GE

„როგორ მოვედი სეგედის უნივერსიტეტამდე” – შავი ზღვის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტის ამბავი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის საშუალებით საზღვარგარეთ წასული სტუდენტი თინათინ გიგაური ბუდაპეშტიდან გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას:

“მე თინათინ გიგაური ვარ. ამ მონოლოგს ბუდაპეშტიდან ვწერ, როგორც უნგრეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი.

სეგედის უნივერსიტეტამდე როგორ მოვედი? შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის საშუალებით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სეგედის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური შეთანხმების ფარგლებში პირველი სტუდენტი ვარ, რომელიც აქ, უნგრეთში ჩამოვედი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირველი მცდელობა. 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, ისევ იბსუს ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩავირიცხე პეკინის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში კოვიდ-აფეთქების გამო, მე და კიდევ სხვა სტუდენტებს ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა მოგვიწია. თუმცა, ახალ სასწავლო წელთან ერთად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და, საბოლოოდ, გართულებებისა და რამდენიმე თვიანი ნერვიულობის მიუხედავად, უკვე უნგრეთში ვარ და უნივერსიტეტის ბოლო, გაზაფხულის სემესტრს აქ ვატარებ.

უნგრულ უნივერსიტეტში შენს შრომას და ამაში დახარჯულ დროს დიდ პატივს სცემენ. თუ შენ მთელი სემესტრის განმავლობაში შრომობ, ეს აუცილებლად დაგიფასდება. რიგ შემთხვევებში საგნის ჩასაბარებლად გამოცდა სავალდებულო არ არის. მეტიც, შენს არჩევანზეა დამოკიდებული. თუ სემესტრის განმავლობაში, რიგი მიზეზების გამო, ვერ ახერხებ იყო აქტიური სტუდენტი, შენ შესაძლებლობას გაძლევენ გამოცდის საშუალებით ნულიდან დაიწყო საბოლოო შეფასებისთვის ბრძოლა.

ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა უფრო პრაქტიკული და მართებულია, თუ სტუდენტებში ჩადებული ენერგიის და ცოდნის რეალური ნაყოფის დანახვა გინდა.

რაც შეეხება უნგრეთს, მომწონს, როგორ უფრთხილდებიან და ცდილობენ ქალაქების ძველი იერსახის შენარჩუნებას. დედაქალაქიც კი ორ ნაწილად აქვთ დაყოფილი: ბუდა, სადაც იშვიათად ნახავ შუშის, მაღალ, თანამედროვე შენობებს და პესტი, რომელიც მთლიანად ინდუსტრიული და ბიზნეს ცენტრია. ყველაზე ლამაზი ღამის ბუდაპეშტია, ყვითელი ნათურებით განათებული ქუჩებით და წინა საუკუნეების არქიტექტურული შედევრებით”, – ყვება სტუდენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური