 

VI

ძალიან მსუქანი ვარ. დედაც გამხდარია, მამაც, ჩემი ორივე დაც. ნათესავებიც კი გამხდრები მყავს და არ ვიცი, რატომ ვარ მარტო მე ასეთი მსუქანი.

ერთხელ კლასელის დაბადების დღეზე ვიყავი. კარადის კარზე მაღალი და ვიწრო სარკე იყო დაწებებული და ბავშებმა დაცინვა დამიწყეს: „ამაში რომ ჩაიხედო, ვერ ჩაეტევიო!“ მომეჩვენა, რომ აზვიადებდნენ, ჩავიხედე და მართლა ვერ ჩავეტიე სიგანეში. ყველა ჩაეტია, მე – ვერ!

ვიცი, რა მეჭმევა და რა – არა, და ამას არასოდეს ვარღვევ. ზოგჯერ წამლებსაც ვსვამ და ვვარჯიშობ კიდეც, მაგრამ მაინც ვერ ვხდები. მამაჩემი სულ მამშვიდებს: „ნუ გეშინია, შენხელა მეც ასეთი წონის ვიყავი, მაგრამ ახლა ხომ მიყურებ, როგორ ფორმაში ვარო!“ მაგრამ, მგონი, მატყუებს. უბრალოდ, არ მოსწონს, რომ ასეთი შეშინებული და შერცხვენილი დავდივარ და აღარ იცის, რა მომიხერხოს.

კლასელებმა ათასნაირი სახელი შემარქვეს. ზოგი „მურა დათვს“ მეძახის, ზოგი – „ზვავს“ და „მეწყერს“, ზოგი – „დედამიწისნახევარას“. მე ამას უკვე შევეჩვიე და არ ვბრაზდები, მაგრამ ზოგჯერ ისე საშინლად მექცევიან, ვეღარ ვითმენ და ვყვირი, ან ვინმეს ვცემ. თუმცა, სხვას რომ ვცემ, მე უფრო მეშინია, რამე არ მოვატეხო, ან მოვაგლიჯო.

მამა მეუბნება: „ცოტა შენს ჯანმრთელობას მივხედოთ და რაგბიზე შეგიყვანო!“ ძალიან მინდა მალე მოვიდეს ეს დრო, რომ მერე ჩემი კლასელები და მასწავლებლები დავპატიჟო და ის მატჩი ჩემმა გუნდმა მოიგოს. ამაზე რომ ვფიქრობ, კლასელების დაცინვა უფრო იოლი გადასატანი ხდება. მე კეთილი ვარ. „თითქმის ყველა მსუქანი კეთილიაო“ – ასე ამბობენ. ვინც დამცინიან, ისინიც კი ამას ამბობენ – „კეთილიაო!“ და მე მიხარია ამ ორი რამის წარმოდგენა – როგორ მოიგებს ჩემი გუნდი რაგბის, როცა მასწავლებლებს და ბავშვებს დავპატიჟებ, და როგორ გავხდები კიდევ უფრო კეთილი, და როცა დიდი კაცი ვიქნები, ეზოს ბავშვებს ვეყვარები, ზურგზე შემოვისვამ და ვარბენინებ. მაგრამ ჯერ იქამდე დიდი დროა: ჯერ არც ჯანმრთელი ვარ, არც – მორაგბე, არც – კაცი. ჯერ მოსწავლე ვარ, რომელსაც „დედამიწისნახევარას“ ეძახიან და ერთმანეთს ენაძლევებიან, შემომწვდება თუ არა სახტუნაო მუცელზე და მერე მართლა ამოწმებენ ამას.

გუშინ სკოლის კიბეზე ძალიან ცუდად გავხდი და საფეხურზევე ჩამოვჯექი. ხომ ცუდად ვიყავი, მაგრამ ყველას სახე მახსოვს, ვინც იცინოდა. ერთ მასწავლებელსაც კი გაეცინა წამით. მერე ეს სიცილი თავისივე ხელისგულით ჩამოიწყვიტა თუ ჩამოიფერთხა ტუჩებიდან, თითქოს უშველებელი კალია შეახტა და მოიშორაო. აი, ხომ წამით გაეცინა, მაგრამ მაინც სულ მემახსოვრება მისი სახე. განა იმიტომ, რომ ვერ ვაპატიებ. უბრალოდ, ისეთი წყენით მეწყინა, როცა პატიობ, მაგრამ მაინც გახსოვს.

წიგნი მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) პროექტის „ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / „მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

ასევე იხილეთ:

„ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

„დედა არაა მხატვარი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

„წერილი ვენერა მასწავლებელს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური