GE

როგორ გავზარდოთ ისტორიის სავარჯიშო ტესტში მიღებული შედეგი გამოცდაზე – სპეციალისტი აბიტურიენტებისთვის

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი მხოლოდ 2 თვეა დაიწყო, აბიტურიენტებში, რომლებიც უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის მზადებას სექტემბრიდან ან უფრო ადრეც იწყებენ, ვნებათაღელვა მაინც მაღალია. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გამოცდების ცენტრის მიერ, 3 საგნის ტესტში გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდა, დმამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და სხვა აბიტურიენტებში ინტერესის მატება გასაკვირი არ არის.

EDU.ARIS.GE 2023 წლის აბიტურიენტსა და ისტორიის საგნის სპეციალისტს ესაუბრა. შევეცადეთ გაგვერკვია რა ტაქტიკით უნდა იმუშაონ აბიტურიენტებმა შეცვლილი ტესტური დავალების გათვალისწინებით, რომ გამოცდაზე მაღალი შედეგი აჩვენონ. ასევე, დავინტერესდით როდის არის რეკომენდირებული, რომ აბიტურიენტმა ტესტზე მუშაობა დაიწყოს -სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, თუ გავლის პროცესში.

თბილისის #45 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, მარიამ ადეიშვილი, რომელსაც ისტორიის ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი ამბობს, რომ შეიძლება, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც ღელავს, რადგან ცვლილება საგამოცდო ტესტში ნებისმიერი აბიტურიენტისთვის „განგაშია“.

– მარიამ, გაეცანი თუ არა ისტორიაში შეცვლილი დავალების ნიმუშს და რა მოლოდინები გაქვს?

– გავეცანი იმავე დღეს, როცა გამოქვეყნდა და რეპეტიტორმაც უკვე რამდენიმე მსგავსი დავალება გაგვაკეთებინა. რთული ნამდვილად არ არის და ბევრად უფრო დალაგებული მეჩვენება, თუმცა მაინც ვღელავ, რადგან ახალ დავალებად ითვლება და არც რეპეტიტორთან და არც სკოლაში ვაკეთებდით ამ ტიპის დავალებებს.

– უკვე დაიწყეთ თუ არა ნიმუშთან მიახლოებული ტესტების შესრულება და რა შედეგი გაქვთ?

– პირველივე დღეს, როცა დავიწყე მომზადება, რეპეტიტორმა ჯერ ტესტი გამაკეთებინა. 40 ქულა ავიღე, რაც დაბალი შეფასებაა და ძალიან განვიცადე, რადგან მაღალი ქულის მოლოდინი მქონდა. შემდეგ ჯგუფშიც ვკითხე ბავშვებს და მითხრეს, კარგი შედეგია, ჯერ პროგრამაც არ გაქვს დაწყებულიო. იმედი მაქვს, გამოცდამდე ყველა დავალებას სრულყოფილად გავივლი და მსგავსი შედეგი აღარ მექნება.

მარიამ, ვკითხეთ ხომ არ აქვს კითხვა, რომლის დასმასაც ისტორიის სპეციალისტისთვის ისურვებდა და მასზე პასუხის მიღება განსაკუთრებით ახლა სჭირდება:

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი კითხვა მაქვს: მქონდეს იმედი, რომ თუ გამოცდამდე მიახლოებულ ტესტებში ვერ ვიღებ უმაღლეს შეფასებას, გამოცდაზე საპირისპირო მოხდება? ასევე, მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო ამისთვის. ვფიქრობ, ყველა აბიტურიენტს ახლა ეს გვაღელვებს“.

EDU.ARIS.GE-მ სწორედ მარიამ ადეიშვილის შეკითხვით დაიწყო ისტორიკოსთან საუბარი, რომელსაც აბიტურიენტებთან მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს. გიორგი ჭყოიძე ჩვენს პირველ რესპონდენტს პასუხობს, რომ თუ აბიტურიენტს შეუძლია, 40 ქულა ისტორიის ტესტში საგამოცდო პროგრამის გავლის გარეშე აიღოს, ეს საუკეთესო შედეგია და მას რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„სრულიად ბუნებრივია, რომ აბიტურიენტი, რომელსაც ჯერ სრულად არ აქვს გავლილი პროგრამა გასული წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტს დაბალ ან საშუალო ქულაზე ასრულებს. ეს მიუთითებს მხოლოდ წინარე ცოდნაზე და ამის გამო სრულებით არ უნდა იღელვოს. 40 ქულა კი ძალიან კარგი შედეგია, რადგან მას საგამოცდო პროგრამა ჯერ არც აქვს გავლილი. სასწავლო წლის დაწყებიდან მხოლოდ 2 თვეა გასული და ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია თუ მან იცის რა დახვდება გამოცდაზე, წარმოდგენა აქვს ტესტსა და პირობებზე, ასევე იაზრებს კონკრეტულად რომელ დავალებებზე უჭირს მუშაობა“, – გვიხსნის სპეციალისტი.

ისტორიკოსმა აბიტურიენტებისთვის გასაგებ ენაზე ახსნა რა დახვდებათ გამოცდაზე:

„მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ისტორიის ტესტში ვეტყვი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტში დახვდებათ, როგორც სააზროვნო, ისე სამსჯელო დავალებები:

  • არჩევითბოლოიანი შეკითხვები-15 კითხვა, თითო სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
  • ქრონოლოგიური დალაგება– 3 დავალება, თითო დავალება ფასდება 1 ქულით;
  • ბრძოლის სქემა-5-6 შეკითხვა, დავალების მაქსიმალური ქულა 6;
  • ილუსტრაცია-3 შეკითხვა, მაქსიმალური ქულა 5;
  • რუკის ანალიზი-5-6 შეკითხვა, დავალების მაქსიმალური ქულა 8;
  • ისტორიული წყაროს ანალიზი-12 შეკითხვა, მაქსიმალური ქულა 17;
  • პრობლემის ანალიზი და შეფასება– შეცვლილი 22-ე, 23-ე და 24-ე დავალებების ნაცვლად, საგამოცდო ტესტში იქნება ახალი ფორმატის დავალება, მაქსიმალური ქულა 6. აქვე უნდა დაიმახსოვრონ, რომ ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, ზღვარი კი 25 %-ზე მეტი.

გიორგი ჭყოიძემ EDU.ARIS.GE-ს მკითხველ აბიტურიენტებს თითოეულ საგამოცდო დავალებაზე მისცა ინსტრუქცია იმისთვის, რომ ტესტში მაქსიმალური შედეგი აჩვენონ.

რეპეტიტორის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

არჩევითბოლოიანი დავალება: ტესტებში მოცემულია ორაზროვანი კითხვები. მაქსიმალურად ცდილობენ დაგაბნიონ, თუმცა თუ დაკვირვებით, და მინიმუმ 3-ჯერ წაიკითხავთ შეკითხვას, პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ. ამის გარდა, აუცილებელია ფაქტობრივი მასალის მაღალ დონეზე ცოდნა, ტესტებით სწორედ ამას ამოწმებენ. ეცადეთ, გააზრებულად ისწავლოთ გაკვეთილები, რადგან ეს დავალება თქვენს თეორიულ ცოდნას ამოწმებს.

ქრონოლოგია: ამ დავალებისას მაინცადამაინც ზუსტი წლების ცოდნა საჭირო არ არის. მთავარია იცოდეთ ეპოქა და მიმდევრობა – ვინ ვის შემდეგ იყო, ან რა რის შემდეგ მოხდა. ამ შემთხვევაში, სასურველი იქნება, თუ გაკვეთილების სწავლისას ყურადღებას მიაქცევთ მოვლენათა თანმიმდევრობას. არ ისწავლოთ არეულად, რადგან გამოცდაზე ჯდომისას ყველა აზრი მოგდით თავში, რაც აქამდე გაგივლიათ გონებაში და შესაძლოა, არასწორად ნასწავლი დაწეროთ.

ბრძოლის სქემა: ყურადღება მიაქციეთ ორივე წყაროს (სქემას და წერილობით წყაროს). შეაჯერეთ ისინი, აუცილებლად დააკავშირეთ ერთმანეთთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მუშაობა დავალებაზე.

ილუსტრაცია: ყურადღება მიაქციეთ თითოეულ ხაზს, წარწერას. რა არის გამოსახული ილუსტრაციაზე? ვის ამსგავსებთ? რომელ მოვლენას შეიძლება უკავშირდებოდეს? სანამ ბოლომდე არ გაიაზრებთ, რას ითხოვს შეკითხვა თქვენგან, არ დაიწყოთ პასუხზე ფიქრი. ჯერ შეასრულეთ ის დავალება, რომელზე პასუხიც ზუსტად იცით, შემდეგ კი დანარჩენები.

ისტორიული რუკა: ჩემი აზრით, ისტორიული რუკა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მარტივი დავალება და ნაჩუქარი 8 ქულაა. ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა კითხვის პასუხი თვითონ რუკაზეა მოცემული და აბიტურიენტს აღარ უწევს ფაქტების გახსენება. ყურადღება მიაქციეთ რუკის ენას, მასშია ის სიმბოლოები და აღნიშვნები, რომელთა დახმარებითაც უნდა გაშიფროთ რუკა. ხშირ შემთხვევაში, აბიტურიენტები არ უკვირდებიან რუკის სიმბოლოებს და მხოლოდ ამის გამო ერთულებათ იგი.

შეცვლილი დავალები: თქვენი ვალდებულება ისევ და ისევ არგუმენტირებული მსჯელობაა. არგუმენტის გარეშე ნებისმიერი პასუხი გაბათილდება. აგრეთვე, თქვენი პასუხი არ უნდა იყოს ზოგადი. დაკონკრეტდით, შეადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტი, ზუსტად დაუკავშირეთ სხვა მოვლენას და ისე შეასრულეთ მოცემული დავალება. 23. ისტორიული წყაროს ანალიზი – ისტორიის გამოცდაში ყველაზე მაღალქულიანი დავალება ისტორიული წყაროს ანალიზია. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ 17-ვე ქულის მოპოვებას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ წყარო აუცილებლად 2-ჯერ წაიკითხეთ, რადგან ერთხელ წაკითხვისას იგებ მხოლოდ შინაარსს, მეორედ წაკითხვისას კი დეტალებს აქცევ ყურადღებას და სწორედ დეტალები გჭირდება კითხვებზე პასუხების გასაცემად. თუ რომელიმე კითხვაზე გაჩერდი და ვეღარ პასუხობ, გადადი შემდეგზე, აუცილებლად შემდგომ იპოვი კითხვის პასუხს. წაიკითხეთ გააზრებულად და არა ზერელედ, ყურადღება მიაქციეთ თითოეულ სიტყვას. აგრეთვე, დაუკვირდით შეკითხვების ფორმულირებას, რადგან თავიდან აიცილოთ შეუსაბამო პასუხი კითხვაზე.

საუბრის დასასრულს, გიორგის ვკითხეთ რა იქნება მისი რჩევა 2023 წლის აბიტურიენტებისთვის სწორედ ამ ეტაპზე:

„ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ ეტაპიდანვე დაიწყონ ტესტებზე მუშაობა, რეპეტიტორებს კი ნაშრომები მაქსიმალურად მკაცრად შეასწორებინონ. თუ აბიტურიენტს რეპეტიტორი არ ჰყავს, საკუთარ თავს შეუმოწმოს უმკაცრესად. ასევე ვეტყვი, არაფერს მოგიტანთ ახლა მიღებული 60 ქულები, მთავარია, ეროვნულზე მიიღოთ უმაღლესი. ამიტომ ნუ გეშინიათ, თუ ჯერ ვერ იღებთ უმაღლეს ქულებს, წინ კიდევ უამრავი დრო გაქვთ. ამ ეტაპზე თქვენგან არავინ მოელის, რომ სავარჯიშო ტესტში უმაღლეს ქულას აიღებთ, რადგან პროგრამა გავლილი არ გაქვთ. რეპეტიტორს, რომელიც ცდილობს, ტესტებთან იმუშაოთ, სულ სხვა მიზანი აქვს – შეაფასოს თქვენი უნარ-ჩვევები, რადგან თქვენი შედეგი მხოლოდ თეორიული ცოდნის ფლობაზე არ იქნება დამოკიდევბული, მთავარი მაინც ის უნარ-ჩვევებია, რომლის გარეშეც დავალებებს ვერ შეასრულებთ“.

ამავე თემაზე:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური