როგორ მოვამზადოთ სასკოლო ღონისძიება მოსწავლეებთან ერთად და დავწეროთ სცენარი
ნათია ჭუმბურიძე, წამყვანი პედაგოგი #186 და #192 საჯარო სკოლებში
დღეს ხშირად საუბრობენ სასკოლო ღონისძიების, ე.წ. „ზეიმების“ უარყოფით ასპექტებზე. ეს საკითხი სკოლის მოსწავლეების მშობელთა და განათლების ექსპერტთა ვნებათაღელვას იწვევს. თუმცა ისმის კითხვა: – შეიძლება თუ არა, სასწავლო სემესტრის ბოლოს ჩატარებული სასკოლო ღონისძიება განვიხილოთ, როგორც ინტეგრირებული შემაჯამებელი გაკვეთილი, ან თუნდაც გრძელვადიანი სასწავლო პროექტი?
პროექტებით სწავლება, ისევე როგორც სხვადასხვა დისციპლინების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, თანამედროვე განათლების სისტემის ძირითადი პრიორიტეტებია. მე სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ სასკოლო ღონისძიებას და მსურს პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, სასკოლო ღონისძიების მნიშვნელობის, დაგეგმვისა და განორციელების გზების შესახებ.
სასწავლო სემესტრის დასაწყისში, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, დავგეგმე წლის ბოლომდე ჩასატარებელი ძირითადი სასწავლო აქტივობები, მათ შორის, სასკოლო ღონისძიებაც. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ღონისძიების მომზადების პროცესი საინტერესო და სახალისოა, თუმცა ამავდროულად რთული და შრომატევადი. აქედან გამომდინარე ვკითხე, იყვნენ თუ არა მზად გადაელახათ მოსალოდნელი სირთულეები. არაფორმალურ გარემოში ჩატარებული სასწავლო აქტივობები, მოსწავლეთა უმრავლესობის მსგავსად, ჩემს მოსწავლეებსაც ძალიან მოსწონთ, ამიტომ მზადყოფნა გამოხატეს და მტკიცედ გადავწყვიტეთ ღონისძიების ჩატარება. მოგეხსენებათ სასკოლო ღონისძიება სხვადასხვაგვარია, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა სპექტაკლის მომზადება.
ჩემი დაკვირვებით, სხვადასხვა ტიპის ტექსტებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა იგავ-არაკები. მათ უკვე შესწავლილი ჰქონდათ ეზოპეს, სულხან-საბა ორბელიანის, ივანე კრილოვისა და აღმოსავლური იგავების საუკეთესო ნიმუშები, ამიტომ შევთავაზე სპექტაკლის თემა ყოფილიყო იგავები. ჩემი მოსაზრება დავასაბუთე იმითაც, რომ როდესაც იგავ-არაკის გაგება-გააზრების თუ ცოდნის შემოწმების მიზნით როლურ თამაშს, ან როლურ კითხვას ვიყენებდით, ისინი ხალისითა და მაღალი მსახიობური ოსტატობით ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და დასანანი იქნებოდა, თუ ამას საყვარელ მშობლებსაც არ ვაჩვენებდით.
დავიწყეთ სცენარისთვის იგავების შერჩევა. განვსაზღვრეთ თითოეულის მორალი, ამოვარჩიეთ მათ შორის რამდენიმე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადავედით შემდეგ ეტაპზე – სცენარის წერაზე. ვაღიარებ, ძირითადი როლი, ამ ეტაპზე, მე მერგო, თუმც,ა დროდადრო, ვაცნობდი მათ სცენარს, ვისმენდი რეკომენდაციებს და შემქონდა ცვლილებები. ბავშვები დიდი ინტერესით ელოდნენ, როგორ გავართმევდი თავს ჩემ წილ დავალებას. როდის დავასრულებდით სცენარის ძირითადი ნაწილის წერას, რადგან მომდევნო ეტაპი, როლების განაწილება, ალბათ ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო აქტივობა იყო მათთვის.
დადგა ნანატრი დღეც, სცენარის გაცნობის შემდეგ დაინიშნა „ქასთინგი“. მას შემდეგ რაც, დავახასიათეთ პერსონაჟები თვისებებისა და გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, თითოეული პერსონაჟის როლზე განვიხილეთ რამდენიმე კანდიდატი. ზოგიერთი „მსახიობი“ უკონკურენტოდ დამტკიცდა როლზე. რამდენიმე პერსონაჟის როლზე კი სერიოზული კონკურენცია იყო. გადაწყვეტილების მისაღებად დავავალეთ ყველა კონკურსანტს ესწავლა თავისი სიტყვა და მომდევნო დღეს გაეთამაშათ პატარა ნაწყვეტი ამ ტექსტიდან. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ნამდვილად საუკეთესო კანდიდატები შეარჩია და დავიწყეთ რეპეტიციები. თითქმის ყოველი რეპეტიციის შემდეგ შეგვქონდა ცვლილებები სცენარში. რეპეტიციების პროცესში ჩაერთო მუსიკის მასწავლებელი, რომელმაც სცენარის გაცნობის შემდეგ, შეარჩია რამდენიმე სიმღერა და მუსიკის გაკვეთილებზე დაიწყეს ბავშვებმა მათი შესწავლა.
განვსაზღვრეთ საჭირო რეკვიზიტები და მხატვრული დეკორაციები. ხელოვნების გაკვეთილებზე შევასწავლე თეატრის მხატვრობის ისტორია ძველი ბერძნული თეატრიდან მოყოლებული დღემდე, მისი მნიშვნელობა. სემესტრის განმავლობაში ვნახეთ რამდენიმე სპექტაკლიც, განვიხილეთ როგორც დამდგმელი მხატვრის, ისე რეჟისორისა და მსახიობების ოსტატობა და შესაძლებლობები. ყურადღება გავამახვილებინე აკუსტიკის მნიშვნელობაზეც. პარალელურად, დამრიგებლის დახმარებით, დავიწყეთ სასცენო დეკორაციების დამზადებაც.
თარიღი შევარჩიეთ და რეპეტიციებიც აქტიურ ფაზაში შევიდა.
ვღელავთ თუ არა, როგორ ჩაივლის სპექტაკლი? რა თქმა უნდა ვღელავთ, თუმცა ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, რომ მზადების პროცესისგან უნდა მივიღოთ სიამოვნება, ცოდნა და დადებითი ემოციები. ვიცით, რომ მთავარი მწვერვალისკენ მიმავალი გზის გავლაა და არა მწვერვალზე დგომა. გაგებით ვეკიდებით მუშაობის პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს. მერე რა, რომ შეცდომებსაც ვუშვებთ, ყველას მოსდის შეცდომა. მთავარია მისი გამოსწორების გზები დავსახოთ და გავაუმჯობესოთ შედეგები. ვფიქრობთ, რომ სირთულეებიც და შეცდომებიც ნორმალური პროცესის თანმდევია და გვჯერა, ერთად ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ.
თქვენ კი, ვინც ჩემს მსგავსად ფიქრობთ, რომ სასკოლო ღონისძიება -არაფორმალურ გარემოში სწავლება, ეყრდნობა ამერიკელი ფსიქოლოგის ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, ფიქრობთ, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის წარმატებით გამოყენების შემთხვევაში მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს სწავლის მრავალი ახალი გზა აღმოაჩენინონ და თითოეულ მათგანს შეურჩიონ ის მეთოდი, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და თავისის რეალური შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას მისცემს, რაც აამაღლებს მათ მოტივაციასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას გირჩევთ:
- სასწავლო წლის დასაწყისშივე, მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრეთ და დაგეგმეთ, წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებები.
სასკოლო სპექტაკლის არჩევის შემთხვევაში კი გაითვალისწინეთ:
- მოსწავლეებთან ერთად შეარჩიეთ თემა.
- გაითვალისწინეთ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები და შესაძლებლობები.
- ერთობლივად დაწერეთ სცენარი.
- ჩამოწერეთ პერსონაჟები და გამოყავით მათი სახასიათო ნიშნები.
- წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით მოაწყვეთ ქასთინგი. საუკეთესო შემფასებლები, თავად მოსწავლეები არიან.
- მზადების პროცესში ჩართეთ მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლები. მუსიკალური ხელმძღვანელისა და დამდგმელი მხატვრის პოზიციას ისინი დაიკავებენ.
- სასცენო დეკორაციები შექმენით ხელოვნების გაკვეთილებზე.
- სცენარის დამუშავების პროცესში აქტიურად გამოიყენეთ როლური კითხვა.
- რეპეტიციების დროს შეაქეთ და წაახალისეთ მოსწავლეები, მიეცით მათ ინტერპრეტაციის საშუალებაც.
ჩემი პედაგოგიური გამოცდილების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ სწორად შერჩეული და დაგეგმილი სასწავლო ღონისძიების – კერძოდ კი სპექტაკლის მომზადება, კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებაა, რომელიც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
ნათია ჭუმბურიძე
№186 საჯარო სკოლის პედაგოგი
საკონტაქტო მობილური: 577388961