GE

როგორ მოიპოვებთ კრედიტქულებს 2023 წლის საგნის გამოცდის საფუძველზე – მასწავლებელთა ნაწილისთვის სქემაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, მასწავლებელთა გარკვეული კატეგორიისთვის, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, დღეს, 13 ივნისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ იმ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებისა), რომლებმაც 2023 წლის იანვრისთვის ვერ შეიცვალეს სტატუსი და 2023 წლის (ზაფხულში დაგეგმილ ავტ.) საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, მიეცემათ უფლება, 2023 წლის საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები დაუანგარიშდეთ 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად.

2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები შესაძლებელია, დაანგარიშდეს 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

იხილეთ ცხრილი

საგნის გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულის % კრედიტქულა
60-იდან ზემოთ 10
50-იდან 60-მდე 7
40-იდან 50-მდე 4
30-იდან 40-მდე 1

შეგახსენებთ, რომ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

პრემიერის ხელმოწერილი დადგენილება 2023 წლის 15 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური