GE

„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე დღეები რჩება. წელს აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე შევიდა ძალაში-აქამდე არსებული საგრანტო სისტემა გაუქმდა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო გახდა. კერძო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოსგან საგრანტო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

EDU.ARIS.GE გამოცდების წინ ქუთაისელი აბიტურიენტების აზრით დაინტერესდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, ქუთაისის საგამოცდო ცენტრში ბაღდათიდან უნდა ჩავიდეს ლიზი ფურცელაძე. ის სწავლის გაგრძელებას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს. მისი შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსება დადებითი ცვლილებაა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სისტემა იყოს სამართლიანი და ყველა აბიტურიენტს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. შესაბამის სამსახურს ვკითხავდი, რამდენად დაეხმარება ეს ცვლილება აბიტურიენტებს?

ჩემი აზრით, ცვლილებები კარგი იქნება, თუ მეტი ახალგაზრდისთვის შექმნის განათლების მიღების შესაძლებლობას. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსება დადებითი ცვლილებაა, რადგან ბევრ ახალგაზრდას აძლევს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას“, – გვითხრა ლიზიმ.

კითხვაზე, ცვლილებები საგრანტო დაფინანსების წესში, ართულებს თუ არა მათთვის არჩევანს, დავით ჭეიშვილი, აბიტურიენტი ქუთაისიდან, მიიჩნევს, რომ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსება ბევრ აბიტურიენტს მისცემს შესაძლებლობას, უმაღლესი განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, თუმცა ფიქრობს, რომ სახელმწიფო გრანტით კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებიც უნდა სარგებლობდნენ:

„ჩემთვის მთავარი არის, რომ სისტემა იყოს სამართლიანი და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს მოტივაცია, მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლოს. კერძო უნივერსიტეტებში გრანტების გაუქმება არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ამცირებს არჩევანის თავისუფლებას და აბიტურიენტებს ზღუდავს, რომ საკუთარი შედეგებით სასურველი უნივერსიტეტი აირჩიოს“.

საგრანტო ცვლილებების შესახებ ინფორმირებულია თეკლა ჯღამაძე, რომელიც სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.

ამბობს, რომ თავიდან სიახლის გაგებას ახლდა გარკვეული ღელვა, თუმცა ინფორმაციის მიღების შემდეგ, მისთვის საკითხი გარკვეულია. მიიჩნევს, რომ ცვლილებებს დაბნეულობა არ გამოუწვევია. კითხვაზე, ხომ არ ართულებს ცვლილებები პროცესს, პასუხობს – „გართულება, ალბათ, იმ კუთხით გამოიხატება, რომ ზოგ ფაკულტეტს მისაღები სტუდენტების რაოდენობა შეუმცირდა, რაც კონკურენციის ზრდას იწვევს, თუმცა ჯანსაღი კონკურენცია ხარისხიანი განათლებისთვის აუცილებელია.

ჩემი აზრით, ის, რომ გრანტი აღარ არის, პოტენციურად სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან უმაღლესი ქულების შემთხვევაში ისინი მაინც უფასოდ ისწავლიდნენ. ხოლო კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს [გრანტის გაუქმება], შეიძლება დამატებით ფინანსებს გულისხმობდეს, თუმცა მსგავსი შემთხვევებისთვის ესა თუ ის უნივერსიტეტი შიდა გრანტის საშუალებასაც იძლევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, რომ გრანტის გაუქმებას რადიკალური ცვლილებები არ გამოუწვევია“.

ამერიკის ოთხ უნივერსიტეტში ჩააბარა ქუთაისელმა ნია ხაჭაპურიძემ, მოიპოვა სოლიდური დაფინანსებაც და უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ნიუ-იორკში ისწავლის, თუმცა საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებასაც გეგმავს. ის ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის წესებს შორის დიდ სხვაობას პოულობს:

„ამერიკაში სტუდენტის ჩარიცხვა მხოლოდ ქულების მეშვეობით არ ფასდება, იქ ამასთანავე სხვადასხვა უნარსა და პიროვნულ განვითარებას ითხოვენ სტუდენტებისგან და რაც მეტად მრავალფეროვანია აბიტურიენტის რეზიუმე, მით მეტია მოთხოვნა. ვფიქრობ, რომ ეს მოდელი ძალიან კარგია, გამართლებულია და ვისურვებდი, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაინერგოს ჩვენს საგამოცდო და საგანმანათლებლო სივრცეში“.

რაც შეეხება საქართველოში წელს დანერგილ სიახლეს, ნია თვლის, რომ ეს დაეხმარება ფინანსური პრობლემების მქონე აბიტურიენტს, ისწავლოს უფასოდ.

„ეს ყველაფერი ზრდის კონკურენციას. ადგილები შემცირდა უნივერსიტეტებში, შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის ღირსი გახდება ის, ვინც ნამდვილად ძლიერია. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებში სწავლას, ცუდია დაფინანსების მოხსნა, მაგრამ ღირსეული სტუდენტი შეძლებს ისარგებლოს კერძო უნივერსიტეტის შიდა გრანტით. ამიტომ, ორიენტირი ყოველთვის უნდა იყოს სწავლაზე“, – ფიქრობს ნია ხაჭაპურიძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება, ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი #41, #23 და #17 საჯარო სკოლებშია გახსნილი.

ესაუბრა სალომე ჩუბინიძე

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური