GE

როგორ შეუძლიათ მშობლებს პროფესიის არჩევაში დახმარება?

თავიდან სჯობს ბავშვის მიდრეკილებებზე ყურადღების გამახვილება. მაგალითად, თუ თქვენს ბავშვს აქვს მათემატიკური გონება, აუცილებლად უნდა გადახედოთ, რა სპეციალობები შეესაბამება ამ მიმართულებას – დაწყებული ეკონომისტიდან და სტატისტიკოსიდან დამთავრებული მარკეტოლოგისა და ანალიტიკოსის პროფესიით. შემდეგ გაეცანით, რით არიან დაკავებული ამ მიმართულებების სპეციალისტები.

ყველა მშობელი ღელავს იმაზე, რომ მათმა შვილმა, შესაძლოა აირჩიოს არამოთხოვნადი სპეციალობა, რაც ხელს შეუშლის შემდგომ დასაქმებაში… თუმცა, ავიწყდებათ, რომ ბავშვს შეუძლია აირჩიოს მოთხოვნადი პროფესია და მიუხედავად ამისა დასაქმებაში მაინც პრობლემები ჰქონდეს. სწავლის დასრულებისას, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი იმედგაცრუებული რჩება საკუთარი პროფესიული არჩევანით, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ რეალობას ადარებს, რომელიც მის გარშემოა. მშობლებს ეჩვენებათ, რომ შვილმა არამოთხოვნადი სპეციალობა აირჩია, მაგრამ იციან, რომ მას ეს მოსწონს და შეუძლია საკუთარი პოტენციალის გამოვლენა, ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ ამ პროფესიის არჩევის შემთხვევაში ის მიაღწევს პროფესიულ წარმატებებს, მარტივი მიზეზით – ის დაკავებული იქნება საყვარელი საქმიანობით.

არავის არ შეუძლია ზუსტად მომავლის პროგნოზირება. ჩვენ მხოლოდ მისი წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე მივიღებ კარგ განათლებას იურისპრუდენციაში, შემდეგ შევძლებ ამა თუ იმ კომპანიაში მუშაობას იურისტად, რისთვისაც აუცილებელია ვფლობდე კონკრეტულ ცოდნას. ამ სიტუაციაში, სწორედ მშობლებმა შეიძლება გააკეთონ ანალიზი იმის თუ რომელ კომპანიაში შეძლებს მუშაობას მათი შვილი და რა მოთხოვნებია ბაზარზე აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ გააგზავნონ ბავშვი დამატებით საკვალიფიკაციო კურსებზე, მოსთხოვონ განსაკუთრებით კარგად უცხო ენის ცოდნა, დამატებითი თეორიული ცოდნის თუ პრაქტიკული უნარების შეძენა. ყველაფერი ის, რაც აუცილებელია არჩეული სპეციალობით მუშაობისთვის. მარკეტოლოგისთვის, მაგალითად, გარდა თეორიული ცოდნისა, არსებობს უამრავი კურსი, პრაქტიკული სწავლებები, კონფერენციები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მარკეტინგის რეალური მაგალითების გაცნობა და შესწავლა. ასევე არსებობს, უამრავი სახის ლიტერატურა, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის წაკითხვა წარმატებული ქეისების შესახებ ამა თუ იმ მიმართულებაში.

მაგალითად, თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება პროგრამირებისკენ, მაშინ აქ საჭიროა სწორად იქნეს არჩეული ენა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებს საინტერესოდ და მარტივად მუშაობას. მაგრამ თუ ამ მიმართულებით ადამიანს მიდრეკილება არ აქვს და ის მაინც ამ პროფესიას ირჩევს, მხოლოდ იმიტომ, რომ პროგრამისტი ”მოთხოვნადი” პროფესიაა და თან მაღალანაზღაურებადი, მაშინ, ასეთი სტუდენტისგან კარგი პროგრამისტი სავარაუდოდ ვერ დადგება.

თუ ბავშვს კარგი კომუნიკაციური უნარები აქვს, წარმატების მიღწევას ნამდვილად შეძლებს. თუმცა ამას არავინ არ ასწავლის მას. მაგალითად, გაყიდვების მენეჯერი – ყოველთვის მოთხოვნადი სპეცილობაა. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად ფლობს თქვენი შვილი ამ კომუნიკაციურ უნარებს. თუ მას შეუძლია არგუმენტირებულად დაგარწმუნოთ, რომ არდადეგებზე ის დასასვენებლად უნდა გაუშვათ, მაგალითად – კვიპროსზე და არა სოფელში ბებიასთან, თქვენ უკვე შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად ეფექტური და წარმატებული იქნება ის გაყიდვებში და თამამად აირჩიოთ მოცემული მიმართულება. ხოლო თუ თქვენ ამ ყველაფრის პარალელურად ხედავთ, რომ ბავშვს ტექნიკური გონებაც აქვს, მაშინ თქვენს წინაშე 10 წლის შემდეგ იდგება კარგი კომერციული დირექტორი.

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა იმუშაოს საერთაშორისო კომპანიაში, მაშინ თქვენი ამოცანაა – გააკეთოთ ისე, რომ ის გაერკვეს, გაიგოს იმ კომპანიის სპეციფიკა, რომელშიც სავარაუდოდ იმუშავებს და კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უკვე უნივერსიტეტში სწავლის დროს შეიძინოს ის უნარები, რომლებიც მას მომავალი სამსახურისთვის დასჭირდება.

გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ძლიერი მხარეები, მისი სურვილი განვითარდეს ამა თუ იმ მიმართულებით და გაარკვიეთ სად შეიძლება ამ ყველაფრის მაქსიმალურად გამოყენება. ყველაფერთან ერთად შეაპარეთ ”სწორი” წიგნები, რაც გამოადგება.

შეიძლება ვურჩიოთ მშობლებს, რომ მე-3, მე-4 კურსიდან შვილს მიზნად დაუსახონ სამსახურის ძებნა?

მოცემულ სიტუაციაში, მშობლებს აქვთ სამი გზა:

1. მრავალი მშობელი ეუბნება შვილს: – ”რამდენიმე წელი გაქვს იმისათვის, რომ იცხოვრო, როგორც სტუდენტმა. კარგად ისწავლო, გაერთო. შენი ამოცანაა იყო სტუდენტი”. ამ ბავშვებს მომავალში ასევე იოლად შეუძლიათ სამსახურის პოვნაც და წარმატების მიღწევაც.

2. არსებობს სხვა გზა მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია ყველაფრის მოსინჯვა, ყველაფრის სწავლა და შემდეგ პრაქტიკაში ამის გამოცდა. ყოველთვის დიდი სურვილი აქვთ მოეწყონ პრაქტიკულ კურსებზე, სტაჟირებები გაიარონ და მიიღონ საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. კარიერის მოწყობისას მათ დამატებით ორი წელი ექნებათ, მათთის ადვილი იქნება ჩამოყალიბდნენ, უპირატესობა ექნებათ სამსახურში მოწყობისას და რაც მთავარია, ექნებათ პრაქტიკული ცოდნა.

3. არსებობს კიდევ მესამე კატეგორია სტუდენტებისა, რომლებმაც თავად გადაიხადონ სწავლის საფასური. აქ უკვე საუბარია არამხოლოდ სამუშაოზე, რომელიც არჩეული პროფესიის შესაბამისია, არამედ ზოგადად სამუშაოზე. რომელიც მისთვის აუცილებელია. მოცემულ სიტუაციაში კარგია, თუ სტუდენტი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს სამუშაო პროფესიული მიმართულებით. თუმცა არანაკლებ კარგია, რომ ის საერთოდ ცდილობს სამსახურის შოვნას. ასეთ ადამიანებს უყალიბდებათ ლიდერის თვისებები და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის გრძნობაც.

100%-იანი რეკომენდაციის მიცემა ამ საკიტხთან დაკავშირებით შეუძლებელია. არსებობს რიგი პროფესიები, რომლებისთვისაც უმჯობესია, რომ სწავლისა და მუშაობის შეთავსება არ მოხდეს. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება თავი შეიკავონ მშობლებმა და არ მოსთხოვონ შვილს სწავლის პერიოდში მუშაობის დაწყება – ეს არის სწავლაში გადახდილი ფული. უმჯობესია თქვენმა შვილმა მთლიანად სწავლას დაუთმოს ყურადღება, მშვიდად დაამთავროს სასწავლებელი, ხოლო შემდეგ დაიწყოს მუშაობა. არაფერი საშიში და ცუდი ამაში არ არის.

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური