GE

როგორ ნაწილდება სასწავლო გრანტი და გამოითვლება საგრანტო ქულა – განმარტება აბიტურიენტებისთვის

ეროვნული გამოცდების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გრანტების განაწილების პროცესია. ამ წლის აბიტურიენტებსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს საკითხი აინტერესებთ და მათი ნაწილი არაერთ კითხვას უგზავნის EDU.ARIS.GE-ს. ვეცდებით ოფიციალური წყაროს დახმარებით გიპასუხოთ:

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ აბიტურიენტის ცნობარში ვკითხულობთ, სასწავლო გრანტის მოპოვება სამი საგნის შედეგების გათვალისწინებით ხდება. ამ სამიდან აბიტურიენტმა ორი საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა, სავალდებულოდ უნდა ჩააბაროს, ხოლო, მესამე საგანის ჩაბარება იმის მიხედვით მოუწევს თუ რომელ უნივერსიტეტში და რა ფაკულტეტზე სურთ ჩარიცხვა. ასეთი საგნებია: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.

გრანტის მიღების მსურველმა აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ მის მიერ ჩაბარებული საგანი სავალდებულო უნდა იყოს მის მიერვე არჩეული კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანში მიღებული ქულა გრანტის განაწილებისას არ იქნება გათვალისწინებული.

თუ უნივერსიტეტმა ჩარიცხვისთვის კიდევ ერთი საგანი დააწესა და საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. აბიტურიენტს უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოთაღნიშნულ სამ საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენასა და დამატებით, მეოთხე საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად. იგივე წესი მოქმედებს ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზეც, სადაც ასევე ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ამ პროგრამაზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:

1) ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენისა და ბიოლოგიის შედეგების განთვალისწინებით.

2) ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ფიზიკის/ქიმიის/მათემატიკის შედეგების შესაბამისად.

თუ აბიტურიენტს სურს, რომ სახელოვნებო – შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხოს, გრანტის მოსაპოვებლად იგი ვალდებულია რომ ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული კიდევ ერთი გამოცდა. თუ უნივერსიტეტი არ დააწესებს დამატებით გამოცდას, მაშინ აბიტურიენტს უფლება აქვს, გრანტის მოსაპოვებლად ჩააბაროს ერთერთი მათგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

ახლა კი გადავიდეთ საგრანტო ქულის გამოთვლის საკითხზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საგრანტო ქულის დათვლის მკაცრად გაწერილი წესი აქვს. გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით თითოეულ ჩაბარებულ საგანს ენიჭება შესაბამისი წონა. ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის შემთხვევაში საგნის წონა 1-ს შეადგენს, ხოლო სხვა ყველა საგამოცდო საგანში – 1,5-ს.

მაგალითისთვის, თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართული ენასა და ლიტერატურაში 169,1, უცხოურ ენაში 164,8 და მათემატიკაში 164,0 ქულა, მისი საგრანტო ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 164,8 + (164,0X1,5) = 579,9. მიღებული ჯამი მრავლდება 10-ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 579,9X10 = 5799,0.

ამასთან ერთად, აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა შემდეგი წესის დაცვით გამოითვლება:

  • აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა.
  • აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა.
  • აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.

აბიტურიენტი, მისი აბსოლუტური ქულის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტს იღებს მის მიერ ჩაბარებული საგამოცდო საგნისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობა სულ 10 საგანზე გაიყოფა:

  • მათემატიკა
  • ბიოლოგია
  • ქიმია
  • ფიზიკა
  • ზოგადი უნარები
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ლიტერატურა
  • სახვითი და გამოყენებით ხელოვნება
  • სამოქალაქო განათლება

მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგადი უნარების საგნებისთვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა – 1,4. ხოლო დანარჩენი საგნებისთვის პრიორიტეტული წონაა -1.

გამოცდების ეროვნულ ცენტრს ასევე განსაზღვრულია აქვს ის წესები, თუ როგორ გაიცემა სახელმწიფო გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ამ პროგრამისთვის სპეციალურად გაიცემა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება. იგი გამოითვლება ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის, ან აფხაზური ენის ან ოსური ენოს გამოცდის შედეგის საფუძველზე. რეიტინგული სია, გამოცდის ენის მიხედვით, ზოგადი უნარების/აფხაზური ენის/ოსური ენის შედეგის საფუძველზე შედგება. მაგალითად, მათვის, ვინც ჩააბარა ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი, შედგება ცალკე რეიტინგული სია. ანალოგიურად შედგება სია მათთვის, ვინც ჩააბარა ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი და ცალ-ცალკე მათთვის, ვინც ჩააბარა აფხაზური ან ოსური ენები.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური