GE

„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები სკოპიეში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, 22-26 ივნისს, ერასმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, სკოპიეს უნივერსიტეტის (ჩრ. მაკედონია) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, 25 ივნისს, სკოპიეს დამოუკიდებლობის ეროვნულ მუზეუმში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც კიბერუსაფრთხოების აქტუალურ გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციაზე მონაწილეებმა იმსჯელეს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციებზე და ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხებზე სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს.

„ევროპის უნივერსიტეტს“ ღონისძიებაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი – თინათინ ზაალიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი – ანა მარკოიძე წარმოადგენდნენ. საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, აკადემიური მობილობისა და ახალი პარტნიორული ინიციატივების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

პროგრამა, აკადემიური ღონისძიებების გარდა, მოიცავდა კულტურულ აქტივობებსაც, რომლებმაც მონაწილეებს ჩრ. მაკედონიის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და არაფორმალურ გარემოში პროფესიული კონტაქტების გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.

საერთაშორისო კვირეულში ათამდე ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში, გამოცდილების გაზიარებასა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური