GE

როგორ შეიცვალა უნივერსიტეტებში სადოქტორო პროგრამების მონაცემები – სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს სადოქტორო პროგრამებს 32 უნივერსიტეტი ახორციელებდა, რაც წინა წლის (2019) მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა. თუმცა შემცირდა აღნიშნულ უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა (20,6 პროცენტით) წინა წელთან შედარებით და 1 050 პირი შეადგინა. მცირედით გაიზარდა დოქტორანტების საერთო რიცხოვნობა (ძირითადად შეჩერებული სტატუსების აღდგენის შედეგად) და 4 010 პირი შეადგინა, რაც 0.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება სტატისტიკას პროგრამების მიხედვით, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის ზრდა ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამაზე დაფიქსირდა. 2020 წელს აღნიშნულ პროგრამაზე, როგორც მიღებულ დოქტორანტთა (109), ისე კურსდამთავრებულთა (47) უმეტესობა ქალია. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა შემცირდა და 347 პირი შეადგინა. თუმცა, ზრდა აღინიშნა განათლებისა და სოფლის მეურნეობის სადოქტორო პროგრამებზე.

2020 წელს კურსდამთავრებულ დოქტორანტთა საერთო რიცხოვნობიდან 57.1% ქალია, ხოლო 42.9% – კაცი.

„ზრდა აღინიშნა დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელების რიცხოვნობაში, რაც განპირობებულია დოქტორანტების რაოდენობის ზრდით. ამასთან, რიგ შემთხვევებში დოქტორანტს ჰყავს 2 ხელმძღვანელი: ქართველი და უცხოელი. 2020 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დოქტორანტთა საერთო რიცხოვნობიდან დიდი ნაწილი მოდის 35 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე“, – ვკითხულობთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური